ჩაის კულტურული მარშრუტი და ჩაის ტური საქართველოში
ჩაი უდიდესი კულტურისა და ტრადიციების მატარებელი პროდუქტია, რომლის მიმართაც ბევრ ქვეყანაში განსაკუთრებული გრძნობები და დამოკიდებულება აქვთ. მარშრუტი მოგვითხრობს საქართველოში ჩაის კულტურის ისტორიას.
ისტორიული წყაროების მიხედვით, საქართველოში ჩაი 1770 წელს გამოჩნდა, როდესაც ეკატერინე II-მ ერეკლე მეორეს სამოვარი და ჩაის ჭურჭელი აჩუქა. არსებობს ვარაუდი, რომ ჩაის პირველი ბუჩქი, დეკორატიული დანიშნულებით, თავად გურიელის ეზოში დაირგო 1809 წელს.
სამეურნეო დანიშნულებით ჩაის ბუჩქების გაშენება 1847 წელს დაიწყო, როდესაც აკლიმატიზაციის მიზნით, ოზურგეთში ჩაის ნერგები გადმოირგო. საქართველოში ჩაის სამრეწველო წარმოების ისტორია კი 1893 წლიდან იწყება, პლანტაციების გაშენება ალექსანდრე პოპოვმა დააფინანსა. ხოლო პლანტაციები, ჩინელი სპეციალისტის ლაო ჯინ ჯაოს დახმარებით მოაწყო
1900 წელს ქართულმა ჩაიმ პარიზის გამოფენაზე საუკეთესო ხარისხის აღიარების ჯილდო მიიღო. 1963 წელს საქართველოში შეიქმნა პირველი ჩაის საკრეფი ტრაქტორი, ხოლო საბჭოთა პერიოში საქართველო იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელი მსოფლიოში. 2015 წლიდან კვლავ დაიწყო ჩაის სექტორის განვითარება და მეჩაიეობის რეგიონებში გაჩნდა ახალი მწარმოებელები.
სხვა ქვეყნების ჩაისთან შედარებით ქართული ჩაის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ის ტანინებს მცირე რაოდენობით შეიცავს, ამიტომაც აქვს ასეთი ნაზი და რბილი გემო. სინაზის გამო ქართულ ჩაის ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს. ჩვენი ჩაის პლანტაციები შედარებით ჩრდილოეთით მდებარეობს, რაც მას განსხვავებულ თვისებებს ანიჭებს.
ევროპული კულტურული მარშრუტი გულისხმობს მარშრუტს, რომელიც კვეთს – ერთს ან რამოდენიმე ქვეყანას ან რეგიონს, რომელიც ორგანიზებულია ისეთი თემის გარშემო, რომლის ისტორიული, მხატვრული თუ სოციალური ინტერესი აშკარად ევროპულია.
კულტურული მარშრუტის ფარგლებში ჩაის ტურები ფარავს გურიის, სამეგრელოს, იმერეთის რეგიონებს, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და თბილისს. მარშრუტი გვიყვება საქართველოში ჩაის კულტურის განვითარების ისტორიასა და მის მნიშვნელობას, როგორც ადგილობრივ ასევე მსოფლიო ბაზარზე.
მარშრუტის მონაწილეები არიან: ქართული ჩაის მწარმოებელი კომპანიები,ასოციაციები, ჩაის სახლები და მუზეუმები, რომლებიც ვიზიტორებს მოუყვებიან საკუთარ ისტორიებს და გარკვეულ სერვისებს შესთავაზებენ: ჩაის რამდენიმე სახეობის დეგუსტაცია, ისტორიული ექსკურსი, კრეფა-გადამუშავების პროცესის გაცნობა და ა.შ.
ბენეფიციარები უნდა აკმაყოფილებდნენ გარკვეულ პირობებსაც: პირველ რიგში უნდა ჰქონდეთ ამბავი, რომელიც მათ სხვებისაგან გამოარჩევთ, (შექმენი და გაყიდე შენი ამბავი), “ფერმიდან სუფრამდე" კონცეფცია, ანუ დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ ჩაის მწარმოებელი კომპანიების მონახულება და წარმოების ადგილზე დეგუსტაცია, რაშიც მათ ჩაის ქვეყანა-ს საიტი www.tea-country.com/ka დაეხმარებათ, ასევე უნდა დანერგონ წარმოების საერთაშორისო სტანდარტები, აიღონ სოციალური პასუხისმგებლობა, ჰქონდეთ წარმოების სერთიფიკატი და სათანადო ინფრასტრუქტურა ვიზიტორებისთვის.
აღმოაჩინე ჩაით დახატული საქართველო!
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დაწერეთ კომენტარი