საქართველო გამოირჩევა ექსტრემალური სპორტის სახეობების მრავალფეროვნებით. თქვენ შეგიძლიათ დაკავდეთ როგორც სამთო, ისე საზღვაოსნო, სამდინარო და საჰაერო სათავგადასავლო სპორტის სახეობებით. ქართული ბუნებისა და შესაძლებლობების მრავალფეროვნება საშუალებას იძლევა ადამიანმა ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოსცადოს ადრენალინის მომნიჭებელი ექსტრიმი.
ქვემოთ მოცემულია ის ექსტრემალური სპორტის სახეობები, რომლითაც შეგიძლიათ საქართველოში დაკავდეთ.
ალპინიზმი
საქართველოში ალპინიზმს მრავალწლოვანი ისტორია აქვს. მისი ძირითადი მიზანია მთების მწვერვალებზე ასვლა. სპორტის ამ სახეობას მისდევენ როგორც პროფესიონალურ დონეზე, ისე სამოყვარულოზე. ამ სპორტის განვითარებას ხელი შეუწყო საქართველოს ბუნებრივმა რელიეფმა, კერძოდ, კავკასიონის ქედის მწვერვალებზე მიღწევის სურვილმა. ამ მხრივ ყველაზე პოპულარული ტურისტებს შორის მყინვარწვერი, უშბა, თეთნულდი და სხვა მწვერვალები. მიუხედავად იმისა, რომ იგი მეტად რისკის შემცველი სპორტის სახეობაა, მისით დაკავება გულგრილს არავის ტოვებს.
საცხენოსნო ტურები
საქართველოს მთიანი ზონა გამოირჩევა საცხენოსნო ტურებით. იქ, სადაც ვერ აღწევს ავტომობილები, შეუძლიათ მიგიყვანონ ცხენებმა. მსგავს ტურებს მრავლად შეხვდებით საქართველოს თითქმის ყველა მთიან კუთხეში - ეროვნულ პარკებში, ხეობებში ან მანქანისთვის მიუვალ ადგილებში.
ექსტრემალური გზები
როგორც წესი, ყველა ქვეყანაში შევხვდებით ექსტრემალურ გზებს, მაგრამ საქართველოში მდებარეობს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ და რისკიან გზად მიჩნეული თუშეთის გზა, რომელიც მრავლად იზიდავს ტურისტებს. იგი დაახლოებით 85 კმ სიგრძისაა და ომალოში მთავრდება. გზის მდგომარეობა ხშირად არაა სახარბიელო, ხშირად გზა იკეტება. თუ თქვენ ამ მარშრუტს დაადგებით, სწორად უნდა შეარჩიოთ ავტომობილი, რომელსაც შეეძლება ასეთ რთულ პირობებში თქვენი უსაფრთხოდ გადაყვანა. მგზავრობის დრომ შეიძლება 12 საათამდეც კი წაიღოს, ასე რომ, მოემზადეთ საკმაოდ დამღლელი და რთული მგზავრობისთვის.
სათხილამურო სპორტი
საქართველოში მრავლადაა სამთო-სათხილამურო სპორტული სახეობები. თუკი ზამთარში ეწვევით ყველასთვის ცნობილ და პოპულარულ სამთო კურორტებს - გუდაურსა და ბაკურიანს, შეგეძლებათ დაკავდეთ თხილამურებით სრიალით. ამ კურორტებზე თხილამურობისთვის შესაბამისი ტრასები და ინფრასტრუქტურაა გამოყოფილი.
აგრეთვე დიდი ხანი არაა, რაც მოყვარულები ინტერესდებიან სნოუბორდით. იგი თხილამურით სრიალზე უფრო იოლია, მაგრამ სჭირდება რამდენიმე დღე ასათვისებლად. ასევე საინტერესოა ის, რომ სნოუბორდით სრიალს ქვესახეობებიც აქვს, რაც უფრო მიმზიდველს ხდის სპორტის ამ სახეობას.
ზიპლაინი
ზიპლაინი საქართველოში სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება. ესაა გაჭიმული ფოლადის კაბელი ორ წერტილს შორის, რომელზეც მოძრაობს ე.წ. როლერი და ერთი წერტილიდან მეორეში გადაჰყავხართ. ზიპლაინს შეხვდებით როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. მისი ფასი დამოკიდებულია ადგილმდებარეობასა და ზიპლაინის სიგრძეზე, მერყეობს 50-100 ლარის ფარგლებში.
ველოტური
ველოსიპედით სეირნობა ჯანსაღი ცხოვრების წესის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. საქართველოში იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ველოტურებს გეგმავს ექსტრემალურ მარშრუტზე. ეწყობა როგორც დაორგანიზებული, ისე სამოყვარულო ველო ტურები მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს სპორტის სახეობა იძლევა საშუალებას, რომ თქვენს მეგობრებთან ერთად აირჩიოთ რთული ან იოლი მარშრუტი და მოიწყოთ დაუვიწყარი თავგადასავალი.
პარაშუტით ხტომა
სპორტის ეს სახეობა დიდი ხანი არაა რაც საქართველოში არსებობს. იგი გულისხმობს თვითმფრინავიდან ნახტომს და პარაშუტის გაშვების შემდგომ მიწაზე მშვიდობიანად დაშვებას. პარაშუტით ხტომა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, თუმცა თუ ექსტრემალური გამოცდილება თქვენთვის პრიორიტეტულია, პარაშუტით ხტომა საკმარის ადრენალინს ნამდვილად გამოგიმუშავებთ.
პარაპლანით ფრენა
პარაპლანით ფრენა იგივე პარაგლაიდინგი ასევე უხვად მოგანიჭებთ ჰაერში ფრენის გასაოცარ განცდებს. სპორტის ამ სახეობას საქართველოში დიდხნიანი ისტორია აქვს. საქართველოში არსებობს პარაგლაიდინგის ფედერაციაც, რომელიც გთავაზობთ სპეციალურ ფრენებს. პარაპლანით ფრენა საქართველოში რამდენიმე ლოკაციაზეა შესაძლებელი, მათ შორის, თბილისის ზღვაზე, სიღნაღში და სხვა.
საჰაერო ბურთი
თუ არ გეშინიათ სიმაღლის, მაშინ საჰაერო ბუშტით 150 მეტრიდან პანორამული ხედებით ტკბობა დაუვიწყარი გამოცდილება იქნება. იგი საქართველოში ჯერჯერობით მხოლოდ თბილისშია წარმოდგენილი, თუმცა მსურველთა რაოდენობა არასდროს კლებულობს. ფრენა მხოლოდ 15 წუთს გრძელდება, მაგრამ ყველა მსურველში აღძრავს დაუვიწყარ ემოციებს.
ჯომარდობა
საწყლოსნო ექსტრემალური სპორტის სახეობებიდან საქართველოში სულ უფრო პოპულარული ხდება ჯომარდობა. ამას ხელს უწყობს საქართველოში მდინარეების სიუხვე. აქ ჯომარდობა შესაძლებელია არაგვზე, მტკვარზე, რიონსა და აჭარისწყალზე. ჯომარდობას გააჩნია სირთულეების მიხედვით კატეგორიები, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება ცურვის ტიპი. იგი საზაფხულო აქტივობაა და ხორციელდება სპეციალური ინსტრუქტორის დახმარებით.
პარასეილინგი
პარასეილინგი რეკრეაციული სპორტის სახეობაა, როდესაც საწყლოსნო ტრანსპორტის რომელიმე სახეობას უკან ჩაებმება პარაშუტი ან ფრანი და ასე იქნება შესაძლებელი ექსტრემალური გამოცდილების მიღება. პარასეილინგით დაკავება შეგიძლიათ როგორც თბილისის ზღვაზე, ისე ბათუმში. ეს ზემოთ ჩამოთვლილი სხვა სახეობებისგან შედარებით უფრო ნაკლებ რისკს შეიცავს, თუმცა თქვენი დროის სასიამოვნოდ გატარებას ნამდვილად უზრუნველყოფს.
ავტორბოლა
სპორტის ეს სახეობა სტატიაში ნახსენები სხვა სახეობებისგან რადიკალურად განსხვავებულია. იგი განსაკუთრებით მოსწონთ ავტომანქანებით დაინტერესებულ ტურისტებს ან ადგილობრივებს, რომლებიც ცდილობენ თავი განსხვავებული სპორტით შეიქციონ. თუ დაგაინტერესებთ ეს სპორტი სამოყვარულო დონეზე, შეგიძლიათ რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომს ეწვიოთ. იგი ნებისმიერ სეზონზე იზიდავს ექსტრემალური სპორტის მსურველებს.
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დაწერეთ კომენტარი