თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
ლამპრობა (სვანურად „ლიმპჲარი“) სვანეთში წმინდა გიორგისადმი მიძღვნილი ადრესაგაზაფხულო, ხალხური დღეობაა და ყოველწლიურად სამჯერ ტარდება.
ყველაზე გავრცელებული თქმულებით, ის სვანეთში მეომრების რიცხვის დასადგენად იმართებოდა. ანთებული ლამპრების მიხედვით ადგენდნენ რამდენი მეომრის გამოყვანა შეეძლოთ სვანებს საჭიროების შემთხვევაში. სხვა ვერსიითა და თავისი შინაარსით ძველი მიწათმოქმედ ხალხთა ტიპობრივი დღესასწაულია: ბუნების გაღვიძების, მზის ცხოველმყოფელობისა და გაზაფხულის დროზე დადგომის შესათხოვად ზამთარში კოცონს ანთებდნენ. მესამე ვერსიით კი - ლამპრებს თავიანთი მიცვალებულებისთვის ანთებდნენ და ამით გარდაცვლილ წინაპრებს სულს უთბობდნენ.
როგორ აღინიშნება ლამპრობა?
ძველ დროში ლამპრობის დღესასწაული, ძირითადად, 1 თებერვალს იმართებოდა. თუმცა ახლა მოძრავი დღესასწაულია. მისი ჩატარების დრო ახალ მთვარეზეა დამოკიდებული და თითქმის ყოველთვის თებერვლის შუა რიცხვებს ემთხვევა. ლამპრობის მიზანი მოსავლიანობის, საქონლის, ადამიანის გამრავლებისა და კარგი ამინდის გამოთხოვა იყო. ქვემო სვანეთში ლამპარიგამხმარი მუხის, არყის ან წიფლის ხეების ტოტებისგან მზადდებოდა და ყოველი ოჯახი თითო ლამპარს ოჯახის წევრი მამაკაცების მშვიდობიანობისთვის ანთებდა. ანთებული ლამპრების რაოდენობა ოჯახის სულადობით განისაზღვრებოდა. გადმოცემის თანახმად, ქრისტეს ავაზაკები დაედევნენ, არყის ხემ კი ტოტები ჩამოუშვა და დაიფარა. ქრისტემ აღუთქვა ხეს, რომ მას ადამიანის სულის მოსახსენიებლად გამოიყენებდნენ. ამიტომაც ამზადებენ ლამპარს არყის ტოტებისგან.
ზემო სვანეთში ლამპრობას "სვომონობასაც" ეძახდნენ, რომელიც კვირიას ციკლის ადრესაგაზაფხულო დღესასწაულებში შედიოდა და სვანური ვარიანტის - ბერიკაობა-ზეენობის - მსგავსად იმართებოდა: ირჩევდნენ "კეისარს", მის "ცოლებსა" და "ვეზირებს". მესტიის რაიონის სოფელ ლახირის მთავარანგელოზის ეკლესიაში მიჰქონდათ რიტუალური კვერები, იმართებოდა ზედაშეს რიტუალური სმა. ეკლესიიდან ხალხი "მესვიმნიშის" ოჯახში მოდიოდა, ე. ი. იმასთან, ვინც სვიმონობას იხდიდა და რიგით თემის მასპინძელიც იყო. მღეროდნენ სადიდებელ ჰიმნებს, კერას უვლიდნენ ანთებული სანთლებით, რომლებსაც შემდეგ საქონლის სადგომის ტიხარზე აკრავდნენ. იმართებოდა ჭიდაობა, გუნდაობა, ფერხული "ლამპრული". მეორე დღეს წმინდა გიორგისა და წმინდა მარიამის ლამპრობა, უფრო მოგვიანებით კი ცის ლამპრობა იმართებოდა. ერთი კონა წმინდა მარიამის სახელზე იყო დათქმული, მეორე წმინდა გიორგის და მესამე ცის საკეთილდღეოდ. მარიამს სვანები მოსავლიანობის მფარველ ღვთაებად მიიჩნევენ.
ახლაც, სასაფლაოზე უმეტესად თებერვალში ლამპრების დასანთებად შებინდებულზე გამოდიან. ლამპარი ინთება საფლავზე, ეკლესიის მახლობლადაც. ხის ნაჭრების კონა, რომელიც გარდაცვლილი ახლობლების საფლავზე მიაქვთ, არყის ხის ტოტებისგან მზადდება. საერთო კოცონში კონას კონა ემატება და წმინდა გიორგის სახელზე ლოცულობენ შემდეგ კი ზეიმობენ. ივანე ჯავახიშვილს ეს რიტუალი ასე აქვს აღწერილი:
„მეკერმისა და ფარისევლის კვირას, წირვის დროს, რამდენიმე სოფლის მცხოვრებნი დიდით-პატარამდის წმიდა გიორგის საყდარში მიდიან. ყველას ხელში ანთებული არყის ხის ტოტები უჭირავს. ეკლესიასთან რომ მივლენ, ანთებულ ხეებს ერთი-ერთმანეთზე სდებენ და დიდ ცეცხლს გააჩენენ ხოლმე. მერე ხალხი „დიდებ“-ის ლოცვას და გალობას დაიწყებს. დიდებას მორჩება თუ არა, ხალხი სიმღერით შინ ბრუნდება და ორშაბათ დღემდის სიმღერა-თამაშობაში გაათენებს ხოლმე. ამ დღეობას სვანები „ლიმპჲარი“-ს უძახიან და ქართულს ლამპრობას უდრის“.
დღესდღეობით, სვანეთში "იმპროვიზირებული ლამპრობა" ტურისტებისთვისაც აღინიშნება და სამთო-სათხილამურო კურორტის პოპულარიზაციას ემსახურება. წარმოდგენილია ადგილობრივი ტრადიციების მიხედვით გაფორმებული სუფრა და სახალხო ანსამბლის კონცერტი. ღონისძიება გაჩირაღდნებული ლამპრების, სვანური ფერხულისა და ტრადიციული გამასპინძლების თანხლებით იმართება. თუმცა გამონაკლისის სახით, კოვიდის ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, გასულ წელს, ლამპრობამ ტურისტი სტუმრების გარეშე ჩაიარა.
ლამპრობა ზოგადად მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. ანთებული ლამპრებით ლიტანიობა თავიდან მთელი ქრისტიანული სამყაროსთვის იყო დამახასიათებელი. რაც შეეხება მიცვალებულთა საფლავებზე ლამპრების დანთებას, ეს ადგილობრივი ტრადიციაა. ლამპრობის შესახებ პირველი ცნობები „ქართლის ცხოვრებაშია“ აღწერილი. ივანე ჯავახიშვილის „ქართველი ერის ისტორიის“ თანახმად კი, ლამპრობა მთელ საქართველოში, სხვა კუთხეებშიც ტარდებოდა, განსაკუთრებით მთაში, მაგრამ დროთა განმავლობაში მხოლოდ აქ შემორჩა.
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დაწერეთ კომენტარი