შიდა ქართლში, ქვათახევის მახლობლად თუ არა-არც თუ ისე შორს მდებარეობს თავკავთა, ადგილი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ. მოჟამული ამინდი იყო, 07:30-ზე დაყენებულმა მაღვიძარამაც ძლივს გამაღვიძა, წამიერად ისიც ვინატრე, -ნეტავ სიცხე მქონდეს და წასვლა ვერ შევძლო...(!) თუმცა მხოლოდ წამიერად… პირველად უნდა მიმეღო ლაშქრობაში მონაწილეობა.  ნათქვამია, რომ პირველი ყველაფერი განსაკუთრებულია. ჰოდა ამჯერადაც გაამართლა: ამ დღიდან თავკვთა ჩემი პირველი სიყვარული გახდა (ლაშქრობის ისტორიაში). მოკლედ, ქვათახევთან გაჩერებულ სასკოლო ექსკურსიების რემას ჩავუარეთ და შორიახლოს მივადექით პაწაწინა სალოცავს. წახემსების შემდგომ კი დაიწყო ნამდვილი თავგადასავალი. 3 გიდი წინ მიგვიძღვებოდა, 1 ჩამკეტი გიდი- უკან. პატარა მდინარის ქვებზე ხტუნვა-ხტუნვით გადავედით და ავუყევით აღმართს, რომლის წვერიდანაც დამანახეს ის მთები, რომლებიც უნდა დაგველაშქრა. პირველი შთაბეჭდილება იყო -”სერიოზულად?" ჩემი "-2,75" მხედველობიდან გამომდინარე, სათვალე მოვიხსენი, გავწმინდე და ისევ გავიკეთე, თან რამდენჯერმე გადავამოწმე რომელ მთაზე იყო საუბარი. ჯერჯერობით მეშინოდა. დავიწყეთ სიარული ულამაზეს, ხშირი და წვრილი ხეებით დაფარულ ტყეში, სადაც უწვრილესი ბილიკი მიგვიძღვებოდა წინ.

თავკავთა  

რაც უფრ შორს მივდიოდით, მით უფრო ძლიერდებოდა ხმა- ეს ის ბობოქარი მდინარე იყო, რომელშიც უნდა გავსულიყავით… (თუკი იქამდე ჩავიდოდით!) საქმე იმაშია, რომ ტყის გავლის შემდგომ ციცაბო კლდეს მივადექით, სადაც ჩასვლა ჩემთვის თვითმკვლელობის ტოლფასი იყო (ერთი შეხედვით). თუმცა, მთავარი გიდები -უჩა და ნათია ფსიქოლოგიურად ისე დამაწყნარებელივით მოქმედებდნენ ჩემზე, დავუჯერე, რომ ადამიანის შესაძლებლობებს მხოლოდ შიში უშლის ხელს და თამამად დავეშვი… დახმარება დამჭირდა რაღა თქმა უნდა, სამაგიეროდ გული სიამაყით ამევსო, როდესაც გამოვლილ “გზას” თვალი შევავლე. მერე ისევ ტყე დაიწყო, მივდიოდით მხნედ, გზის ზოგ მონაკვეთში გვციოდა (ყოველი შემთხვევისთვის, მე მციოდა), ზოგან პირიქით- მოსაცმელებს ვიხდიდით. როგორც იქნა “იმ მდინარესთან” მივედით. (ერთადერთი, რაც ამ ადგილის შესახებ წინასწარ ვიცოდი, იყო ის, რომ დიდ, ჩქარ და ცივ მდინარეში უნდა გავსულიყავით, ოღონდ როგორ- ამაზე წარმოდგენაც არ მქონდა). ჩვენი ერთ-ერთი გიდი- ნიკა საოცარი სისწრაფით მდინარეში ამოშვერილი უზარმაზარი ლოდის დახმარებით მეორე ნაპირზე გადახტა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, და ჩემი მოლოდინი, რომ წყალი წაიღებდა - საბედნიეროდ არ გაამართლა.

თავკავთა 

უჩამ კი ერთ-ერთ ხეზე ზიპ-ლაინის თოკი დაახვია და თავადაც მეორე ნაპირზე გადავიდა. დაუვიწყარი შთაბეჭდილებები მივიღეთ, როდესაც რიგ-რიგობით ვეშვებოდით ბობოქარი მდინარის თავზე გაჭიმული ზიპ-ლაინის საშუალებით. (გულიც კი დამწყდა, საკმაოდ მოკლე მანძილი იყო ამ სიამოვნებისთვის). ასე რომ, მშვიდობიანი და სასიამოვნო “სრიალის” შემდგომ კვლავ გზას დავადექით, წინ ყველაზე დიდი დაბრკოლება გველოდა, ჯერ ხავსით დაფარულ კლდეზე ასვლა, რომელზეც ფეხსაცმლიდან დაწყებული თითებით დამთავრებული, ყველაფერი სრიალებდა, და შემდგომ ამ კლდის შემოვლით- ჩანჩქერთან დაშვება. მე, როგორც გამოუცდელს, საცოცი თოკებით "დამატარებდნენ", რომლის “‘დამუღამებაც’ უნდა ვაღიარო გამიჭირდა, ან საერთოდ არ გამომივიდა. მოკლედ, დიდი წვალების შემდგომ, როგორც იქნა უჩას დახმარებით ჩავბობღდი კლდეზე და სულიც მოვითქვი… ჩანჩქერი ძალიან ახლოს იყო. ამაზე მეტყველებდა ხმაური და მდინარის გაძლიერებული სიჩქარე. თავი ტომბ რაიდერის პერსონაჟი ლარა კროფტი მეგონა, დაკარგულ სამყაროში. კლდე-კლდე სიარულით მივადექით კიდევ ერთ მდინარეს, მოგვიწია მდინარეზე გადასვლა, ამჯერად, ზიპ-ლაინის გაბმა ვეღარ მოხერხდა და ჩვენი “ექსპედიციის” რაინდებმა ე.წ. სუსტი სქესის წარმომადგენლები (თუმცა იმ დღეს წარმოჩენილი შესაძლებლობების შემხედვარე ვერ ვიტყვი რომ სუსტები ვართ) ზურგზე მოგვისვეს და მედგრად დახვდნენ ბობოქარ მდინარეს. და ასე, მარშრუტის დაწყებიდან 3 საათში მივადექით დანიშნულების ადგილს. ჩვენს წინ იყო ჩანჩქერი, ვერ ვიტყვი რომ ძალიან დიდი, თუმცა საკმაოდ საშიში. მის ყურებასა და მოსმენას კი არაფერი სჯობდა. ჩანჩქერის წინ ორი უზარმაზარი ლოდი იყო “აღმართული”, რომლებზეც უჩა და ნიკა მარდად ახტნენ, თუმცა ეს რა მოსატანია იმასთან, რაც შემდგომ გააკეთეს- ჩანჩქერის მიმდებარე კლდის წვერზე აცოცდნენ და იქიდან თოკებით დაეშვნენ. მათი ყურებაც კი ადრენალინს იწვევდა ჩემში, იმედია ოდესმე მეც გავბედავ მსგავს რამეს.

თავკავთა ჩანჩქერი 

რეალურად კიდევ 2 ჩანჩქერი უნდა გვენახა, რომელთაგან ერთ-ერთი ძალიან დიდია, თუმცა ცუდი ამინდისა და გამოუცდელი წევრების დანდობის მიზნით, გადაწყვიტეს უკან დაბრუნება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი მოგზაურობა დამთავრდა. ახლა, რახან დრო ჯერ კიდევ გვქონდა, ერთ-ერთი უძველესი და შეიძლება ითქვას, მისტიური ეკლესიის მონახულება დავგეგმეთ, რომელიც “იქვე გზაზე იყო“. სხვა საოცარ გამოცდილებებთან ერთად თავკავთას ლაშქრობამ მასწავლა, რომ გიდები დროს განსხვავებულად აღიქვამენ, და რომ “მალე მივალთ” სინამდვილეში სულ მცირე 2 საათით სიარულს ნიშნავს. მაგრამ დამიჯერეთ, ასეთ საოცარ გარემოში სიარულის არც ერთი წამი დაკარგული არ არის, არც ერთი წამი არ ფიქრობ იმაზე, თუ რა ხდება “გარე სამყაროში”, ვერ ამჩნევ, რომ თურმე ტელეფონი არ იჭერს და იქ ყველა გეძებს, არ ნერვიულობ იმაზე, რომ უპასუხო მონაწერებისა თუ დანარეკების გამო შენი მეგობრები თუ ოჯახის წევრები ნერვიულობენ, ასეთ გარემოში შეუძლებელია იფიქრო სხვა რამეზე, გარდა იმისა, რაც შენს თვალწინაა: გასაოცარი სილამაზის ბუნება, ტყის სურნელი, მდინარისა და ჩანჩქერის გრიალი და განცდა სიახლის, ეგზოტიკურის, იმის, რომ ყოველ ნაბიჯზე ახალი აღმოჩენა გელის. ასე რომ, ათასი თავბრუდამხვევი, ყვავილებსა და ბალახებში თითქმის ჩაკარგული ბილიკის გავლის შემდგომ მივადექით ორ კლდეს შორის გადებულ გრძელი, წაქცეული წეებისგან გაკეთებულ ხიდს, რომლის ქვეშაც მდინარე ღმუოდა… 

თავკავთა

აქედან კიდევ ბევრი აღმართის, მიხვეულ-მოხვეული ბილიკის გავლის შემგომ კი ჩვენს წინ აღიმართა გალავნის ნარჩენი, რომლიც მიგვანიშნებდა, რომ მთის წვერთან ვიყავით, იქ, სადაც მისტიური ლეგენდების მატარებელი უძველესი, წმ. გიორგის სახელობის ეკლესია უნდა ყოფილიყო (ერთ დროს თავდაცვითი დანიშნულებაც ჰქონია). ეკლესია გარედან დამწვარს ჰგავდა, თითქმის შემზარავი იყო გროვა პატარა ძვლებისა, (როგორც ამბობენ, ძველად აქ ბავშვები დაწვეს) და იქვე დატოვებული ხის აკვანი… აქ უშვილო წყვილები ამოდიან მოსალოცად, და მათი სურვილიც ხდება ხოლმე… მეორე კუთხეში დიდი ქვევრი იდო… თაღოვანი სარკმლებიდან კი მზის სხივები უცნაურად ეშვებოდნენ ეკლესიის შუაგულში.

თავკავთა წმ.გიორგის ეკლესია

თუმცა ამ მთის “სანახაობას” მხოლოდ ეკლესია როდი წარმოადგენს. მის უკან პატარა ბორცვი იყო, რომელიც მთელს ამ მოგზაურობად ღირდა. რა არის იმაზე კარგი, იჯდე და  ზემოდან გაჰყურებდე გასაოცარ ბუნებას, ერთმანეთზე მიხუტებულ მთებს, ჩამავალი მზის სხივები რომ ელამუნებათ, შენ კი ზიხარ(ან წევხარ, გააჩნია გაბედულების ხარისხს) და თბები, საოცარ სიმშვიდეს გრძნობ და ხვდები, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ცხოვრება მშვენიერია, რომ თუნდაც მხოლოდ ამ ხედის ნახვად ღირდა ცხოვრება. თავკავა ჩემი ცხოვრების შთაგონებად იქცა, ამ დღის განცდებმა მიჩვენა გზა ბედნიერებისკენ, რომელსაც აქამდე არასწორი მიმართულებით ვეძებდი, სხვისი სიტყვები არაფერია იმასთან, როდესაც ლაშქრობის ბედნიერებით აივსები და ამ ყველაფერს გამოცდი. წამოსვლისას, თითქოს ყოველი ხე უფრო ნაცნობი გახდა ჩემთვის, თითქოს აქ მთელი წელი დავყავი და ბილიკებიც შევისწავლე, სითამამეც მომემატა და უფრო მხნედაც მივაბიჯებდი. მადა ჭამაში მოდისო, ჰოდა მეც ლაშრობების მადა გამეხსნა და ასე აფრთიანებული და ახალი იმედებით სავსე დავბრუნდი სახლში, იმ სახლში, რომელიც ცხოვრებაში პირველად -არ მომენატრა.თავკავთა ხედი