აბაშის მუნიციპალიტეტი სამეგრელოში მდებარეობს. იგი უძველესი ისტორიითა და ბუნების სილამაზით გამოირჩევა. აბაშაში ადამიანის ცხოვრების კვალი უძველესი დროიდან იწყება, აქ გამოვლენილია მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალა და ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარები. რაიონის ტერიტორია შუა საუკუნეებში ჯერ მოხირისში, შემდეგ სამოქალაქოში შედიოდა. XV საუკუნის 70-იან წლებში მისი დიდი ნაწილი უშუალოდ სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროში შევიდა, გარკვეული ტერიტორია კი საჭილაოს ეკუთვნოდა. 1613 წლიდან საჭილაოს სამეგრელოსა და იმერეთს შორის სადავო სოფლები სამეგრელოს სამთავროს მიუერთდა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მრავალი საინტერესო შუა საუკუნეების კულტურულ-ისტორიული ძეგლია შემორჩენილი, რაც კულტურის მაღალ დონეზე მიუთითებს. აბაშა დღესდღეობით განვითარებული რაიონია, აქ ფუნქციონირებს თეატრი, მუზეუმი, ბიბლიოთეკები და სხვა კულტურულ საგანმანათლებლო დაწესებულებები. მუნიციპალიტეტში არის მცირე სამშენებლო და სასურსათო საწარმოები, ჩაის ფაბრიკა. რაიონში განვითარებულია სოფლის მეურნეობა, მისდევენ მიწათმოქმედებასა და მეცხოველეობას. მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლები და ლამაზი ბუნება მუნიციპალიტეტის დიდ ტურისტულ პოტენციალს განაპირობებს და მრავალ მოგზაურობის მოყვარულს იზიდავს.
გეოგრაფია
აბაშის მუნიციპალიტეტი სამეგრელოში მდებარეობს, კოლხეთის დაბლობზე. იგი ზღვის დონიდან 20-50 მეტრის სიმაღლეზეა განლაგებული. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი აბაშა. რაიონს ჩრდილოეთიდან მარტვილის მუნიციპალიტეტი ესაზღვრება, აღმოსავლეთით - სამტრედია და ხონი, სამხრეთით - სამტრედია და ლანჩხუთი, დასავლეთით კი - სენაკი. აბაშა 16 ადმინისტრაციულ ერთეულს მოიცავს, ესენია: ქალაქი აბაშა, გეზათი, ზანათი, კეთილარი, მარანი, ნაესაკოვო, ნორიო, ონტოფო, პირველი მაისი, სამიქაო, სეფიეთი, სუჯუნა, ტყვირი, ქოლობარი, ძველი აბაშა და წყემი. რაიონის ტერიტორიაზე ხშირი ჰიდროგრაფიული ქსელია, აქ მოედინება მდინარეები: რიონი, ცხენისწყალი და აბაშა, ასევე მცირე მდინარეები: ნოღელა, კოვზა და ზანა. მუნიციპალიტეტის უმაღლესი ადგილი სოფელ სეფიეთის მიდამოებში მდებარეობს. აბაშაში გავრცელებულია კოლხური ტიპის მცენარეული საფარი, აქ გვხვდება: მურყანი, ჭალის მუხა, წიფელი, თელა, თუთა, პანტა და სხვა. რაიონი ფაუნის მრავალფეროვნებით ხასიათდება, გავრცელებულია: მელა, მაჩვი, წავი, ტურა, კურდღელი და ა.შ, მრავლადაა მწყერი, ყვავი, ჩხიკვი, გუგული და სხვა.
აბაშის მუნიციპალიტეტში ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა. საშუალო წლიური ტემპერატურაა 14 °C, იანვრის საშუალო ტემპერატურაა 4.9 °C, ივლისისა კი - 22.9 °C.
რა ვნახოთ
აბაშის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა კულტურულ-ისტორიული ძეგლების სიმრავლითა და ბუნების სილამაზით. რაიონის ტერიტორია ვაკე-დაბლობია, აქ არ არის მაღალი მთები ან დიდი ჩანჩქერები, თუმცა ბუნებაში ხეტიალის მოყვარულები ნამდვილად იპოვნიან მიმზიდველ ადგილებს მოგზაურობისთვის და თავგადასავლებისთვის. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს წყემის ნაკრძალი და კაცობურის აღკვეთილი, სადაც ნათელი ჭალის ტყეებით და ულამაზესი ყვავილოვანი მინდვრებით დატკბობას შეძლებთ. რაიონი მიმზიდველია კულტურით დაინტერესებულთათვისაც, აქ მრავალი უძველესი ძეგლი მონახულებას შეძლებთ. აბაშაში შეგიძლიათ მოინახულოთ: სეფიეთის მთავარანგელოზის ეკლესია, კადარის ეკლესია, მაჩხომერის ციხე, ტყვირის ეკლესია, ყურუმულიას ციხე, სუჯუნის ეკლესია და სხვა. რაიონში მდებარეობს ასევე ქართველი მწერლის - კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი.
ბუნება
კულტურული ძეგლები
ყველა ადგილის სანახავად დააჭირეთ აქ
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა