ბოლნისის მუიციპალიტეტი ქვემო ქართლის მხარეში მდებარეობს. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადამიანის ცხოვრების კვალი უძველესი დროიდან, ქვის ხანიდან იწყება, რასაც ამ პერიოდის ნამოსახლარებიც ადასტურებს. ერთ-ერთი კარგად ცნობილი და მნიშვნელოვანი ნამოსახლარია არუხლოს გორა, სადაც ალიზით ნაგები მრგვალი შენობები, ქვის ქანდაკებები, ჭურჭელი, ქვის იარაღები და სხვა არტეფაქტები გამოვლინდა. ბოლნისში ასევე გვხვდება ბრინჯაოს ხანის ყორღანები, მეგალითური ნაგებობების ნაშთები და ანტიკური პერიოდის სამაროვნები, რაც ცხადყოფს, რომ ეს მიდამოები ფაქტობრივად უწყვეტად იყო დასახლებული. თავად სახელწოდება ბოლნისი სიტყვა “ბოვისგან” წარმოდგება, რაც სულხან-საბას მიხედვით მადანს ნიშნავს - „ბოვი არს სადა ოქრო, ვერცხლი, სპილენძი და მისთანანი, ითხრების და გამოიდნობის“. დღევანდელი ბოლნისის მუნიციპალიტეტი ადრინდელ ფეოდალური ხანის ორ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს, ბოლნისის ხევს და ქვეშის ხევს, მოიცავს. იგი ცალკე რაიონი 1930 წლიდან გახდა. ბოლნისი მნიშვნელოვანი პუნქტი იყო ფეოდალურ ხანაში, რაზეც აქ შემორჩენილი მრავალი ციხე-სიმაგრე თუ ეკლესია-მონასტრებიც მეტყველებს. ქვემო ქართლის რეგიონი და მათ შორის ბოლნისიც დიდ როლს ასრულებდა საქართველოს ისტორიაში. ისტორიული სოფლების სამტრედოს, ყორანთის და ველკეთილის მახლობლად 1818 წელს შვაბიიდან გადმოსახლებული გერმანელები ჩამოასახლეს, მათ მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ბოლნისის ისტორიაში. გერმანულ კვარტალში გოთური და ქართული არქიტექტურის სინთეზის მქონე უნიკალური სახლების დათვალიერებაა შესაძლებელი. დღესდღეობით ბოლნისში ფუნქციონირებს თეატრი, მუზეუმი, ბიბლიოთეკები, ბოლნისიდან მაუწყებლობს ტელერადიო კომპანია MW. რაიონში განვითარებულია სოფლის მეურნეობა, წამყვანი დარგებია: მევენახეობა, მებოსტნეობა, მეცხოველეობა. მნიშვნელოვანი როლი აქვს წარმოებასაც, აღსანიშნავია მადნეულის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი და ღვინის ქარხანა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის თბილისი-ერევნის მაგისტრალი. ბოლნისის რაიონი გამოირჩევა ბუნების სილამაზით და კულტურული ძეგლების სიმრავლით. უძველესი ტაძრები ციხე-სიმაგრეები, როგორიცაა: ბოლნისის სიონი, წუღრუღაშენი, ვანათი, ქვეშის ციხე და მრავალი სხვა, უამრავ ტურისტს იზიდავს.
გეოგრაფია და კლიმატი
ბოლნისის მუნიციპალიტეტი ქვემო ქართლის მხარის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ბოლნისი. ბოლნისს აღმოსავლეთიდან მარნეულის მუნიციპალიტეტი ესაზღვრება, დასავლეთით - დმანისი, ჩრდილოეთით - თეთრიწყარო, სამხრეთით კი - სომხეთის რესპუბლიკა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი ქვემო ქართლის ალუვიურ ვაკეს უჭირავს. რაიონის სამხრეთ ნაწილში ლოქის ქედის ჩრდილოეთ კალთა შემოდის. ჩრდილოეთით მდინარეების მაშავერასა და ხრამის შუამდინარეთში დისველის პლატო მდებარეობს, რომელიც ქვემო ქართლის პლატოს შემადგენელი ნაწილია და მისი სამხრეთი კიდე შინდლარის მასივითაა შემოსაზღვრული. მუნიციპალიტეტის დასავლეთ ნაწილში კი ჯავახეთის ზეგნის აღმოსავლეთ კალთა იჭრება. ბოლნისის რაიონი მდიდარია შიდა წყლებით. მუნიციპალიტეტის დიდი მდინარეებია ხრამი და მაშავერა. რაიონის ფარგლებში გვხვდება რამდენიმე ბუნებრივი და ხელოვნური ტბაც. ბოლნისში ფლორა და ფაუნა მრავალფეროვანია. ტერიტორიის ნახევარი ტყესა და ბუჩქნარს ჭირავს. აქაურ ტყეებში გავრცელებულია ქართული მუხა, ტირიფი, ჭალის მუხა, წნორი, ნეკერჩხალი და ა.შ. მუნიციპალიტეტში გვხვდება გარეული ღორი, მგელი, მელა, კვერნა, კურდღელი და სხვა. უხვადაა წარმოდგენილი ორნითოფლორაც. აქ ნახავთ კაჭკაჭს, გნოლს, ტყის ქათამს, კაკაბს და სხვა მრავალ ფრინველს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში ორი ტიპის ჰავა გამოიყოფა: მშრალი სუბტროპიკული სტეპური ჰავა ზომიერად ცივი ზამთრით და ცხელი ზაფხულით და ზომიერად ნოტიო ჰავა, ზომიერად ცივი ზამთრით და ხანგრძლივი ზაფხულით. ვაკე ტერიტორიაზე საშუალო წლიური ტემპერატურაა 12 °C. მთისწინეთებზე ზამთრის საშუალო ტემპერატურა 3-5 °C-ა, ზაფხულისა კი - 23-28 °C.
რა ვნახოთ
ბოლნისის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ლამაზი ბუნებითა და ისტორიულ-კულტურული ძეგლების სიმრავლით. ხეობები, ტყეები, აყვავებული მინდვრები და ვრცელი ხედები შესანიშნავია მოგზაურობისა და ბუნებაში განტვირთვის მოყვარულთათვის. ამ უძველესი ისტორიის მქონე რაონში მრავალი მნიშვნელოვანუ კულტურული ძეგლის მონახულებასაც შეძლებთ. უძველესი ნამოსახლარები, მეგალითურ ჩიხე-სიმაგრეთა ნაშთები, შუასაკუნეების ტაძრები და ციხე-კოშკები საინტერესო ამბებს გვიყვებიან საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ. აღსანიშნავია ბოლნისის სიონი, რომლის წარწერებიც ქართული დამწერლობის უძველესი ნიმუშთაგანია, ჩუქურთმებით უხვად შემკული წუღრუღაშენი, ქვეშის ციხე, ბერდიკის ციხე, საიდანაც მშვენიერი ხედი იშლება, ვანათის ტაძარი და მრავალი სხვა. ბოლნისში ფუნქციონირებს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სადაც მდიდარი არქეოლოგიური მსალაა წარმოდგენილი. მუზეუმში დაცული ექსპონატები მოიცავენ პერიოდს ენეოლითური ხანიდან შუასაუკუნეების ჩათვლით. ბოლნისი საქართველოს ერთ-ერთი საინტერესო და მრავალფეროვანი რაიონია და ბევრი სალაშქრო და კულტურული მარშრუტის დაგეგმვა შეგიძლიათ.
კულტურული ძეგლები
ყველა ადგილის სანახავად დააჭირეთ აქ
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა