ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი სამცხე-ჯავახეთის მხარეში მდებარეობს. აქ ადამიანის ცხოვრების კვალი ჯერ კიდევ ქვის ხანიდან იწყება, რასაც აქ აღმოჩენილი არტეფაქტები მოწმობს. ნინოწმინდაში მრავლად გვხვდება ბრინჯაოს ხანის მეგალითური ნაგებობები, ყორღანები და ნამოსახლარები. აღსანიშნავია აბულისა და შაორის ციკლოპური სიმაგრეები, რომლებიც თავისი გრანდიოზულობით, გეგმარებითა და მშენებლობის ტექნიკით დღესაც უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს. რაიონის ტერიტორიაზე კულტურა და ყოფაცხოვრება განვითარებული იყო შუასაუკუნეებშიც, რასაც აქ შემორჩენილი მრავალი ისტორიულ-კულტურული ძეგლი ადასტურებს. ნინოწმინდაზე გადიოდა ბიზანტიიდან, შემდგომ კი თურქეთიდან და სომხეთიდან აღმოსავლეთ საქართველოში მომავალი ერთ-ერთი ცენტრალური გზა. დღესდღეობით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 3 თეატრი, 4 მუზეუმი, 15 ბიბლიოთეკა და სხვა ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. რაიონში განვითარებულია სოფლის მეურნეობა, წამყვანი დარგებია: მეცხოველეობა, მარცვლეული კულტურები და მეკარტოფილეობა. დაწინაურებულია მეფუტკრეობაც. ნინოწმინდაში ასევე მოქმედებს ბაზალტის ქვის გადამამუშავებელი და მსუბუქი კედლების ბეტონის ბლოკის საამქროები. მუნიციპალიტეტში არის პემზის, ვულკანური წიდის, კირქვის, პერლიტის, თიხის საბადოები, მოდის მინერალური წყლებიც. ნინოწმინდის ტერიტორია ცალკე რაიონი 1930 წელს გახდა დორელოეს რაიონის სახელწოდებით, 1991 წელს კი ნინოწმინდის რაიონი დაერქვა. დღესდღეობით მას მუნიციპალიტეტის სტატუსი აქვს. ნინოწმინდა გამოირჩევა ბუნების მრავალფეროვნებით და სილამაზით, ასევე მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლების სიმრავლით, რაც უამრავ ტურისტს იზიდავს. ამ რაიონის მთებს, ულამაზეს ტბებს, ციხე-სიმაგრეებსა თუ ტაძრებს ყოველწლიურად უამრავი მოგზაურობის მოყვარული სტუმრობს.
გეოგრაფია და კლიმატი
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი სამცხე-ჯავახეთის მხარის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ნინოწმინდა. მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთით წალკა ესაზღვრება, დასავლეთით - ახალქალაქი, აღმოსავლეთით - დმანისი, სამხრეთ-დასავლეთით - თურქეთის რესპუბლიკა, სამხრეთით კი - სომხეთი. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი სამხრეთით ნაიყულის ქედითაა შემოსაზღვრული, ჩრდილოეთით, სამსრისა და ჯავახეთის ქედების შემაერთებელი სერით, დასავლეთით - სამსრის ქედით, აღმოსავლეთით კი - ჯავახეთის ქედის თხემით. რაიონის რელიეფისთვის დამახასიათებელია ნამარხი ვულკანები და სიმაღლეები. ნინოწმინდა 7-8 ბალიან სეისმურ ზონაში მდებარეობს. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება მდინარე ფარავანი. რაიონი პატარა მდინარეებითა და წყაროებითაა დანაწევრებული. ნინოწმინდა ტბების სიმრავლით გამორჩევა, აქ მდებარეობს ზედაპირის ფართობით საქართველოს უდიდესი ტბა - ფარავანი. აღსანიშნავია აგრეთვე მადათაფის, ხანჩალის, საღამოს და ბუღდაშენის ტბები. ტბებსა და მდინარეებში მრავალი სახეობის თევზია. რაიონში ძირითადად ალპური ზონისთვის დამახასიათებელი ფლორა გვხვდება. ტერიტორიის უდიდესი ნაწილი უტყეოა და მთის და მდელო-ველის მცენარეულობით არის დაფარული. ტბების ირგვლივ, დაჭაობებულ ტაფობებში, წყლისა და ჭაობის მცენარეულობაა გავრცელებული, 2200 მეტრზე მაღლა კი სუბალპური და ალპური მდელოები იწყება. ნინოწმინდის რაიონში მთიანი ზონისთვის დამახასიათებელი ფაუნაა, გვხვდება: მგელი, მელა, მაჩვი, ნუტრია, სკუნსი, წავი, ტურა, ზაზუნა და სხვა. რაიონის მრავალრიცხოვან ტბებზე 200-მდე სახეობის ფრინველს შეხვდებით (მათ შორის მიგრანტები, ზაფხულის ბინადრები, ბუდის მკეთებელი და წყლის ფრინველები).
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ზეგნის სხვადასხვაგვარი კონტინენტური ჰავაა, რადგან რელიეფი მკვეთრი ჰიფსომეტრიული დიაპაზონით ხასიათდება. ზამთარი ცივი და მცირეთოვლიანია, ზაფხული კი - გრილი. იანვრის საშუალო ტემპერატურაა - -10,6 °C, აგვისტოსი კი - 13,1 °C.
რა ვნახოთ
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ბუნების სილამაზითა და კულტურული ძეგლების სიმრავლით. ვულკანური მთები, მრავალფეროვანი ფრინველებით გარშემორტყმული ულამაზესი ტბები და საოცარი ხედები შესანიშნავია როგორც პატარა, ერთდღიანი გასვლებისთვის, ასევე თავგადასავლებით სავსე ლაშქრობებისთვის. საქართველოს ყველაზე დიდი ტბა - ფარავანი ულამაზეს სანახაობას წარმოადგენს ნებისმიერ სეზონზე. ზამთარში ფარავანი იყინება და ჯადოსნურ ყინულის სამეფოში ტბაზე სეირნობაც შეგიძლიათ. უმშვენიერესი სანახაობაა მადათაფის ტბაც, სადაც მრავალი ჯიშის ფრინველი იყრის თავს და ეგზოტიკურ სანახაობას გვთავაზობს. ნინოწმინდაში მდებარეობს მადათაფის, ბუღდაშენისა და ხანჩალის ეროვნული პარკები. რაიონში ბევრი საოცარი ადგილია ლაშქრობის მოყვარულთათვისაც, გაშლილი სივრცეები, ხედები აბულ სამსარის ქედზე, ლურჯი ტბები და ნისლების მოძრაობა ნამდვილად იდეალურია, თუკი თავგადასავლების ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობა გსურთ. გარდა ბუნების სილამაზისა ნინოწმინდაში ბევრი შთამბეჭდავი და საინტერესო ისტორულ-კულტურული ძეგლიც გვხვდება. განსაკუთრებულია აბულისა და შაორის ციკლოპური ციხე-სიმაგრეები. ეს ორი ციხე ბრინჯაოს ხანას მიეკუთვნება და გეგმარებით ერთმანეთს ძალიან ჰგავს. მასშტაბით, არქიტექტურითა და მშენებლობის ტექნიკით ისინი ქართული კულტურის უმნიშვნელოვანეს ძეგლებს წარმოადგენენ და უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენენ მნახველზე. რაიონში გვხვდება სხვა მეგალითური ნაგებობებიც (მენჰირი - ქათ-ქარ, ტონთიოს ციკლოპური ციხე და ა.შ.). ნინოწმინდაში ბევრი საინტერესო შუასაუკუნეების ძეგლიც მდებარეობს. აღსანიშნავია XIII-XIV საუკუნეების ტონთიოს ხუთმალიანი ხიდი, სადაც ბიზანტიიდან, შემდგომ კი თურქეთიდან და სომხეთიდან აღმოსავლეთ საქართველოსთან დამავშირებელი გზა გადიოდა, X საუკუნის ფარავნის ეკლესია, XI საუკუნის სათხეს ეკლესია, XIII საუკუნის განძანის ეკლესია და მრავალი სხვა. ნინოწმინდაში ფუნქციონირებს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სადაც სხვადასხვა პერიოდის ექსპონატებია წარმოდგენილი. რაიონის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობაა სოფელი გორელოვკა, სადაც დუხობორების ფერად, განსხვავებულ კულტურას გაეცნობით. ნინოწმინდა საქართველოს ერთ-ერთი მრავალფეროვანი და ლამაზი რაიონია და მრავალ ფოტოგრაფს, კულტურით დაინტერესებულ ადამინს თუ ხეტიალის მოყვარულს იზიდავს.
ბუნება
კულტურული ძეგლები
ყველა ადგილის სანახავად დააჭირეთ აქ
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვაHow is the road between Tsalka and Ninotsminda?
The road has been reconstructed during the summer of 2019 and only obstacle is the snow. The info wheather the road is open or closed you can get from the road department of Georgia. Hotline + 995 32 2313076
Thanks Davit,
I'm planning to go this weekend. There is little chance of snow right now, is there?
Thanks again
And how is the road between Ninotsminda and Akhaltsikhe?
It is less likely to be closed, but it worth checking before departure.