თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
საქართველო ერთ-ერთი უნიკალური ქვეყანაა სადაც ყოვლედღე შეგიძლია შენთვის ახალი რამ აღმოაჩინო. კონტრასტების ქვეყანაა, სადაც ნახევარუდაბნოდან თოვლიან სასრიალო კურორტზე შეგიძლია მოხვდე, ხოლო მეორე დღეს ზღვის ნაპირას ყავას სვამდე და თოლიების ყურებით ტკბებოდე. ჩვენი ქვეყნის უნიკალური ბუნება, კულინარია და ტრადიციები დღითიდღე უფრო მეტ მოგზაურს იზიდავს. აქ ყველა მოგზაური პოულობს თავის წილ ბედნიერებას და სახლშიც მრავალმხრივ კმაყოფილი ბრუნდება.
საქართველოს უნიკალურ ბუნებაზე, კულტურასა და ქვეყნის აღმოჩენაზე მირიან თედორაძეს ვესაუბრეთ, რომელიც აქტიური მოლაშქრე, მოგზაური და ვიდეოგრაფია. მირიანმა საქართველოში მოგზაურობა ადრეულ ასაკში დაიწყო, მისი ჰობი გახდა და სულ მალე კი მის მთავარ საქმიანობად იქცა. იგი შეუერთდა მეგობრების მოლაშქრეთა კლუბს "იეტი" და უფრო აქტიურად დაიწყო საქართველოს აღმოჩენა.
მირიანი: ბავშვობიდან აქტიურად ვმოგზაურობდი. ჯერ სიმღერის გუნდიდან ვმოგზაურობდი, დროთა განმავლობაში დავიწყე ჩემით მოგზაურობა, შემდეგ კი არის იეტი. რაც თავი მახსოვს სულ ვმოგზაურობ და ვლაშქრობ.
- მირიან შენ აქტიური მოგზაური ხარ. ამასთანავე ხარ ვიდეოგრაფიც, რამდენად უთავსებ ამ ყველაფერს ერთმანეთს?
მოგზაურობისას საოცრად ბევრი ლამაზი კადრი მხვდება ხოლმე, რა დროსაც ფოტოაპარატი ან დრონი ყოველთვის ხელთ მაქვს და ვაფიქსირებ ამ კადრებს. მოგზაურობაა სწორედ ამ ყველაფრის თავსებადობას რომ ახდენს ერთმანეთთან.
- როგორც ვიცი Racing Drone-ით დაფრინავ ხოლმე. გამიზიარე შენი გამოცდილება ამ მიმართულებით.
ძალიან საინტერესოა დრონით ფრენა. ხანდახან ხშირი ფრენის შემდეგ, როცა აღარ ფიქრდები და დრონს აღიქვამ შენს თვალებად არის მომენტი როცა შენს თავს ხვდები... უცნაური გრძნობაა, თითქოს შენს თავს ვერ უნდა ხედავდე, მაგრამ წინ გიდგას გაშეშებული და აი იმ წამის მეათასედში შეგიძლია დაინახო საკუთარი თავი ისეთი როგორსაც სხვა გხედავს.
- სალაშქრო ადგილებს როგორ ეძებ და როგორ ემზადები მოგზაურობაში წასასსვლელად?
მთელი საქართველო როდესაც გაქვს მოვლილი, ძნელია რაიმე ახალი იპოვო. როდესაც ტობაზე და ვაშლოვანში ხარ ნამყოფი, ემოციური ფონი იმდენად მაღალია რომ ძნელია მერე რამემ გაგაოცოს. ამ ბოლო დროს ასე კონრეტულად არ ვგეგმავ ხოლმე სადმე წასვლას, შეიძლება რაჭაში მივდიოდე და უცებ სვანეთში წავიდე, ან ზღვაზე. თავისუფალი გადაადგილება რომ არ გაქვს შეზღუდული სხვადასხვა გადაწყვეტილებების მიღება მარტივი ხდება.
- საქართველოში ყველაზე საინტერესო და შენთვის საყვარელი რომელი ადგილია?
წლები გადის და ტობავარჩხილზე 11ჯერ ვარ ნამყოფი, ყველა ჯერზე ერთი კვირით. ჩემი აზრით ტობავარჩხილზე კარგს და საუცხოოს საქართველოში ვერაფერს ვერ ნახავს ვერავინ. ეს არ არის მარტო ტბის ნახვა, ეს არის მომზადების პროცესი, მგზავრობა, მერე ლაშქრობა და ამდენი დღე სხვა ადამიანებთან ერთად ყოფნა. აქ ადამიანური ურთიერთობები წინა პლანზე გადმოდის. როდესაც უტელეფონოდ და უინტერნეტოდ ხარ სულ სხვანაირი ხდები. მეორე ადგილი ალბათ ვაშლოვანია, რომელიც საოცარია, თავის ადამიანებით, მომთაბარე მწყემსებით, ფლორითა და ფაუნით.
- შენი აზრით რა ხიბლავთ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში მოგზაურობენ?
ალბათ უფრო ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვნება. ბევრ ქვეყანაში მიმოგზაურია, მაგალითად ნორვეგიაში, ალპებში და სხვადასხვა ქვეყნებში. პირველი რამოდენიმე დღე ყველაფერი შოკში გაგდებს, და შემდეგ უკვე ძალიან ერთფეროვნებაა. საქართველოში პირიქით ყოველდღე შეგიძლია სხვადასხვა რამ ნახო. ერთ დღეს ვაშლოვანში იყო, მეორე დღეს ტობავარჩხილზე წამოხვიდე და შემდეგ ზღვაზე დაისვენო. კულტურაც დიდ მნიშვნელობას თამაშობს. დართლო რომ ავიღოთ, ასეთს ვერსად ვერ ნახავ. ჩვენთან ყველაფერი სხვადასხვაა, ევროპაში ყველაფერი ერთნაირად განვითარებულია და ერთფეროვანის შთაბეჭდილებას ტოვებს.
- რატომ უნდა იმოგზაუროს უცხოელმა საქართველოში, გარდა იმისა რომ გვაქვს ლამაზი და მრავალფეროვანი ბუნება?
საქართველოში მრავალფეროვანი ბუნების გარდა ძალიან ბევრი საინტერესო ტურიზმის მიმართულება გვაქვს. მაგალითად კულინარიული ტურიზმი. ღვინის ტურიზმი, არქიტექტურაც ძალიან კარგი და საინტერესო გვაქვს. ყოფილი საბჭოთა ქვეყანა ვართ და ჩვენი განვითარების ეტაპები ძალიან საინტერესოა. ასევე ხელშეუხებელი ბუნება გვაქვს შემორჩენილი, რაც მსოფლიოში უკვე საკმაოდ იშვიათია.
- რამდენად მნიშვნელოვანია მოგზაურობა ადამიანისთვის? ცვლის თუ არა მოგზაურობა ადამიანს?
რაოდენ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს ვიტყვი რომ ცხოვრება მხოლოდ მოგზაურობისთის ღირს, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. მოგზაურობა, ყველა ტიპის, მათ შორის ლაშქრობაც, ადამიანს ძალიან ცვლის. ხშირად მინახავს ადამიანდები, რომლებიც მოგზაურობის შემდეგ სამსახურში ბევრად პროდუქტიულები არიან. თვითდაჯერებულობას გმატებს მოგზაურობა. ბევრი ფაქტორია რასაც მოგზაურობა ცვლის. მაგალითად მე არ მინახავს მოლაშქრე რომელიც აქტიურად ლაშქრობს, რომელმაც ბუნება დაანაგვიანა. მოლაშქრე ან მოგზაური რომელიც ხშირად დადის და მოგზაურობს, ურბანულ პირობებშიც მაღალი პასუხისმგებლობით გამოირჩევა, არის მეტად კანონმორჩილი, მშვიდი, გაწონასწორებული, მაღალი თვითშეგნებთ და უფრო მეტად გიყვარდება ქვეყანა. მოგზაურობა გეხმარება საკუთარი თავის აღმოჩენაში, რაც უკვე ბევრ ჯაჭვურ რეაქციას იწვევს.
- რა რჩევას მისცემდი დამწყებ მოგზაურებს?
დამწყებ მოგზაურებს რათქმაუნდა ვურჩევ რომ საქართველოდან დაიწყონ მოგზაურობა. ნელ-ნელა მოინახულონ სხვადასხვა საინტერესო ადგილები, იარონ მეტი და გაიცნონ საქართველო, და შემდეგ უკვე გადავიდნენ მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაზე.
ჩემი აზრით ბევრი და კარგად იმიტომ უნდა იმუშავო რომ მეტი იმოგზაურო. საბოლოოდ ეგ დაგვრჩება მოგონებებად და არა ის რა ტელეფონით დავდიოდით ან რა გვეცვა.
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დაწერეთ კომენტარი