ქალაქიდან სამოგზაუროდ გასვლა და განტვირთვა ცხოვრების რომელიღაც ნაწილში ყველას გვჭირდება. დედაქალაქის მოსახერხებელი ადგილმდებარეობა საშუალებას გვაძლევს მოვაწყოთ ტურები თბილისიდან ახლო მდებარე ქალაქებსა და რეგიონებში.
თბილისიდან ტურის დაგეგმვა შესაძლებელია თქვენთვის სასურველი ინტერესების გათვალისწინებით.
მზად ხართ ეწვიოთ და აღმოაჩინოთ საქართველოს კულტურული და ისტორიულ ძეგლები, დასასვენებელი კურორტები და უძველესი ქალაქები?
ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე საუკეთესო ადგილს, სადაც შეგიძლიათ დაგეგმოთ ტური თბილისიდან და გახადოთ თქვენი ერთი დღე თავგადასავლებით სავსე.
მცხეთა
ქალაქი მცხეთა ქართლის ისტორიული პოლიტიკური ცენტრი იყო, რომელიც იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეყვანილი. მცხეთა მე-6 საუკუნემდე ქართლის დედაქალაქის სტატუსს ინარჩუნებდა. მას შემდეგ საქართველოს დედაქალაქი თბილისია.
მდებარეობა: მცხეთა მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, თბილისიდან 10 კილომეტრში. აქ მოსახვედრად დაახლოებით 30 – 40 წუთია საჭირო. თბილისიდან მცხეთაში შესაძლებელია მიკრო ავტობუსით მგზავრობა, რომელიც გადის დიდუბის და სადგურის მოედნიდან. მგზავრობის საფასური დაახლოებით 1 ლარია. ასევე, მცხეთის მიმართულებით დადის მატარებელი რკინიგზის სადგურიდან.
რა ვნახოთ: მცხეთა პატარა და ისტორიული ღირსშესანიშნაობებით მდიდარი ქალაქია. მცხეთაში შეგიძლიათ მოინახულოთ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი, ჯვრის მონასტერი და შიო მღვიმის სამონასტრო კომპლექსი.
VI საუკუნის ჯვრის მონასტერი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეყვანილი. ტაძარი მდებარეობს მთის წვერზე, მდინარეების არაგვისა და მტკვრის შესართავთან. მონასტერი ქალაქ მცხეთას გადმოჰყურებს, რომლის შუაგულშიც სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარია მოქცეული.
სვეტიცხოველი, ისევე როგორც ჯვრის მონასტერი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. სვეტიცხოველი მთავარი საკათედრო ტაძარი იყო შუა საუკუნების საქართველოში. იცოდით, რომ სვეტიცხოვლის ტაძარში ინახება უფლის კვართი?
შიომღვიმე ქალაქ მცხეთასთან დაახლოებით 20 წუთის სავალ მანძილზეა. შიომღვიმის სახელი მისი დამაარსებლის, ერთ-ერთი ასურელი მამის შიოს სახელს უკავშირდება.
ეს ტურისტული ადგილები ისტორიული, კულტურული და არქიტექტურის მახასიათებლებით ტურისტების დაინტერესებას იწვევს.
კახეთი
კახეთი მევენახეობის და მეღვინეობის განვითარების უძველესი ადგილია საქართველოში და მთლიანად ამიერკავკასიაში. ამას გარდა, კახეთის რეგიონი კულტურული და ისტორიული ძეგლთა სიმრავლით გამოირჩევა.
მდებარეობა: კახეთი საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, თბილისიდან დაახლოებით 80 კილომეტრში და აქ ჩასასვლელად დაახლოებით 1 საათი და 30 წუთია საჭირო. კახეთის მიმართულებით მიკროავტობუსები გადის დიდუბის და სადგურის მოედნიდან. ასევე, ტრანსპორტირება შესაძლებელია მეტრო სამგორის მიმდებარე ტერიტორიიდან.
რა ვნახოთ: კახეთში საინტერესო კულტურული ძეგლებია, რომელიც ტურისტების აღფრთოვანებას იწვევს. მიუხედავად ტურისტული ადგილების დიდი არჩევანისა, კახეთში აუცილებლად უნდა მოინახულოთ ბოდბე, სიღნაღი და ყვარლის ტბა. სრული სია იხილეთ აქ.
ბოდბის მონასტერი წმინდა ნინოს სახელობის მონასტერია კახეთში. წმინდა ნინო ქრისტიანობის გამავრცელებელი იყო საქართველოში და ბოდბის მონასტერიც სწორედ ამ პერიოდში, IV საუკუნეში აშენდა. ბოდბე შთამაგონებელი და ლამაზი ადგილია, რომელსაც უამრავი მნახველი სტუმრობს.
ქალაქი სიღნაღი - „სიყვარულის ქალაქი“ აუცილებლად სანახავ სიაშია კახეთში. სიღნაღი პატარა ქალაქია, რომელიც ბოდბიდან 2 კილომეტრში მდებარეობს. შეგიძლია ბოდბის მონასტრიდან ფეხით ჩახვიდეთ სიღნაღში და ისიამოვნოთ ხეტიალით ქალაქში. სიღნაღი პატარა და მყუდრო ქალაქია, რომელიც საფეხმავლო მოგზაურობისთვის მოსახერხებელია.
ყვარლის ტბა სიმშვიდისა და დასვენებისთვის კარგი ადგილია კახეთში. ყვარლის ტბა სიდიდით არ გამოირჩევა, თუმცა იქაური ატმოსფერო რელაქსაციისთვის იდეალურია. ყვარლის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე შეგიძლიათ ისიამოვნოთ იქაური ხედით და აქტივობებით.
სტეფანწმინდა (ყაზბეგი)
სტეფანწმინდა პოპულარული მთიანი ტურისტული ადგილია საქართველოში. სტეფანწმინდის პეიზაჟი ფოტოგრაფიის მოყვარულთათვის განსაკუთრებულია. სტეფანწმინდაში ისტორიული ძეგლების მონახულების გარდა, შესაძლებელია აქტივობების დაგეგმვა.
მდებარეობა: სტეფანწმინდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, თბილისიდან დაახლოებით 150 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ყაზბეგში ჩასასვლელი სავარაუდო დრო 3 საათია. ტრანსპორტირება შესაძლებელია მიკრო ავტობუსებით დიდუბისა და სადგურის მოედნიდან. მგზავრობის საფასური 10 ლარია.
რა ვნახოთ: სტეფანწმინდაში შეგიძლიათ მოინახულოთ ისტორიული და კულტურული ძეგლები, ასევე დაკავდეთ ლაშქრობით.
გერგეთის სამება - მონასტერი, რომელიც ტურისტების მუდმივ ყურადღებას იქცევს. მონასტრის სანახავად ასვლა შესაძლებელია როგორც ფეხით, ასევე მანქანით. ფეხით ასვლას დაახლოებით 1 საათი დასჭირდება. გერგეთის სამება პოპულარული ტურისტული ადგილია საქართველოში, რომელსაც ყოველწლიურად ათასობით მოგზაური სტუმრობს.
ამას გარდა, შეგიძლიათ ეწვიოთ გველეთის ჩანჩქერს, რომელიც ყაზბეგიდან დაახლოებით 7 კილომეტრშია. გველეთის ჩანჩქერის მოსანახულებლად საჭიროა ლაშქრობისთვის იყოთ მომზადებულები, რადგან მანქანით მისვლა შეუძლებელია. სალაშქრო ბილიკი დაახლოებით 1 კილომეტრია.
ბორჯომი
ქალაქი - მუნიციპალიტეტი ბორჯომი ერთ - ერთი ცნობილი კურორტია საქართველოში. ბორჯომში ძირითადად დამსვენებლები მისი სამკურნალო თვისებების გამო ჩადიან. ბორჯომი მდიდარია მისი სამკურნალო მინერალური წყლით, რომელიც სახელგანთქმულია მთელ მსოფლიოში.
მდებარეობა: ბორჯომი მდებარეობს მესხეთისა და თრიალეთის ქედებს შორის, თბილისიდან დაახლოებით 150 კილომეტრში. დედაქალაქიდან ბორჯომში მისასვლელი საშუალო დრო 2 საათი და 30 წუთია.
რა ვნახოთ: ბორჯომში მოგზაურობა ქალაქის დათვალიერებით შეგიძლიათ დაიწყოთ და მოინახულოთ ბორჯომის პარკი. ამას გარდა, საშუალება გექნებათ ესტუმროთ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს და მწვანე მონასტერს.
ბორჯომის პარკი ქალაქის ცენტრალურ ნაწილშია გაშენებული, რომელსაც დამსვენებლები გართობისა და რელაქსაციისთვის სტუმრობენ. ბორჯომის პარკის შესასვლელთან არის, საბაგირო საიდანაც ბორჯომის ხეობას შეგიძლიათ გადმოხედოთ.
ბორჯომ - ხარაგაულის ეროვნული პარკი ერთ-ერთი უდიდესია ევროპაში. თუ გიყვარს შთამაგონებელი ადგილების დათვალიერება, ბუნებაში ხეტიალი, პიკნიკი და ლაშქრობა ბორჯომ -ხარაგაულის ტყე-პარკში ყველანაირი რესურსია, რომელიც მოგზაურების ძირითად მოთხოვნებსა და ინტერესებს აკმაყოფილებს.
ბორჯომ - ხარაგაულის ეროვნული ტყის პარკიდან დაახლოებით 15 წუთის სავალ მანძილზე მდებარეობს მწვანე მონასტერი. ტყის შუაგულში აშენებული მწვანე მონასტერი IX საუკუნის ისტორიული ძეგლია, რომელსაც დღემდე უამრავი უცხოელი თუ ადგილობრივი მოგზაურები სტუმრობს. ატმოსფერო და ბუნება, რომელიც იქ დაგხვდებათ განსაკუთრებულ სიმშვიდეს მოგანიჭებთ.
უფლისციხე - გორი
უფლისციხე კავკასიის ერთ-ერთი უძველესი საქალაქო ცენტრი და კლდეში ნაკვეთი ქალაქია. უფლისციხეში დღემდე შემორჩენილია უძველესი დროის არქეოლოგიური და კულტურული ძეგლები.
მდებარეობა: უფლისციხე თბილისიდან დაახლოებით 100 კილომეტრში, ხოლო ქალაქ გორიდან 10 კილომეტრში მდებარეობს. უფლისცეში ქალაქიდან პირდაპირ ტრანსპორტი არ დადის. შეგიძლიათ გაჰყვეთ მიკრო ავტობუსს დიდუბიდან სოფელ ქვახვრელის მიმართულებით, საიდანაც დაახლოებით 20 წუთის სავალზეა უფლისციხე.
რა ვნახოთ: უფლისციხეში, კლდეში ნაკვეთ ქალაქში შეგიძლიათ დაათვალიეროთ ქალაქი, ნახოთ ტაძარი, რომელიც ქალაქის შუაგულშია აღმართული და ეწვიოთ მუზეუმს. უფლისციხის შემდეგ, შეგიძლიათ ეწვიოთ ქალაქ გორს, რომელიც დაახლოებით 20 წუთის სავალ მანძილზე მდებარეობს უფლისციხიდან.
ქალაქი გორი ერთ - ერთი უძველესი და მნიშვნელოვანი ქალაქია საქართველოში. ქალაქ გორში შეგიძლიათ მოინახულოთ იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმი და გორის ციხე. გორის ციხე ქალაქის შუაგულში კლდოვან ბორცვზეა აღმართული. მისი სტრატეგიული მდებარეობა მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საქართველოს ისტორიაში.
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დაწერეთ კომენტარი