დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
07 სექტემბერი, 2021

როგორ დავგეგმო შემოდგომა

შემოდგომა წელიწადის ყველაზე რომანტიული დროა. ნეტავ არსებობს ვინმე, ვისთვისაც ხელოვნების ნიმუშად ქცეული ფოთლების ცვენა გასაოცარი არ არის ?! გაფერადებულ ტყეში სეირნობა და პეიზაჟების ცქერა კი ერთი დიდი და დაუვიწყარი სიამოვნებაა. მოკლედ, ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს იმისა, თუ რატომ არის შემოდგომა უნიკალური პერიოდი სამყაროში.

საქართველოში ბუნება კიდევ უფრო ლამაზდება ამ სეზონზე. გართობისა და რეკრეაციისთვის უამრავი საშუალება ჩნდება ნებისმიერ კუთხე-კუნჭულში.ჩვენ კი, მუშაობისთვის შემზადებულები, ენერგიის მოსაკრებ გასეირნებაზე ვიწყებთ ფიქრს. ყველას სხვადასხვა მიზანი აქვს, ზოგს ლამაზი ფოტოები უნდა, ზოგს ტყეში სიარული, ზოგს კი უბრალოდ ტბის პირას ჩამოჯდომა და წიგნის კითხვა. საბედნიეროდ, იმაზე მეტი და მრავალფეროვანი ადგილებით ვართ ავსებული, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

ფერადი ხეებითა და ფოთლებით მიმოფენილ ტყეებში დაუვიწყარი ფოტოსესიის მოწყობა შეგიძლიათ. რთველი, დამშვიდებული ტბები, საჯირითოდ გამზადებული ცხენები - ეს მცირე ჩამონათვალია იმ დეტალების შესახებ, რითიც შეგიძლია დაკავდე წელიწადის ყველაზე ფერად პერიოდში. ამ სტატიაში გიამბობ იმ მნიშვნელოვანი ადგილებისა და გასართობი საშუალებების შესახებ, რომლებიც დაგეხმარება შენი შემოდგომის უკეთ დაგეგმვაში.


რა ვნახოთ შემოდგომას

დღეს, სადაც არ უნდა გაიხედო, საქართველოს ნებისმიერ მხარეში იპოვი მშვიდად ჩამოსაჯდომს, გასასეირნებელსა და გასართობს. თუმცა, დედაქალაქისგან დიდი ხნის სავალი გზა რომ არ მოგიწიოთ, კახეთს გაგაცნობთ. აქ ახლა იწყება ნამდვილი საკურორტო პერიოდი. თითქმის ყველაფერი ხომ შემოდგომისთვისაა გაჩენილი?! ერთი სიტყვით, რაზეც კი გიფიქრიათ, რომ, ნეტავ შემოდგომას აი ასეთ ადგილას დამასვენაო, ამ ადგილს კახეთში აუცილებლად წააწყდებით.


გომბორი

კახეთში როცა შეხვალთ, ასარჩევად გექნებათ მიმართულებები, თუ საით წახვიდეთ. რაც არ უნდა ვიდაოთ, გომბორის ქედით გასვლა უკვე ბედნიერი დასაწყისის ნიშანია. გზაზე ფერად-ფერადი ხეებს თვალს ვერ მოწყვეტთ. ფოტოკამერები აბრჭყვიალდება წითელ-ყვითელ ფერებში. ხეების უკან კი ჩამოცვენილი ფოთლების მდელო უეჭველად გადაიშლება. დიდი ალბათობით, გაჩერება და მცირედი ფოტოსესიის მოწყობასაც გადაწყვეტთ. ფერადი ბუნების გარდა გომბორის გზიდან ულამაზესი პანორამული ხედები იშლება ალაზნის ველზე და კავკასიონზე. გზად ანკარა წყაროებსაც შეხვდებით.


ლოპოტას ტბა

ეს ადგილი დედამიწის არაოფიციალური მერვე საოცრებაა. ზოგისთვის კახეთის მარგალიტი, ზოგისთვის კი ქართული სამოთხეა. ეს წოდებები სწორედ იმ ენითაღუწერელი გარემოს გამო შეერქვა, რომელიც მილიონობით კვადრატულ მეტრზეა გაშენებული და ყოველთვის სარგებლობს დამსვენებლების დიდი ყურადღებით. ლოპოტას ტბაზე ყველა სეზონი სხვადასხვა ფერით იღებება, თუმცა შემოდგომის ტონები განუმეორებელია. ტყის ულამაზეს გარემოში ჩაფლული ტბა და მის გარშემო გაშენებული სასტუმრო, იდეალურ დასასვენებელ ობიექტად ჩამოყალიბდა. აქ ყველაფერი ერთ სივრცეშია თავმოყრილი და ყველა ტიპის დამსვენებლისთვის მისაღებია. რთულია ამ სანახაობის შემდეგ არ გაგიჭირდეთ სახლისკენ გაბრუნება.

Sighnaghi, kakheti

სიღნაღი

შეყვარებული ადამიანისთვის სულ ერთი კი არის, თუ სად გაატარებს ბედნიერ წუთებს, თუმცა სიღნაღი ასარჩევთაგან ნამდვილად მოწინავე ადგილებს იკავებს. სიყვარულის ქალაქად შერაცხულ კახურ ქუჩებს დღესაც ასდის ძველი ქართული ცხოვრების სუნი. ქვაფენილებითა და ძველი ნაგებობებით სავსეა სიღნაღი და ყოველთვის დაიტევს ბედნიერ მოგზაურებს. გზად მუზეუმშიც შეგიძლიათ შეიაროთ და ნიკო ფიროსმანის ნამუშევრები დაათვალიეროთ. ქალაქთან ახლოს წმინდა ნინოს სახელობის ბოდბის მონასტერია. ლეგენდის თანახმად, მონასტრის წყალში განბანილი ადამიანი ყველა სენისგან თავისუფლდება. თუ მაინცდამაინც ბუნებაში გინდა გაერიოთ, იორის ეროვნულ პარკში მარტივად მოხვდებით. აქ ბევრი უნიკალური ჯიშის ყვავილებს შეხვდებით და შეგიძლიათ ეს ყველაფერი თქვენს ციფრულ მოგონებებში აღბეჭდოთ.


ზეგაანი

კახეთში ბევრი პოპულარული ადგილი ვიცით, თუმცა, უამრავი ისეთი ადგილი არსებობს, რომლის შესახებაც მხოლოდ ადგილობრივებს თუ ექნებათ გაგონილი. ერთ-ერთი ასეთი სოფელი არის ზეგაანი. გურჯაანის რაიონში მდებარე სოფლის გვერდით მისტიური ტყე მდებარეობს. ამ ტყეზე რამდენიმე ლეგენდაც არსებობს, თუმცა მათი მოსმენა მაცხოვრებლებისგან უფრო საინტერესო იქნება. ზეგაანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის სამონასტრო კომპლექსის გარშემო გაშენებულ ტყეში ასეთ პერიოდში ნისლი იცის, ეს კი მოყოლილ ლეგენდებთან ერთად ოდნავ შეგაშინებთ. ეს გრძნობა არაფერი იქნება ტყის სილამაზესთან, რომლის უნიკალურ ფერებსაც ადამიანური პალიტრა ვეღარ იტევს.


ყვარლის ტბა

სუსხიანი დილის ცხელი სასმლითა და თბილი ქურთუკით დაწყებას ერთი მნიშვნელოვანი დეტალი სჭირდება სრულყოფილებისთვის - ხედი. ყვარლის ტბა სწორედ ის ადგილია, სადაც ნებისმიერ მხარეს გახედვისას ულამზესი პანორამული ხედებით დატკბებით. ერთ მხარეს ფოთლოვანი ტყეები და გორაკები, მეორე მხარეს კი სპეციალურად რეკრეაციისთვის აშენებული პარკი. ამ ადგილს ილიას ტბასაც ეძახიან ილია ჭავჭავაძის საპატივცემულოდ. ამბობენ, აქ მზეც სხვანაირად აცხუნებს, თბლიად ელამუნება სახის ნაკვთებსო. ტბის მეზობლად, თითქმის 2 საუკუნის დურუჯის ლოდის ნახვაც შესაძლებელია. თითქმის 250 ტონიანი გიგანტური ლოდი მდინარე დურუჯმა ჩამოიტანა და დღემდე ერთ ადგილას,გაუნძრევლად ზის. ქალაქში თუ ჩამოისეირნებთ, დამატებით შეძლებთ მოინახულოთ გასართობი და შემეცნებითი ადგილები. მაგალითად, კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრი, რომელიც დღესაც ფუნქციონირებს. ასევე აუცილებლად უნდა მოინახულოთ ფულის მუზეუმი. ეს ერთადერთი ადგილია მთელ საქართველოში, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ფულს ეძღვნება. ყვარლის ციხე-გალავანი კი ქალაქის ცენტრში მდებარეობს და მისი ასაკი თითქმის 5 საუკუნეს ითვლის.


ნინოსხევის ჩანჩქერი

კახეთში ძალიან ბევრ ტყეს, ტბასა და ლამაზ ქალაქებს ნახავთ, თუმცა,ჩანჩქერის მონახულება ნამდვილად დიდი და ღირსშესანიშნავი ამბავია. ნინოსხევის, იგივე გურგენიანის ჩანჩქერს მდინარე ნინოსხევზე ვხვდებით. ის სიმაღლით 40 მეტრია და ფეხით მისადგომად არც ისე ადვილი გზის გავლა მოგიწევთ. თუ უბრალოდ ჩანჩექრის მონახულება გსურთ ზედმეტი სალაშქრო აქტივობების გარეშე, შეგიძლიათ სამარშუტო ტაქსითაც ისარგებლოთ. საშემოდგომოდ მდინარე მშვიდია და სარისკო ადგილები არ შეგხვდებათ. გზა ქვიანია და ამ მოგზაურობისთვის სჯობს, მყარი ფეხსაცმლები მოირგოთ. რაც შეეხება გარემოს, ნამდვილად არაჩვეულებრივი სანახაობა გადაიშლება თქვენ წინაშე. ფერადი ხეებისა და ფოთლების გარემოცვიდან როგორ გადმოიღვრება გამჭვირვალე, ქათქათა წყალი და გამეტებით ეცემა გიგანტურ ლოდებზე.მიმდებარე ტყეში უამრავი ტიპის ფლორასა და ფაუნას შეხვდებით. ქართული მუხა და წაბლი ყველაზე გავრცელებულია. შეიძლება გარეული ღორიც დაგიმეგობრდეთ.


ლაკბეს წყალსაცავი

უძველეს დროში მდინარე ლაკბე დაგუბდა და წარმოიშვა ლაკბეს ტბა. გარშემო ულამაზესი და უხვი ბუნება შემოერტყა და საბოლოოდ საუცხოო სილამაზის გარემო მივიღეთ, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ, რათა თქვენი საშემოდგომო ვოიაჟი შედგეს.წყალსაცავის ჩამოსაყალიბებლად ამ ადგილზე მთელი რიგი სამუშაოები მიმდინარეობდა, თუმცა საქმე ბოლომდე ვერ მივიდა და დღეს ზოგი ლაკბეს წყალსაცავს ეძახის, ზოგისთვის კი უბრალოდ ბუნებრივი ტბაა. მიმდებარე ტყის უნიკალურობას იშვიათი მინერალები და სამკურნალო ტალახები უსვამს ხაზს. ერთი სიტყვით, აქ დაისვენებთ კიდეც და უფრო ჯანმრთელებიც დაბრუნდებით.


ახალი შუამთა - Akhali Shuamta

შუამთის ტყე

თუ გინდათ ტყეში სეირნობა, სადაც ძალიან სიმშვიდეა და მწერებიც კი ჩუმად დაფრინავენ, მაშინ შუამთის ტყე აუცილებლად უნდა მოინახულოთ. ამ ადგილას ბუნება წელიწადის ყველა დროს ლამაზია, თუმცა შემოდგომაზე განსაკუთრებით. შუაგულში ძველი შუამთისა ახლი შუამთის მონასტრებსაც შეხვდებით, რომლებიც თავისმხრივ დიდი ისტორიის მატარებელნი არიან. ამ ადგილიდან კი ტყე და უზარმაზარი ხედები ფოტოგადაღებისთვის იდეალურია. შუამთის ტყიდან ცა თითქმის ყოველთვის მოწმენდილი მოჩანს და ვარსკვლავებზე დასაკვირვებლად ნამდვილად მოსახერხებელი ადგილია.


რა გავსინჯოთ

კახური სამზარეულო ყოველთვის გამოირჩეოდა გემოების მრავალფეროვნებითა და მომზადების განსაკთრებული სპეციფიკით. აქ ყველა დეტალს უკვირდებიან და საიდუმლო ინგრედიენტად სიყვარულს ამატებენ. სწორედ ამიტომ გამოდის შედეგი უგემრიელესი.კახური გემოები არამარტო საქართველოში, არამდე უკვე მის ფარგლებს გარეთაც არის ცნობილი. ეს მეტწილად ღვინის დამსახურებაა თუმცა, მწვადი და კიდევ სხვა ადგილობრივი კერძები არ ჩამოუვარდებიან პოპულარობითა და სიგემრიელით.


მწვადი

უმეტესად ხის შამფურზე წამოცმული საქონლის ან ღორის ხორცის ნაჭრების ნაკვერჩხალზე გამზეურება და შემდგომ დედას პურით ჯამში მოთავსება, კახური მწვადი მომზადების უკვდავი რეცეპტია. აქ სუკის მწვადი დელიკატესად ითვლება და სპეციალურ,თხილის შამფურებს იყენებენ მოსამზადებლად. ეს კერძს სპეციფიკურ და დაუვიწყარ გემოს სძენს. მომზადებულ მწყვადს ძალიან უხდება ქართული ტყემალი და წითელი ღვინო, რომელიც კახეთში აუცილებლად დაგხვდებათ. მწვადი დაგემოვნება ყველა რესტორანსა თუ სასადილოში შეგილიათ. მომზადების ხელოვნება ძალიან გამრავალფეროვნდა, ამიტომ ბევრჯერ უნდა ეზიაროთ, რათ სწორი დასკვნები გამოიტანოთ ნამდვილ კახურ მწვადზე


კახური ღვინო

ვაზი, საქართველოსთვის იმდენად დიდი მნიშვნელობისაა, რომ უკვე მისი მოყვანის ტრადიცია 8000 წელიწადს უტოლდება. კახელები არასდროს ღალატობენ წინაპრების მიდგომას ყურძნის მოყვანასთან მიმართებით და დღესაც ქმნიან უგემრიელე ღვინის ნაწარმს, რომელიც ჯერ ქართულ ტუჩებს ატკბობს, ხოლო შემდეგ მსოფლიოში უამრავი სომელის პირს. თავად ღვინის მოყვანისა და დაწურვის ფილოსოფია ერთი დიდი ხელოვნების ნიმუშია. სწორედ ამიტომ არის ღვინო ჩვენთვის უმთავრესი. საუკეთესო ხარისხის ღვინოების მომცემი ვენახები მდებარეობს ალაზნისა და ივრის აუზებში. კახეთში ნებისმიერ ადგილას შეძლებთ მიირთვათ კახური წარმოშობის ღვინოები: წინანდალი, მანავი, მუკუზანი და კიდევ უამრავი სხვა. ამ ტკბილი წვენით ოჯახებშიდაც გიმასპინძლებენ.


ჩურჩხელა

ქართული წარმოების შოკოლადის ბატონი, რომელიც მნიშვნელოვან კონკურენციას უწევს მსოფლიო ბრენდებს, კახეთში წარმოიშვა და ყოველთვის სასურველ ტკბილეულად ითვლება. ძირითადად ახალი წლის პერიოდში ვხვდებით სუფრაზე, თუმცა კახეთში ჩურჩხელასა და თათარას მომზადებას პერიოდი არ გააჩნია. თქვენ შეგიძლიათ აარჩიოთ სასურველი ყურძნით მომზადებული და მეტად გემრიელი შიგთავსის ჩურჩხელა. ზოგს ნიგოზი უყვარს, ზოგს - თხილი.


ხაშლამა

როგორც უკვე გაიგეთ, კახეთში ხორცის მომზადების უნიკალური და ძირძველი მეთოდები არსებობს. მწვადით არ მთავრდება კახური მენიუ. აქ შეხვდებით ახალდაკლული საქონლის მოხარშულ ხორცს, რომელიც უგემრიელესი სახეობის მწვანილებითაა შეზავებული. მისი მირთმევისას ღვინის მიყოლება აუცილებელი პირობაა თავისი ტრადიციული სადღეგრძელოებით. ხაშლამა დიდი პოპულარობით სარგებლობს კახეთში და ამიტომ, ყველგან შეძლებთ მის გასინჯვას.


ჩაქაფული

მივადექით ხორცის მომზადების მესამე, განსხვავებულ მიდგომას, რომელსაც სახელად ჩაქაფული დაერქვა. ეს კერძი მზადდება ტყემალში, ტარხუნასა და კიდევ სხვადასხვა მწვანილში. ჩათუშული ხბოს ან ბატკნის ხორცს თეთრ ღვინოსთან აზავებენ და შემდეგ მწვანილეულში ურევენ. შედეგან გამოდის ჩაქაფული. მწვადისა და ჩურჩხელისგან განსხვავებით, ჩაქაფულის მომზადებისთვის დღესასწაული სულაც არ არის საჭირო, ამიტომ მას ნებისმიერ დროს დააგემოვნებთ, სადაც არ უნდა იყოთ.


სად დავრჩეთ

უკვე მოიარეთ ულამაზესი ადგილები, გადაიღეთ ფოტოები, ბევრი ითამაშეთ, ან უბრალოდ დახუჭეთ თვალები და ბუნების ხმას მოუსმინეთ. დიდი შანსია, რომ ამ ყველაფრისთვის ერთი დღე არ გეყოთ და ახლა ღამის გასატარებელ ადგილზე ფიქრი დაიწყეთ. საბედნიეროთ, ამ მხარეში დარჩენაც ისეთივე ტკბილია, როგორიც ბუნება და კერძები. აქ ძირითადად სასტუმროები და საოჯახო სახლები გვხვდება და ყველას დიდი სიყვარული ელიან. ყველა ტიპის სასტუმროში შეხვდებით ცხოვრებისთვის აუცილებელ ინვენტარსა და შეიძლება, უფრო მეტსაც, დროის უკეთ და მეტი კომფორტულობით გასატარებლად.


სასტუმრო

კახეთში სასტუმროები ყველაზე პოპულარული ადგილია ღამის გასათევად. აქ სხვადასხვა ტიპის და მომსახურებით სავსე ნომრებს შეხვდებით. ფასები 40 ლარიდან იწყება და დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გჭირდებათ იდეალური დასვენებისთვის. შედარებით მაღალბიუჯეტურ ადგილას მეტი გართობის საშუალება გეძლევათ. მაგალითისთვის, შეგიძლიათ ითამაშოთ გოლფი, დარტსი, იცურაოთ აუზში. თუმცა ეს ერთეულ და ძვირიან სასტუმროებშია შესაძლებელი. დაბალბიუჯეტური სასტუმროები ნორალური ნომრებითა და კეთილი გულით გიმასპინძლებენ.


საოჯახო სახლი

კახური სტუმარ-მასპინძლობა ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იდგა მთელი ჩვენი ისტორიის მანძლიზე. დამსვენებელთა დღის გასამრავალფეროვნებლად და გასამარტივებლად კი ოჯახებმა გადაწყვიტეს საკუთარი სახლ-კარის გაზიარება მათთვის. აქ უფრო შინაურული გარემოა და შედარებით ახლოდან ნახავთ კახურ ტრადიციულ ოჯახურ თანაცხოვრებას. მოსასვენებლად ფასები 30 ლარიდან იწყება და დამოკიდებულია სერვისზე, რასაც ოჯახი შემოგთავაზევთ. შეიძლება ზოგიერთმა მათგანმა მარანი, რთველი და უამრავი კახური ღირსშესანიშნაობა გაგაცნოთ. გამოგზაუროთ აუცილებლად მოსანახულებელ ადგილას და საღამოს ტკბილი მრავალჟამიერით გაგაცილოთ თბილი საძინებლისკენ.


თეგები: #სიღნაღი #ყვარელი #შემოდგომა #კახეთი #კულინარია #დასვენება #რჩევა #გურჯაანი
კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დაწერეთ კომენტარი

დაწერეთ კომენტარი