თუ დაიღალეთ პოპულარული, ცნობისმოყვარე ტურისტებით გადატვირთული ადგილებით საქართველოში, მაშინ ხადას ხეობა ნამდვილად თქვენთვის ყოფილა შექმნილი. “60 კოშკის ადგილი” გელოდებათ თქვენ, რომ აღმოაჩინოთ.
ყველა, მათ შორის კომფორტის მოყვარულებიც კი აფასებენ ისეთ ადგილებს, სადაც იგრძნობა ძველი სული, სადაც მთის წვერზე მდგომს თითქოს ჰაერი გეჩურჩულება გარდაცვლილ მეომართა სახელით, შემოდგომის ლეგენდები ცოცხლდებიან ფოთოლთა შრიალში… ხადას ხეობა სწორედ ერთ-ერთ ასეთ ადგილს განეკუთვნება, მთელი ეს მიდამო შუა საუკუნეების გადმონაშთივით არის, რომელიც სამწუხაროდ, თითქმის დავიწყებას მიეცა. თუმცა ნათქვამია, ზოგი ჭირი მარგებელიაო, მართალია აქაურობა არც თუ ისე პოპულარულია, სამაგიეროდ აქ თქვენს მყუდროებას ვერავინ დაარღვევს, მათ შორის, ადგილობრივებიც კი. აქ მოსულმა შესაძლოა იფიქროთ, რომ ისინი არც კი არსებობენ, რახან საოცრად წყნარი ხალხია, მყუდროდ შეყუჟულნი თავიანთ სოკოებივით პაწაწინა ქოხებში...
სიმართლე რომ გითხრათ, ეს ადგილი ერთი ნახვით შემიყვარდა. ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი რატომაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ ხადას ხეობას, არის მისი მდებარეობა. თბილისიდან სულ რაღაც 100 კილომეტრში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, შეგიძლიათ იხილოთ ზღაპრული სიმშვიდის გარემო, ერთდღიანი ლაშქრობისთვის იდეალური ადგილია, არც მგზავრობით დაიღლებით, არც ბევრი სიარული მოგიწევთ. ხადას ხეობა ფასანაურთან და გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტთანაც ძალიან ახლოსაა. ფასანაური სახელგანთქმულია უგემრიელესი ქართული კერძებით, მათ შორის აღსანიშნავია აქ დამზადებული ხინკალი… ახლა თავად ხეობას რომ დავუბრუნდეთ, მართალია ის ხმაურიან და მოფუსფუსე დედაქალაქთან ახლოს მდებარეობს, ის გასაოცრად წყნარი და ლამაზია, ველური, ძველი, რაღაც ძალიან ეგზოტიკური… ხადას ხეობის “ბილიკი” იწყება სოფელ ბედონში, ჯვრის უღელტეხილის ქვემოთ, და კვეთს ხადას ხეობას, რომელიც, არ ვიცი რატომ, ჯერ კიდევ უცნობია მრავალთათვის, მათ შორის, გამოცდილ და მრავალჭირნახულ გიდთათვის და მოლაშქრეთათვის.
ახლა კი, დავიწყოთ მოგზაურობა. ხადას ხეობისკენ მიმავალთ გზად ბევრი წარმოუდგენელი თავგადასავალი გადაგხდებათ. პირველ რიგში, მინდა გიამბოთ ერთი უცნაური ამბავი სიყვარულისა. ხადას ხეობისკენ მიმავალთ, გზად ერთ-ერთ კლდეზე, შეიძლება თვალი მოკრათ (თუმცა, ძირითადად ხეებში ჩაფლულია და თუ ერთხელ მაინც არ ყოფილხართ მანამდე, გაგიჭირდებათ მიგნება) ქვის კედლის ნაწილს, რომელიც ერთ დროს წარმოადგენდა თავშესაფარს შეყვარებული წყვილისა. მათი ამბავი “რომეო და ჯულიეტას” სცენარისგან დიდად არ განსხვავდება, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ კარგად დამთავრდა. ლეგენდის თანახმად, კლდეში აგებულ ამ გამოქვაბულში სიყვარულით გაშმაგებულმა ვეჟმა “სამტრო სოფლიდან” ქალი მოიტაცა და აქ გამოკეტა.
მართლაც, რთულია ამ კოშკს მიაგნო მაშინაც კი, როდესაც იცი, რომ ის სადღაც ახლოსაა, ხოლო მით უფრო რთული აღმოჩნდებოდა მდევრისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ამ უცნაური “საცხოვრებლის” მიგნება ძალიან რთულია, რახან კლდოვან აღმართზე გიწევს გამუდმებით ასვლა, თანაც დაბურული ხეების წყალობით, მზის სხივები ნაკლებ ატანს და ხავსიან კლდეზეც ფეხი სრიალებს, დამიჯერეთ, მაინც ღირს ამ ყველაფრის ნახვა. ბევრი ხის, ეკალბარდების თუ მკვდარი, ხრაშუნა ტოტების გათელვის შემდგომ (სხვაგვარად გზას უბრალოდ ვერ გაიკვლევთ) უეცრად, თითქოს მყისიერად მიწიდან ამოიმართა, თქვენს თვალწინ წარდგება კაცის ხელით ნაგები “გალავანი”. და ასე და ამგვარად, თქვენს წინაშია საშინლად უკომფორტო და წარმოუდგენელი კლდის განაპირას აგებული “საცხოვრებელი”. აქ ქვებით ამოშენებული პატარა ფანჯრებიდანაც შეგიძლიათ გაიჭვრიტოთ, ხოლო ლოდებისგან აგებულ კედელზე წააწყდებით იმ ადამიანების სახელებს, ვინც აქაურობას მოაგნო და დაათვალიერა. (თქვენც შეგიძლიათ სამახსოვროდ რაიმე დააწეროთ წვეტიანი ქვით). აი ასე, ვიდექი გაოცებული ბუნებრივ კლდესა და ადამიანის ხელით აგებულ კედელს შორის მოქცეული, ვფიქრობდი, გამოქვაბულის რომელ კუთხეს რა დატვირთვა ექნებოდა, წარმოდგენაც კი მზარავდა, რომ ზამთრის ცივ ღამეში აქ ვინმეს ეძინა, საოცარია როგორ გადარჩნენ, თუ გადარჩნენ, ესეც საკითხავია. თუმცა ასეთ მომენტებში იაზრებ, რომ სიყვარული მართლაც რომ ყველაზე არანორმალური გზებით გამოიხატება, და ალბათ ყველაზე წარმოუდგენელ პრობლემებსაც უმკლავდება.
შემდეგი სანახაობა ხადას ხეობისკენ მიმავალ გზაზე გახლავთ ე.წ. მჟავე წყლები. როდესაც მანქანის ფანჯრიდან პირველად თვალი მოვკარი ამ უცნაურ სითხეს, ნამდვილად ვერ წარმომედგინა, რომ ეს წყალი იყო, მით უმეტეს, სასმელად ვარგისი. მიზეზი მისი მკვეთრი ფერი იყო- მთელს გზას ზოლად მოჰყვებოდა ფოსფორის ფერი, ან ნარინჯისფერი დაკლაკნილი სითხე, რომელიც განშტოებების შეერთების ადგილას დიდ გუბეს წარმოქმნიდა. ის პირდაპირ მიწიდან ამოდიოდა, როგორც სხვა ბუნებრივი წყაროები, ასეთი რამ აქამდე არ მინახავს. ჩვენ ცოტა ხნით შევჩერდით, ბოთლები ავავსეთ, დავლიეთ ეს ჯადოსნური, შუშხუნა წყალი და სახეც მოვიბანეთ.
როგორც მითხრეს, მჟავე წყლები სამკურნალო თვისებების მატარებელია, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც მხედველობის პრობლემა აქვს, მახლობლად 20 დღიანი კურსებისთვის ჩამოდიან, რათა ამ მაცოცხლებელი წყლით დღეში ორჯერ თვალები ამოიბანონ, რის შედეგადაც, თვალი განიკურნება. როგორც აღმოჩნდა, მჟავე წყლები აქ საკმაოდ პოპულარობით სარგებლობდა, რახან ჩვენი მცირეხნიანი ყოფნის დროს, აქ არაერთი ჯგუფი მოვიდა ბოთლებით, მათ შორის იყვნენ ველო- მოლაშქრე ტურისტებიც. მანქანაში ჩაჯდომისას, ცოტა არ იყოს, შემრცხვა კიდეც, როდესაც ჭაღარა კაცმა ველოსიპედით ჩაგვიქროლა… ახალგაზრდებს...
შემდეგი გაჩერება - ჩანჩქერია- ძალიან ვიწრო და ძალიან გრძელი. აგრეთვე, მისასვლელად უმარტივესი. ჩვენ აქ ცოტა ხნით შევისვენეთ, გავგრილდით, გადავიღეთ ლამაზი სურათები და გზა განვაგრძეთ. მთავარი სიამოვნება წინ გველოდა.
გზად, მანქანიდან მთის წვერებზე არაერთი კოშკი, შეიძლება ითქვას, რომ სადაც გაიხედავდი, ყველგან კოშკები იყო. ძველად, როდესაც გუშაგები დაინახავდნენ მომავალ მტერს, ამ კოშკებზე კოცონს ანთებდნენ, როგორც ნიშანს განგაშისა. როგორც უკვე დასაწყისში ვახსენე, ხადას ხეობა ცნობილია, როგორც “60 კოშკის ადგილი”, სწორედ ისინი იცავდნენ სოფლებს და ყველას მიმდებარე ტერიტორიებზე მტერთაგან. ზუსტად ისე, როგორც “ჰოლდენ კოლფილდი” - სელენჯერის წიგნიდან “კლდის პირას, ჭვავის ყანაში” (ან “თამაში ჭვავის ყანაში”), როგორც მას ჰქონდა ოცნება, რომ დაეჭირა პატარა, წმინდა ბავშვები, რომ არ გადაჩეხილიყვნენ თამაშის დროს კლდიდან, ბოროტ სამყაროში, რომ არ დაბინძურებოდათ სულები, ზუსტად იგივე სულისკვეთებით ეს გუშაგები ცდილობდნენ საუკუნოვანი მთის ტრადიციების შენარჩუნებას. შეიძლება ითქვას, რომ მათ სიახლეების შიშიც კი ჰქონდათ, და მთელი ძალებით ცდილობდნენ წარსულთან ჩაბღაუჭებას. ისინი ნამდვილად იყვნენ კეთილი “დამჭერები კლდის პირას,” ხადას ხეობაში...
და აი, მივადექით პატარა, ზღაპრულ სოფელს, სადაც ალბათ ათიოდე ოჯახი თუ ცხოვრობს, თვალისთვის თითქმის უხილავს არწივის ბუდესავით შორეულ ქოხმახებში. ირგვლივ გასაოცარი სიწყნარეა გამეფებული, შესაძლოა იფიქრო, რომ ეს სახლები საერთოდაც მიტოვებულია და იქ არავინ ცხოვრობს, თუმცა ფანჯრის რაფებზე შემოლაგებული მოვლილი ყვავილები და სიმწვანეში აფრიალებული თეთრი ზეწრები ამის საწინააღმდეგოდ მსჯელობენ.
შესვლისთანავე თვალი მოვკარით შემაღლებულ ადგილას აგებულ უცნაური სტილის ძველ ეკლესიას, გვერდით ლამაზი სამრეკლოთი, და ეს სამრეკლო იმდენად მიმზიდველი იყო, თავი ძლივს შევიკავე, რომ ზარი დამერეკა… მწვანით შემოსილ მდელოზე, თბილსა და ხასხასა ბალახებს შორის მიმოფანტულიყო თითო-ოროლა საფლავი, მაგრამ აქ სასაფლაოც კი საოცრად წყნარი და ბუნებვირი მომეჩვენა, (მე, ადამიანს, რომელიც ყველაზე მეტად უფრთხის სასაფლაოებს) თითქოს “მშვიდად განისვენოს” სწორედ აქ ყოფნას გულისხმობდა. აქაც შევისვენეთ, წამოვწექით თბილ ბალახზე, სახეზე სიოს ნაზ ქროლვა ვგრძნობდით და ვტკბებოდით “უკაცო” გარემოს სიწყნარით. იქნებ ადამიანები მართლაც ყველაფერს ვაუარესებთ? აი ამ ადგილიდან შეიძლება ივას რომ დაიწყო ჩვენი ნამდვილი მოგზაურობა. აქედან უკვე კარგად ჩანდა ის ბილიკი, რომელსაც ჩანჩქერებამდე უნდა მივეყვანეთ.
ჩვენ ისინი გზიდანაც დავინახეთ, თუმცა არა, მხოლოდ იმ მდინარეებს მოვკარით თვალი, ჩანჩქერები რომ წარმოქმნიან. ისინი ხმაურიანად მოჩუხჩუხებდნენ და თითქოს მოგვიწოდებდნენ რომ ჩავმხტარიყავით და გვებანავა. თუმცა, წყალი წარმოუდგენლად ვიცი იყო, არათუ ცურვისთვის, უბრალოდ ფეხით გატოპვისთვისაც კი, თითქოს წამიერად ყინული მთელს სხეულში ვრცელდებოდა. მიზეზის კი ალბათ არ დამიჯერებთ, სანამ საკუთარი თვალით არ იხილავთ. მიმდებარე ტერიტორიაზე ზვავი ჩამოწვა, თოვლის ამ გროვამ ჩანჩქერის სათავესთან ხელოვნური თოვლს მთა შექმნა, რომელიც ნელ-ნელა, წვეთ-წვეთობით დნება, და ჩაედინება ჩანჩქერის წყალში. ზვავს, ბუნებრივია, თან მოყვა ლოდებისა და ქვების ჩამოყოლაც, თოვლის დნობასთან ერთად, ეს ლოდებიც მოულოდნელად ცვივა ჩანჩქერში. სწორედ ამ თოვლის გორის არსებობის გამო, შეუძლებელია წყალში ცურვა, რახან ის საოცრად დაბალ ტემპერატურას იანრჩუნებს, ამასთანავე, ლოდებისა თუ ქვების მოულოდნელი ჩაცვენა ჩანჩქერის აუზში ძალიან სახიფათოა, შესაბამისად აქ ცურვა კამიკაძეობის ტოლფასია… ჩანჩქერის სრულიად სანახავად საჭირო იყო თოვლის გორაზე ავცოცებულიყავით, რაც საკმაოდ უსიამოვნო მომენტი იყო ჩვენს ლაშქრობაში, რადგან თუ მოსახერხებელი და მყარძირიანი ფეხსაცმელი არ გაცვიათ, აუცილებლად დაგისრიალდებათ ფეხი. თოვლის გორის დაბრკოლების გადალახვის შემდგომ პატარა ბილიკს ავყევით მაღლა, და აღმოვჩნდით მთის წვერზე, საიდანაც ულამაზესი ჩანჩქერის სათავე ხელისგულივით გადაგვეშალა წინ. განსაკუთრებით გასაოცარი ამ ჩანჩქერში იყო ვარდნამდე პროცესი, ის ქმნიდა ბუნებრივ ატრაქციონს, არ ვიცი როგორ უნდა აღვწერ, აუცილებლად საკუთარი თვალით უნდა ნახოთ, წარმოიდგინეთ, კლდეში ღრმული, რომელშიც ჩანჩქერის წყალი ტრიალდებოდა, როგორც კარუსელი და ამ დატრიალების შემდგომ ეშვებოდა ქვემოთ. ეს ჩანჩქერი რამდენიმე “საფეხურისგან” შედგება, რომლებსაც თავ-თავიანთი აუზები აქვთ და საერთო ჯამში, ერთ დიდებულ სანახაობას ქმნიან კლდის პირას, ხადას ხეობაში.
საერთო ჯამში, დახას ხეობა არის ადგილი, რომელიც გთავაზობთ უამრავ ახალ გამოცდილებას, თავგადასავალს, დროის უმცირეს მონაკვეთში. თუ გსურთ რომ შუასაკუნოვან სოფელში ამოყოთ თავი, თუ ეძებთ ღვთაებრივ სიწყნარესა და თავბრუდამხვევ გარემოს ველურ პირობებში, აუცილებლად უნდა ესტუმროთ ხადას.
დამატებითი ინფორმაცია:
- მარშრუტის სიგრძე არის 14 კილომეტრი
- ხანგრძლივობა- 6 საათი
- სიამღლეები- 800 მეტრი მაღლა, 400- დაბლა
გირჩევთ, რომ ჩაიცვათ შესაბამისი მოსახერხებელი და რაც მთავარია, წყალგამძლე ფეხსაცმელი, რადგან ბევრგან მოგიწევთ მდინარეში გადასვლა, ესეც რომ არ იყოს, შეგხვდებათ ხავსმოკიდებული კლდეები, სადაც კარგი ფეხსაცმელი ყველაფრის ტოლფასია. კარგი იქნება თუ თან წაიღებთ საწვიმარს, რახან ასეთ ადგილებში ამინდმა მოულოდნელად იცის გაგიჟება. და არ დაგავიწყდეთ, - მზისგან დამცავი ქუდი, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რახან კილომეტრების განმავლობში მოგიწევთ ისეთ ადგილებში სიარული, სადაც ერთი საჩრდილობელი ხეც კი არ მოიპოვება და პაპანაქება მზის ქვეშ სიარული, დამერწმუნებით, კარგი არ არის. თუ არ გსურთ, რომ გოჭივით გაწითლდეთ, როგორც ეს მე დამემართა, წამოსვლამდე დარწმუნდით რომ ყველა საჭირო ნივთი თან გაქვთ.
ვიმედოვნებ, მოგეწონათ სტატია და უკვე ალაგებთ თქვენს ზურგჩანთას, რათა დაიპყროთ ხეობა კლდის პირას.
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დაწერეთ კომენტარი