რატომ ყაზბეგი?
თუ იმდენად გადატვირთული გრაფიკი გაქვს, რომ ვერ ახერხებ დიდი ხნით სამოგზაუროდ წასვლას, გული არ გაიტეხო. ყოველთვის შეგიძლია მოწყდე დამღლელ ყოველდღიურობას ერთი ან ორი დღით და ქალაქგარეთ სასიამოვნო ექსკურსია მოიწყო.
ყაზბეგი სწორედ იმ ლოკაციებს შორისაა, სადაც ორი დღის განმავლობაში მრავალფეროვანი და საინტერესო ადგილების და ღირსშესანიშნაობების ნახვა შეგეძლება. თბილისიდან სულ რაღაც 2,5 საათის მანძილით დაშორებულ ყაზბეგისკენ მიმავალ გზაზე შეგეძლება დატკბე თვალისმომჭრელი ხედებით, ესტუმრო ისტორიულ ციხე-სიმაგრეებს თუ ეკლესიებს და დააგემოვნო მთის სამზარეულო.
რა ვნახოთ?
ანანურის ციხე და ჟინვალის წყალსაცავი
პირველი ღირსშესანიშნაობა, რომელიც გზად შემოგხვდებათ ჟინვალის წყალსაცავია, რომელზეც კაშხალი თბილისისთვის ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად აშენდა. ეს ტურისტების საყვარელი ადგილია ფოტოების გადასაღებად. აქვე იხილავთ ანანურის ციხე-სიმაგრეს, რომელიც XVI-XVII საუკუნეებით თარიღდება და რამდენიმე ეკლესიასაც აერთიანებს მთლიან კომპლექსში. თუ გაგიმართლათ, შეგეძლებათ კომპლექსში შემავალი ჯვარიპატიოსნის ტაძარიც იხილოთ, რომელიც წყლის დონის მომატების დროს წყლით იფარება.
გუდაურის კურორტი
სამხედრო გზა გაივლის გუდაურის კურორტსაც. მიუხედავად იმისა, რომ გუდაური ზამთრის კურორტია, გასართობი აქტივობებით დაკავება ზაფხულშიც შეგეძლებათ. პირველ რიგში, დატკბით გუდაურის ულამაზესი ხედებით, რომელიც ზამთარი-ზაფხულ არ კარგავს თავის მომხიბვლელობას. გუდაურში შეგეძლებათ სცადოთ ცხენის ჯირითი, ფეინთბოლი, პარაპლანით ფრენა და სხვა. პოპულარული ღირსშესანიშნაობაა რუსეთ-საქართველოს “მეგობრობის” მონუმენტიც, რომელიც 1983 წელს აიგო გეორგიევსკის ტრაქტატის დადების 200 წლის “აღსანიშნავად”, თუმცა მის აგებას პროპაგანდისტული მიზნები ჰქონდა და მისი სახელწოდება არ შეესაბამება დღევანდელ რეალობას.
ჯვრის უღელტეხილის ტრავერტინი
გუდაურიდან 25 წუთის სავალზე ყაზბეგისკენ მიმავალ გზაზე, მდ. ბიდარას ხეობაში რამდენიმე ადგილას არის კიროვანი ტრავერტინების დანაგროვები. ისიც ერთ-ერთი თვალწარმტაცი და მნიშვნელოვანი ლოკაციაა, რომლის ხილვაც გულგრილს არავის დატოვებს.
სტეფანწმინდა
სტეფანწმინდა, რომელიც ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ცენტრს წარმოადგენს, თქვენი მოგზაურობის ძირითადი ადგილმდებარეობაა. მყინვარწვერის ძირში მდებარე ეს პატარა დაბა მსოფლიოს ულამაზეს პატარა ქალაქებს შორისაც კი დაასახელეს. სტეფანწმინდა მოგზაურობის პირველ დღეს შეგიძლიათ გამოიყენოთ დასარჩენ ადგილად (იხ.ქვემოთ დასარჩენი ადგილები). თუკი გიზიდავთ მუზეუმები, შეგიძლიათ დღე დააბოლოოთ სტეფანწმინდის ისტორიულ მუზეუმში ვიზიტით, რომელიც განთავსებულია ა.ყაზბეგის საგვარეულო-მემორიალურ კომპლექსში.
გერგეტის სამება
ყაზბეგის მონახულება წარმოუდგენელია გერგეტის სამების ხილვის გარეშე. მე-14 საუკუნეში აგებული ეს მონასტერი ზღვის დონიდან 2170 მეტრზე მდებარეობს და საქართველოს ტურისტულ საფირმო ნიშანს წარმოადგენს. ადგილზე მოხვედრა შეიძლება ტაქსით, რომელიც სტეფანწმინდიდან დადის. თუ უპირატესობას ანიჭებთ უფრო იაფ და სათავგადასავლო გზას, შეგიძლიათ მოაწყოთ ლაშქრობა. სტეფანწმინდიდან გერგეტამდე ფეხით მისასვლელად და უკან წამოსასვლელად დაახლოებით 1,5-2 საათი დაგჭირდებათ. საკმარისი გაბედულება თუ გექნებათ, შეგიძლიათ ადგილზე იქირაოთ ცხენი და დაუვიწყარი დრო გაატაროთ.
გველეთის ჩანჩქერი/სოფელი ცდო
2-დღიან მოგზაურობაში შეგიძლიათ სამხედრო გზას ბოლომდე გაუყვეთ და დატკბეთ ყაზბეგის ბუნების მრავალფეროვნებით. ორი მთავარი ლოკაცია არის სოფელი ცდო და გველეთის ჩანჩქერი, რომლებიც ტურისტებს ყოველთვის იზიდავს. ჩანჩქერი არაა შორს სტეფანწმინდიდან და მასთან მისვლა საკმაოდ იოლია. სტეფანწმინდიდან გველეთამდე დაახლოებით 7 კმ-ია. გზად გაივლით სოფელ ცდოს. ცდოში ნახავთ კლდის პირას ნაგებ სახლებს, რომლებშიც ადამიანები დღემდე ცხოვრობენ. შეგეძლებათ მოინახულოთ ცდოს გიორგობის ხატიც. ადგილამდე მისასვლელად შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ავტომობილი, ისე მიხვიდეთ ფეხით.
დარიალის ხეობა/დარიალის სამონასტრო კომპლექსი
თუ მანქანით მგზავრობა გადაწყვიტეთ, აუცილებლად მოასწრებთ, რომ სამხედრო გზას ბოლომდე გაჰყვეთ დარიალის ხეობაში. დარიალის სამონასტრო კომპლექსი თანამედროვე სტილის მონასტერია, რომელიც რამდენიმე ეკლესიას აერთიანებს და კომპლექსში სულ 12 ტაძრის მშენებლობაა დაგეგმილი. იგი ყველაზე შორი წერტილია, რომელსაც თბილისიდან წამოსულ ტურისტს შეუძლია მიაღწიოს. იგი საუკეთესო ადგილია სეირნობისთვის და ხედებით ტკბობისთვის.
ტრანსპორტი
ყაზბეგში მოხვედრა სხვადასხვა სახის ტრანსპორტით შეიძლება. ყველაზე კომფორტული კერძო ტაქსის ან მანქანის დაქირავებაა, მძღოლის ან ტრანსპორტის დასაქირავებლად გადადით ბმულზე. თუ უფრო იაფ ბიუჯეტიან საშუალებას ეძებთ, მაშინ ორდღიანი მოგზაურობის მოწყობა შეგიძლიათ სამარშრუტო ტაქსით, რომლებიც ყოველ ერთ საათში ერთხელ გადიან დიდუბის ავტოსადგურიდან. გასვლის გრაფიკისა და ბილეთების შესაძენად გადადით დიდუბის ავტოსადგურის ვებ-გვერდზე. ასევე ერთ-ერთ ვარიანტად შეგიძლიათ განიხილოთ რომელიმე ტურისტული კომპანიის ტურის პაკეტის შეძენა. ტურები ყაზბეგის მიმართულების იხილეთ ამ გვერდზე.
სად დავრჩეთ?
ყაზბეგში განსხვავებული ფასებისა და სერვისის მქონე სასტუმროების ფართო არჩევანია. თქვენის დაგეხმარებით თქვენთვის სასურველი სასტუმრო, კოტეჯისა თუ საოჯახო სასტუმროს შერჩევაში, როგორ სტეფანწმინდაში, ისე მის შემოგარენში.
რა ვჭამოთ ყაზბეგში?
ზოგადად, ქართული კულინარიის სახელგანთქმულობა არავისთვის უცხო არაა. ყაზბეგის მონახულებისას აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ ადგილობრივი კერძები, რომლებიც რეგიონის სამზარეულოს საფირმო ნიშანს წარმოადგენს. პირველ რიგში, აუცილებლად დააგემოვნეთ მოხევური ხინკალი, რომელსაც ადგილობრივები დაკეპილი ხორცით ამზადებენ. ასეთ ხინკალს სხვაგან ვერ გასინჯავთ, ამიტომ აუცილებლად გამოიყენეთ მისი დაგემოვნების შანსი. ყაზბეგში ასევე შეგიძლიათ გემო გაუსინჯოთ ქართული მთის სამზარეულის სხვა კერძებსაც, მაგალითად, მოხევურ ხაჭაპურს. ყაზბეგში არის როგორც ტრადიციული, ისე თანამედროვე სტილის კვების ობიექტები და თუ რომელს ესტუმრებით, ეს თქვენს ხასიათსა და გემოვნებაზე იქნება დამოკიდებული.
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დაწერეთ კომენტარი