თუ თბილისში ცხოვრობთ და მუშაობთ და ბევრი დრო არ გრჩებათ რამდენიმედღიანი მოგზაურობისთვის, მთებში ან ზღვაზე წასასვლელად, სალაშქროდ ან თუნდაც საზღვარგარეთ დასასვენებლად, გული არ გაიტეხოთ. თბილისი გეოგრაფიულად ისეთ ადგილას მდებარეობს, რომელთანაც ახლოსაა როგორც ბუნებრივი, ისე ადამიანის მიერ შექმნილი ღირსშესანიშნაობები. მოცემული სტატია დაგეხმარებათ იპოვოთ თქვენთვის სასურველი მარშრუტი, სადაც 1 საათში ან უფრო ნაკლებ დროში მიაღწევთ თბილისიდან და დროს სასიამოვნოდ გაატარებთ.
გთავაზობთ 10 ადგილს, რომლის ნახვაც თბილისთან ახლოს შეგიძლიათ:
1. ქალაქი მცხეთა
მცხეთის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა კულტურული ძეგლების მრავალფეროვნებით. იგი ქართლის უძველესი დედაქალაქია და ამ ქალაქში ჰარმონიულადაა შერწყმული ისტორიის მრავალი ეპოქა. მისი ხსენებისას პირველ რიგში გვახსენდება სვეტიცხოველის ტაძარი, რომელიც XI საუკუნის ხუროთმოძღვრული ძეგლია და იგი საქართველოს ქრისტანულ სარწმუნოებრივ ცენტრს წარმოადგენს. სვეტიცხოველთან ახლოს შეგიძლიათ ჯვრის მონასტრის ხილვაც, რომელიც VI საუკუნის ტაძარია და არქიტექტურული ფორმით უნიკალური და იშვიათია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში.
მცხეთაში სტუმრობისას შეგიძლიათ მოინახულოთ მცხეთის ისტორიული უბანი, რომელიც სვეტიცხოველთან და ჯვრის მონასტერთან ერთად იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სიაშია შესული, რაც თავისთავად ხაზს უსვამს მათ საკაცობრიო მნიშვნელობასაც.
მცხეთაში სტუმრობისას ასევე დასამახსოვრებელი იქნება სამთავროს სამონასტრო კომპლექსის მონახულება, სადაც დასაფლავებულები არიან მირიან მეფე და ნანა დედოფალი, ასევე აქ უცხოვრია მცირე ხნით წმინდა ნინოსაც.
2. მცხეთის შემოგარენი
მცხეთასთან ახლოს ასევე ვხვდებით მნიშვნელოვან კულტურულ ძეგლებს. ამ მხრივ უნდა გამოვარჩიოთ არმაზი, რომელიც მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტი ყოფილა უკვე ძვ.წ. მე-3 საუკუნისთვის. აქ შეგიძლიათ იხილოთ არმაზის ციხე, რომელიც XIII-XIV საუკუნეებშია აგებული და მაღალ მთაზე მდებარეობს.
არმაზშივე შეგიძლიათ მოინახულოთ არმაზის ღვთისმშობლის ეკლესია, რომელიც XII საუკუნის მეორე ნახევარს განეკუთვნება და მცხეთიდან ორი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
თბილისიდან მცხეთის გავლით ასევე შეგიძლიათ მოხვდეთ შიომღვიმის მამათა მონასტერში, რომელიც VI საუკუნის მეორე ნახევარშია აგებული და იგი ერთ-ერთი ასურელი მამის, შიოს აშენებულია. ეს კომპლექსი გამოირჩევა როგორც გრანდიოზული არქიტექტურით, აგრეთვე თვალისმომჭრელი ბუნების ხედებით. ამიტომ თუ მცხეთას ესტუმრებით, არ გაუშვათ ხელიდან შანსი შიომღვიმის ხილვისა.
3. საგურამო
თუ მოსანახულებლად საგურამოს აირჩევთ, მაშინ საინტერესო მგზავრობა გელით. მთავარი გზატკეცილიდან გადახვევისას მალევე მიადგებით წიწამურის ტყეს. გარდა მისი ისტორიული მნიშვნელობისა, ეს ადგილი ცნობილია იმით, რომ ამ ადგილას მოკლეს ქართველთა „ერის მამად“ წოდებული ილია ჭავჭავაძე 1907 წელს, რომლის ძეგლიცაა აღმართული ამ ადგილას.
თავად საგურამოში მდებარეობს ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, რომელიც 1895 წელს ილიას მეუღლის, ოლღა გურამიშვილის მზითევში მიღებულ მამულს წარმოადგენს, ხოლო მუზეუმად 1949 წელს გადაკეთდა გიორგი ლეონიძის თაოსნობით. ეს მუზეუმი ტურისტებისა და დამსვენებლებისთვის ძალიან პოპულარული ადგილია, რადგანაც გამოირჩევა კულტურული მნიშვნელობითა და ბუნების მრავალფეროვნებით.
4. ზედაზნის მონასტერი
იგი ერთ-ერთი უძველესი სამონასტრო კომპლექსია, რომლის შესახებაც მრავალი ლეგენდარული თქმულება თუ ნამდვილი ისტორია გვაქვს შემონახული. გადმოცემის თანახმად, სახელი „ზედაზენი“ უკავშირდება აქ აღმართული კერპის - ზედანის სახელს. აქვე მდებარეობს მონასტერი, რომლის აგებაც კიდევ ერთი ასურელი მამის, იოანე ზედაზნელის სახელს უკავშირდება და თარიღდება VI საუკუნის შუა წლებით. აღსანიშნავია ისიც, რომ მონასტერთან ტყის ფართო მასივები მდებარეობს, რომლებიც საგურამოს ტყეებთან ერთად ნაკრძალადაა გამოცხადებული.
5. მუხრანი
მცხეთიდან 23 კილომეტრში მდებარეობს სოფელი მუხრანი, რომელიც უმნიშვნელოვანესი დასახლებული პუნქტია საქართველოს ისტორიაში. აქ არსებული სათავადო გვარი - მუხრანბატონები გავლენიანი გვარი იყო შუა საუკუნეების ქართულ სამეფო კარზე. მათი შთამომავლები ქართლის ტახტსაც კი იყვნენ დაუფლებულნი. აქ შეგიძლიათ იხილოთ უკვე აღდგენილი „შატო მუხრანის“ სასახლე, რომელიც პირველი შატოა საქართველოში. ისი საქმიანობა ეფუძნება მეღვინეობის იმ უნიკალური ტრადიციის გაგრძელებას, რომელიც შექმნა ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენელმა ივანე მუხრანბატონმა.
მუხრანის ღირსშესანიშნაობას ასევე წარმოადგენს მუხრანის ციხე-სიმაგრე, რომელიც ისტორიულ შიოსუბანში მდებარეობს და XVIII საუკუნით თარიღდება. იგი მთავარი ციტადელი იყო მტრებისგან თავის დასაცავად. ციხესიმაგრე კომპლექსია, რომელიც შიგნით რამდენიმე ეკლესიასაც მოიცავს.
6. ძალისის ნაქალაქარი
ამ კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ბევრს არ აქვს საკმარისი ინფორმაცია. იგი მუხრანთან ახლოს მდებარეობს და ძვ.წ. II - ახ.წ. VIII საუკუნეებით თარიღდება. იგი 1970-იან წლებში აღმოაჩინეს. მის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ტაძარ-სასახლის ნაშთები და აბანოს კომპლექსები. აქვეა აღმოჩენილი ძალისის საცურაო აუზი, რომელიც უნიკალურია თავისი აგებულებით ქართულ სინამდვილეში და ახ.წ. II-III საუკუნეებს განეკუთვნება. ეს ნაქალაქარი კიდევ ერთი დადასტურებაა საქართველოს ისტორიის სიმდიდრისა და მისი ანტიკურ სამყაროსთან კავშირისა, ვინაიდან იგი პტოლემაიოსსაც აქვს მოხსენიებული.
7. თბილისის ეროვნული პარკი
თბილისის ეროვნული პარკი თბილისის გარშემო მდებარეობს და სამ მხარეში ვრცელდება. მასში წარმოდგენილია მრავალფეროვანი ლანდშაფტები და ღირსშესანიშნავი ადგილები. ეს საუკეთესო ადგილია დასვენების მოსაწყობად. პარკში მოწყობილია სპეციალური საპიკნიკე ადგილები. ასევე ვიზიტორებს აქვთ საშუალება აირჩიონ დასვენების ფორმაც: იქნება ეს საცხენოსნო, საფეხმავლო თუ სამანქანო ტური. პარკში ასევე გამოყოფილია მარტივი, საშუალო და რთული ტიპის ველომარშრუტებისთვის გზები. პარკში ასევე შესაძლებელია კარვით ღამის გათევაც, რადგან მონიშნულია შესაბამისი ადგილები.
მის შემადგენლობაში შედის საბადურის ტყეც, რომელიც უფრო და უფრო პოპულარული ტურისტული ადგილი ხდება. ეს ტყე ყველა სეზონზე გამოირჩევა სილამაზით, თუმცა განსაკუთრებულად ლამაზი შემოდგომითა და ზამთარშია, როცა ფოთლებით ან/და თოვლით იფარება და იქ მისვლა მანქანით კომფორტულადაა შესაძლებელი.
8. ბაზალეთი
ბაზალეთის ტბა თბილისიდან 40 კილომეტრში მდებარეობს და ცნობილია როგორც სილამაზით, ისე მისი სამკურნალო თვისებებით. ბაზალეთის ტბა ტურისტების ნაკლებობას არც ერთ სეზონზე არ განიცდის, რადგან კურორტზე მოწყობილია ყველანაირი ინფრასტრუქტურა და იქ მისვლა შესაძლებელია როგორც საკუთარი ავტომობილით, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ბაზალეთზევე შეგიძლიათ იხილოთ თეთრი სვეტების კოლონადა - რომელიც სიმბოლოა ქართველებისა და ებრაელების 2500 წლიანი მეგობრობის და სიყვარულისა.
9. ანანურის კომპლექსი
ეს საქვეყნოდ ცნობილი ისტორიული ძეგლია, რომელიც საქართველოს სამხედრო გზის პირას მდებარეობს. კომპლექსი XVI-XVII საუკუნეების ფეოდალურ საქართველოს დროს არის აშენებული და მოიცავს რამდენიმე ნაგებობას, მათ შორის კოშკებს, გალავანსა და ეკლესიას. ანანურის ციხეს ნებისმიერ ეპოქაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. იგი მეფის რეზიდენციადაც კი იყო გადაქცეული მცირე დროის განმავლობაში.
ანანურის ციხესთან ასევე გადაშლილია ჟინვალის წყალსაცავის შესანიშნავი ხედები, რომელიც გულგრილს მნახველს არასდროს ტოვებს. თუ გაგიმართლათ, შეგეძლებათ კომპლექსში შემავალი ჯვარიპატიოსნის ტაძარიც იხილოთ, რომელიც წყლის დონის მომატების დროს წყლით იფარება.
10. დიდგორის მონუმენტი
ეს მემორიალური კომპლექსია, რომელიც დიდგორის ველზე მდებარეობს და ეძღვნება 1121 წლის 12 აგვისტოს მომხდარ დიდ ბრძოლას ქართველებსა და თურქ-სელჩუკებს შორის, რომელიც ქართველთა ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა. ამ ბრძოლას ისტორიკოსებმა “ძლევაი საკვირველი” უწოდეს. მემორიალს დიდი ტერიტორია უჭირავს. კომპლექსის ცენტრში, მთაზე, მონუმენტი დგას, რომელზეც ბორჯღალია გამოსახული, მის გარშემო კი დიდი ზომის ხმლები, საზეიმო სვეტები, ზარები და სხვა ელემენტებია განლაგებული. აქ ყოველ წელს აგვისტოს თვეში იმართება დიდგორობის დღესასწაული, რომელიც ბრძოლაში გამარჯვების აღნიშვნას ეძღვნება.
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დაწერეთ კომენტარი