ასპინძის მუნიციპალიტეტი სამცხე-ჯავახეთის მხარეში მდებარეობს. ადამიანის ცხოვრების კვალი აქ უძველესი დროიდან იწყება. ასპინძაში აღმოჩენილია ნამოსახლარები, ყორღანები, მეგალითური ნაგებობები და სამაროვნები, რაც ადასტურებს ამ ტერიტორიებზე ადრეულ ხანებში ცივილიზაციისა და დასახლებების არსებობას. ერთ-ერთი საყურადღებო ძეგლია საროს ციხე-სიმაგრე. ასპინძა წერილობით წყაროებში პირველად IX ს-ის ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონების შინაომების აღწერისას იხსენიება. ეს სახელწოდება ქართულში სპარსულიდან შემოვიდა და იგი დიდ გზაზე მდებარე სასტუმროს, დასასვენებელ სადგურს აღნიშნავდა. ასპინძა შუასაუკუნეებში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილი იყო და მას მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენებიც უკავშირდება. 1625 წელს გიორგი სააკაძემ ასპინძასთან ყიზილბაშთა ლაშქარი დაამარცხა. 1770 წელს კი ასპინძის ბრძოლაში ერეკლე II-მ ოსმალებისა და ლეკების შეერთებულ ლაშქარს სძლია. ეს ტერიტორიები დიდ როლს ასრულებდა ქვეყნის პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში, რასაც რაიონში შემორჩენილი მრავალი ციხე-სემაგრე და ტაძარიც მოწმობს. როგორც მხატვრული და ხუროთმოძღვრული, ასევე ისტორიული თვალსაზრისით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია ვარძია. 1203 წელს ვარძიის მონასტერში შეიკრიბა მრავალრიცხოვანი ლაშქარი საქართველოს ყველა კუთხიდან, რომელმაც მუსლიმანთა კოალიციის ოთხასათასიანი ლაშქარი ბასიანის ბრძოლაში დაამარცხა. ასპინძა ცალკე რაიონი 1930 წელს გახდა, ტოლოშის რაიონის სახელით, 1933 წელს კი მას ასპინძის რაიონი ეწოდა. დღესდღეობით ასპინძაში ფუნქციონირებს 2 თეატრი, 2 მუზეუმი, ბიბლიოთეკები და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები. მუნიციპალიტეტში განვითარებულია სოფლის მეურნეობა, წამყვანი დარგებია: მიწათმოქმედება, მეხილეობა, მეცხოველეობა. რაიონში არის ორი ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტი: ასპინძა და ნაქალაქევი. ბუნების სილამაზისა და კულტურული ძეგლების სიმრავლიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტს დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს. სივრცეები, კლდეები, უძველესი ციხე-სიმაგრეები და ეკლესია-მონასტრები უამრავ მოგზაურობის მოყვარულს იზიდავს.
გეოგრაფია და კლიმატი
ასპინძის მუნიციპალიტეტი სამცხე-ჯავახეთის მხარეში მდებარეობს, ახალციხის ქვაბულის აღმოსავლეთ ნაწილში. მისი ადმინისტრაციული ცენტრია დაბა ასპინძა. მუნიციპალიტეტი 12 ადმინისტრაციული ერთეულისგან შედგება, ესენია: დაბა ასპინძა, აწყვიტა, დამალა, თოკი, იდუმალა, ორგორა, ოთა, რუსთავი, ტოლოში, ძველი, ნაქალაქევი, ხიზაბავრა. ასპინძის მუნიციპალიტეტს აღმოსავლეთით ახალქალაქი ესაზღვრება, დასავლეთით - ახალციხე, ჩრდილოეთით - ბორჯომი, სამხრეთით კი - თურქეთის რესპუბლიკა. რაიონისთვის დამახასიათებელია ძლიერ დანაწევრებული რელიეფი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რელიეფის სიმაღლე ზღვის დონიდან 1200–1800 მეტრის ფარგლებში იცვლება და ვაკისებრი ტერასებით, გორაკ– ბორცვებითა და ვულკანური წარმოშობის მთებითაა წარმოდგენილი. ასპინძის მთავარი მდინარეა მტკვარი, მისი შენაკადებია: ფარავანი, ოთა, ოშორა და სხვა. რაიონში მდებარეობს წუნდის ტბა. მუნიციპალიტეტი მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით, როგორიცაა: ბაზალტი, მარმარილო, ტუფი, ვულკანური წიდა, თერმული და რადიოაქტიური წყლები და სხვა.
ასპინძის მუნიციპალიტეტში მთის სტეპის ჰავაა. დაბალ ზონაში საშუალო წლიური ტემპერატურა 9°C-ია, იანვრის საშუალო ტემპერატურაა - -2°C, აგვისტოსი კი - 20°C. ზედა ზონაში ჰავა უფრო მკაცრია.
რა ვნახოთ
ასპინძის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ბუნების სილამაზითა და კულტურულ-ისტორიული ძეგლების სიმრავლით. ხეობები, გაშლილი სივრცეები, ხედები, კლდეები და ვრცელი მინდვრები შესანიშნავია ბუნებაში ხეტიალის მოყვარულთათვის. ამ რაიონში ბევრ ულამაზეს ადგილს იპოვნით განტვირთვისა და დასვენებისთვის. ერთ-ერთი ასეთი ადგილია წუნდის ტბა, რომელიც მისასვლელადაც იოლია და მშვენიერ გარემოსაც დაგახვედრებთ. ასპინძა ნამდვილად სამოთხეა კულტურით დაინტერესებული ადამიანებისთვისაც. აქ ნახავთ უძველეს ციხე-სიმაგრეებს, ნამოსახლარებს, მეგალითებს, ეკლესია-მონასტრებს, რომლებიც საუკუნეებსა და ათასწლეულებსაც კი ითვლიან. ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლია საროს ციხე, რომელიც ძვ.წ. II-I ათასწლეულებით თარიღდება და ძალიან შთამბეჭდავ და საინტერესო კომპლექსს წარმოადგენს. ასპინძაში მდებარეობს ქართული კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი - ვარძია, რომელიც თავისი გრანდიოზულობითა და მხატვრული თავისებურებებით უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. აღსანიშნავია აგრეთვე: ზედა ვარძია, ვანის ქვაბები, თმოგვის ციხე, ხერთვისის ციხე, ზედა თმოგვის ეკლესია და მრავალი სხვა. რაიონში ფუნქციონირებს ასპინძის შოთა რუსთაველის სახელობის სახალხო მუზეუმი, სადაც ეთნოგრაფიული, ისტორიული, ფერწერული, სკულპტურული და ლიტერატურული მასალაა წარმოდგენილი. მუნიციპალიტეტში არის ორი ბალნეოლოგიური კუროროტი, ასპინძა და ნაქალაქევი, სადაც კომფორტულ და სასიამოვნო დასვენებას შეძლებთ შესანიშნავ გარემოში.
ბუნება
კულტურული ძეგლები
ყველა ადგილის სანახავად დააჭირეთ აქ
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვაასპინძის რაიონი მესხეთს მიეკუთვნება თუ ჯავახეთს?
ცალსახა პასუხის გაცემა ვფიქრობ შეუძლებელია. ამ საკითხზე მეტ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე - https://georgiantravelguide.com/ka/samtskhe-javakheti