რიყის პარკი თბილისის გულში მოთავსებული ადგილია, რომელიც პოპულარობით სარგებლობს ადგილობრივებსა და ტურისტებს შორის. ის სხვა პარკებისგან იმით გამოირჩევა, რომ თუ მას ზევიდან დავხედავთ, (როგორც იტყვიან, ჩიტის თვალით დანახულს) აქვს საქართველოს რუკის ფორმა. პარკი მდებარეობს მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. მარტივია აქ მისვლა, პირველ რიგში, თუ სეირნობთ ძველ თბილისში, მარტივად შენიშნავთ “მშვიდობის ხიდს”, რომელიც სიმბოლოა რიყის პარკისა, როგორც გამაერთიანებელი ძველი და თანამედროვე სტილისა თბილისში. ეს ხიდი შესულია სიაში “30 გასაოცარი ხიდი, რომლებიც წარმოადგენენ არქიტექტურულ შედევრებს.” თუმცა, სწორედ “მშვიდობის ხიდის” შესახებ შეხედულებები საკამათოა, რამეთუ ის მდებარეობს ისტორიული, ძველი თბილისის ტერიტორიაზე, და გარემოსთვის შეუფერებლად მიაჩნიათ. ზოგი ფიქრობს, რომ ხიდი ჩრდილავს ძველი თბილისის სადა და ვინტაჟურ შენობებს… რაც არ უნდა იყოს, მოგეხსენებათ, შავი პიარი საუკეთესო პიარია, სწორედ ამიტომ, გაგიჭირდებათ ისეთი ადამიანის ნახვა თბილისში, რიყის პარკში ნამყოფი რომ არ იყოს.

მშვიდობის ხიდი, რიყის პარკი


აქ მოსასვლელი მეორე გზა მდებარეობს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. კერძოდ ავლაბრიდან ფეხით შეგიძლიათ ჩამოისეირნოთ აქ - რიყის პარკის “კლდოვან კიბეებზე”.
პარკი დაპროექტებულია წამყვანი ევროპელი ფირმების მიერ. უნდა აღვნიშნო, რომ ეს ადგილი განსაკუთრებით ლამაზია ღამით, როდესაც ინთება ლამპიონები, და თავად ხიდი,(ზუსტად მზის ჩასვლამდე 90 წუთით ადრე)  რაც ცალკე სანახაობაა. მტკვარი ირეკლავს ათასფრად მოციმციმე ხიდს და ორივე სანაპიროს. ზაფხულში აქ აგრეთვე შეგიძლიათ ნახოთ მოცეკვავე და მომღერალი შადრევანი, რომელიც ასევე ანათებს სხვადასხვა ფერად.

რიყის კიბეები ავლაბრიდან


ის, რაც ყველაზე მიმზიდველს ხდის პარკს, არის საბაგირო, რომელსაც მგზავრები გადაჰყავს მტკვრის თავზე, და სვამს პირდაპირ ნარიყალას ციხესიმაგრესთან. ეს ადგილი ყოველთვის გადაჭედილია ხალხით, ექსტრემალური სიტუაციების მოყვარულთ კი შეუძლიათ კონკრეტულად ნომერ1 საბაგიროს დაელოდონ, სადაც იატაკიც კი მინისაა.

საბაგირო

რიყის პარკი, როგორც უკვე ვთქვი, საყვარელი ადგილია როგორც აქ მცხოვრებთათვის, აგრეთვე ტურისტებისთვის. აქ შეგიძლიათ ითამაშოთ გიგანტური ჭადრაკი, ან დაუკრათ აგრეთვე გიგანტურ პიანინოზე. შეგიძლიათ აქ ბავშვებით მოხვიდეთ და მათთან ერთად გაერთოთ, ითამაშოთ, აცოცდეთ ხელოვნურად შექმნილ კლდეზე, დაემალოთ ბავშვებს ლაბირინთებში, დაესწროთ “ამფითეატრს”, ან უბრალოდ იხეტიალოთ. მართალია რიყის პარკი ითვლება ერთ-ერთი უახლეს “ახალგაზრდა” გასართობ ადგილად თბილისში, მან შეძლო და უკვე დაიმკვიდრა თავი მოსახლეობაში. მეტალის ორი ტუბი პარკის ჩრდილოეთ ნაწილში წარმოადგენს მომავალ საკონცერტო დარბაზს, და თეატრს, თუმცა ამ ეტაპისთვის მისი მშენებლობა შეჩერებულია.
რიყის პარკი

რიყის პარკში ფეხის ყოველ ნაბიჯზე წააწყდებით სხვადასხვა წვრილმანი სათამაშოებისა და სასუსნავების გამყიდველებს, ბამბის ნაყინის სურნელს რომ ავრცელებენ ირგვლივ და პატარებთან ერთად დიდებსაც აცდუნებენ. აქვე არიან მხატვრებიც, რომლებიც გთავაზობენ პორტრეტებსა და დროებით სვირინგებს. ზაფხულობით რიყის პარკში ხელოვნების ნიმუშთა გამოფენაც ეწყობა, სადაც შეგიძლიათ არა მხოლოდ დაათვალიეროთ ნამუშევრები, არამედ შეიძინოთ კიდეც. ოქტომბერში რიყის პარკში იმართება ყოველწლიური ფართომასშტაბიანი დღესასწაული თბილისობა, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ სხვადასხვა ტრადიციული საკვები საქართველოს ყოველი კუთხიდან, რaც არა მხოლოდ გემრიელი, აგრეთვე ერთ-ერთი ულამაზესი ღონისძიებაა.

tbilisoba at rike park