ავლაბარი თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანია. იგი მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს - რიყეს, ჩუღურეთს, ელიასა და ნავთლუღს შორის მდებარეობს. აქ მრავალი საინტერესო ღირშესანიშნაობის მონახულება შეგიძლიათ. მეტეხის ტაძარი, დარეჯანის სასახლე, სამების ტაძარი, მოხატული ძველი სადარბაზოები, მეტეხის ხიდი და ძველი თბილისის შესანიშნავი ხედები დიდ ინტერესს იწვევს და უამრავ ტურისტს იზიდავს. აქ მდებარეობს ფორქიშვილების დარბაზიც, რომელიც ქართული ხალხური საცხოვრებელი სახლის უნიკალური ნიმუშია. ავლაბრიდან ნარიყალას ციხე-სიმაგრის მშვენიერი, შთამბეჭდავი პანორამა იშლება. აქვეა მშვიდობის ხიდი და რიყის პარკიც. ავლაბარში ასევე მრავლადაა კაფე-ბარები, რესტორნები და სასტუმროები, სადაც სასიამოვნოდ გაატარებთ დროს და განიტვირთებით. აქ მრავალი შესანიშნავ ადგილს იპოვნით სასეირნოდ, დასასვენებლად, თბილისის კულტურისა და ისტორიისა გასაცნობად თუ ფოტოების გადასაღებად. ისტორიული ძეგლებით, მრავალფეროვანი გარემოთი და ქალაქის ულამაზესი ხედებით ავლაბარი მუდმივად ხიბლავს მნახველებს, ამ უბანში ყოველთვის ხალხმრავლობაა.
ისტორია
ავლაბარს დიდი ისტორია აქვს. არქეოლოგიური აღმოჩენები ადასტურებს, რომ ამ ტერიტორიებზე ადამიანი ჯერ კიდევ ძვ. წ. I-II ათასწლეულებში სახლობდა. ავლაბარს XI-XIII საუკუნეების ისტორიულ წყაროებში „ისანი“ ეწოდება. სიტყვა „ავლაბარი“ კი, როგორც ჩანს, XIV საუკუნეში დამკვიდრდა, თუმცა პარალელურად „ისანი“ შემდეგაც იხმარებოდა. ავლაბრის მთავარი უბნები სოღდებილი და მეტეხი იყო. მკვლევარი თეიმურაზ ბერიძის განმარტებით, სიტყვა „ბარე“ სანგარს, ზღუდეს, გალავანს ნიშნავს, ჰავლე - მიდამოს, სახელწოდება „ავლაბარი“ კი - გალავნის იქითა მიდამოს, გარეუბანს. XVII საუკუნეში ავლაბარი საკმაოდ გაზრდილა, განსაკუთრებით კი ის ნაწილი, რომელიც ერეკლე მეორის მეფობისას ამოყვანილი გალავნის გარეთ აღმოჩნდა. გალავნის გარეთ მდებარე ტერიტორია გარეთავლაბრის სახელს ატარებდა. ავლაბარში მეფის, თავადაზნაურთა და საეკლესიო ყმა–გლეხები სახლობდნენ. აქ განვითარებული იყო ხელოსნობაც. ავლაბარში გარდა ქართველებისა სპარსელები, ბერძნები და სომხებიც იყვნენ დასახლებული. პლატონ იოსელიანის ცნობით, XV საუკუნეში ავლაბარში სასახლეები ჰქონიათ სამეგრელოს და გურიის მთავრებს. XVIII საუკუნის 70-იან წლებში დარეჯან დედოფალმა ავლაბრის გალავნის ერთ-ერთ ბურჯთან სასახლე ააგო. შიდაავლაბრის დაგეგმარება თბილისის სხვა ნაწილების ქუჩების ქსელისაგან მკვეთრად განსხვავდებოდა, იგი ერთგვარად რეგულარულ ხასიათს ატარებდა. ძირითადი ქუჩები მეტეხის კლდის პარალელურად გადიოდა, მთავარი ქუჩა კი მათ ოდნავ ირიბად კვეთდა. მთავარ ქუჩაზე ავლაბრის ბაზრის რიგები იყო განლაგებული. კალა-თბილისსა და ავლაბარს შუა მტკვარზე უძველესი დროიდან მეტეხის ანუ ავლაბრის ხიდიიყო გადებული. ე. წ. ავლაბრის კარიდან იწყებოდა კახეთის გზა. მე-20 საუკუნის დასაწყისში ავლაბარი თბილისის მუშათა რევოლუციური მოძრაობის ერთ-ერთი კერა იყო. აქ მდებარეობდა ავლაბრის არალეგალური სტამბა.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა