თუ თბილისთან ახლოს სალაშქრო მარშრუტს ეძებთ, მაშინ კოჯორი-კაბენის მონასტერი-კაბენის ჩანჩქერების ბილიკი თქვენთვისაა. ბილიკი არის მარტივი სირთულის და ჯამში შეადგენს 11 კილომეტრს. ბილიკზე ლაშქრობისას თქვენ იხილავთ კოჯრის ციხეს, რომლიდანაც შესანიშნავი პანორამული ხედი იშლება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტზე, კაბენის მონასტერს, რომელიც XIII საუკუნით თარიღდება. ჩანჩქერები და ლამაზი ბუნება ამ ბილიკის მთავარი შემადგენელი ნაწილია.
მარშრუტი იწყება დაბა კოჯორში და მიემართება კოჯრის ციხისკენ. კოჯორში მოხვედრა შეგიძლიათ როგორც საკუთარი ავტომობილით, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტით. საკუთარი ავტომობილის შემთხვევაში შეძლებთ უშუალოდ კოჯრის ციხესთან მისვლას, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში, გზიდან მოგიწევთ 1.5 კმ. გავლა კოჯრის ციხემდე. კოჯრის ციხის შემდეგ მარშრუტს აგრძელებთ კაბენის მონასტრის მიმართულებით.
ბილიკი კაბენის მონასტრამდე გადის ნაწილობრივ ტყეში და შემდეგ მიუყვება კლდის ფერდობს და ეშვება მონასტრისკენ. სალაშქრო ბილიკი არის მარტივი, თუმცა ბილიკი არ არის მარკირებული. კაბენის მონასტრის სიახლოვეს მდებარეობს კაბენის სამი ჩანჩქერი, რომელსაც კაბენის ჩანჩქერებს ეძახიან.
კაბენის ჩანჩქერები მდებარეობს მდინარე ასურეთისწყლის ხეობაში. ჩანჩქერებამდე მისასმვლელი ბილიკი არ არის გაკვალული და აუცილებელია GPS მოწყობილობით სარგებლობა. ჩანჩქერების ბილიკი გაუკვალავია და გვხვდება მაღალი ბალახები. გირჩევთ ჩაიცვათ კომფორტული ფეხსაცმელი და გრძელი შარვალი, რათა თავიდან აიცილოთ ჭინჭრის და სხვადასხვა მცენარეების მიერ დასუსხვა და დაკაწვრა. კაბენის სამი ჩანჩქერიდან ორი, მდებარეობს ერთ მარშრუტზე, ხოლო მესამე ჩანჩქერთან მისასვლელად უნდა შეუყვეთ ასურეთისწყლის ხეობას საპირისპირო მხარეს. მესამე ჩანჩქერთან არის შედარებით სწორი ადგილი, სადაც შეგიძლიათ მცირე პიკნიკი მოაწყოთ. აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ სამივე ჩანჩქერიდან ამ უკანასკნელის მიმდებარე ტერიტორია ყველაზე სუფთაა.
კაბენის ჩანჩქერების და მონასტრის მონახულების შემდეგ, შეგიძლიათ იგივე გზით დაბრუნდეთ უკან ან გზა განაგრძოთ და ესტუმროთ ღოუბნის მონასტერს, და შემდეგ ღოუბნის მონასტრიდან დაბრუნდეთ კოჯრის ციხესთან ან ჩახვიდეთ სოფელ ღოუბანში.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბილიკი არის მარტივი, თუმცა მარკირების გარეშე. ბილიკი იდეალურია ერთ დღიანი ლაშქრობისთვის.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვამანქანით სადამდე შევძლებ აქ მისვლას და სიტყვაზე ფიხით დაახლოებით რა მაძილის გავლა ნომიწევს?
მანდ სადმე შეიძლება კოცონის დანთება თუ აკრძალულია?
და კაბენის სამი ჩანჩქერი რატომაა რუკაზე?
რადგანაც მაგ მონაკვეთზე სამი სხვადასხვა ჩანჩქერია.
ჰიფსომეტრული რუკის გაკეთება და განთავსება შეგიძლიათ? საინტერესო იქნებოდა დანახვა რა სიმაღლიდან გიწევს ჩამოსვლა და მერე აღმართზე ასვლა ჩანჩქერებისკენ
მომავალში ვაპირებთ, თუმცა ამ ეტაპზე შეგიძლიათ ტოპო შრეზე გადართოდ და იქ ნახოთ სიმაღლეთა სხვაობა.