აღმოაჩინე მუზეუმები თბილისში და გაიგე მეტი შენი ქალაქის ისტორიასა და კულტურაზე, ხელოვნებასა და ლიტერატურაზე ჯერ კიდევ უცნობი ფაქტები.
გაეცანით ჩვენს სიას და ესტუმრე 10 აუცილებლად სანახავ მუზეუმს თბილისში.
საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი (ხელოვნების სასახლე)
საინტერესოა თუ რა გზა განვლო ქართული თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმმა დაარსებიდან დღემდე.
კინო, მუსიკა, თეატრი და ქორეოგრაფია ქართული კულტურისა და ისტორიის ნაწილია. მუზეუმი უამრავი ქართველის შემოქმედებით ნიჭსა თუ შრომას ინახავს, რაც მუდამ იწვევს მნახველების აღფრთოვანებას.
ხარ ხელოვნების მოყვარული და გაინტერესებს ქართული კულტურა ან სულაც გსურს საინტერესო ადგილის მონახულება?
ხელოვნების სასახლე დაგეხმარებათ გაიგოთ უფრო მეტი ვიდრე, იცით ქართული თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის შესახებ.
ხელოვნების სასახლე დააარსა ქართველმა ხელოვნებათმცოდნემ, დავით არსენიშვილმა 1927 წელს. პირველი გამოფენა მოეწყო 1928 წელს და მას შემდეგ დღემდე ეწყობა ხელოვანი ადამიანების გამოფენები ხელოვნების სასახლეში.
თავად სასახლე, რომელშიც მუზეუმია მოთავსებული 1985 წელს აშენდა. თავდაპირველად, ავსტრიის იმპერიის ქვეშევრდომის, ფრანც ტიტელის ქალიშვილმა, ემილიამ გასცა ბრძანება სასახლის ასაშენებლად. სანამ სასახლე ჯერ ისევ დაუსრულებელი იყო, ის გერმანელმა პრინცმა, კონსტანტინე ოლდენბურგელმა შეისყიდა.
სასახლის დაარსების ყველაზე საინტერესო ნაწილი კი გერმანელ პრინც კონსტანტინე ოლდენბურგელისა და ქართველი მანდილოსნის აგრაფინა ჯაფარიძის სიყვარულის ისტორიას უკავშირდება.
იმის გასაგებად თუ ვინ იყო აგრაფინა ჯაფარიძე და რა კავშირი აქვს სიყვარულის ისტორიას სასახლის დაარსებასთან აუცილებლად უნდა ეწვიოთ მუზეუმს. მუზეუმის დათვალიერება და პარალელურად, მისი დაარსების ისტორიის მოსმენა თქვენზე წარუშრელ შთაბეჭდილებას დატოვებს.
სად მდებარეობს? მუზეუმი მდებარეობს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, კარგარეთელის ქუჩაზე, თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში. მეტრო მარჯანიშვილიდან ფეხით დაახლოებით 10-15 წუთის სავალზე შეგიძლიათ ხელოვნების სასახლეში მისვლა. იხილეთ ადგილი რუკაზე.
თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ
იცოდით, რომ თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ პირველი ეთნოგრაფიული მუზეუმია კავკასიაში? მუზეუმი, სადაც 8 ათასზე მეტი დაცული ექსპონატია ერთ სივრცეში.
თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ არის ქართული ეთნოგრაფიული სკოლის ფუძემდებლის გიორგი ჩიტაიას სახელობის. მუზეუმი 1966 წელს დაარსდა. ეს არის სამეცნიერო - საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ქართული ეთნო კულტურისთვის დამახასიათებელ თავისებურებებს გვიზიარებს.
მუზეუმში სულ 11 ზონაა, აქედან, ათ ზონაში ქართული ტრადიციული ხუროთმოძღვრების ძეგლია დაცული, ხოლო მეთერთმეტე ზონა მთლიანად მოიცავს ისტორიულ - არქეოლოგიურ ძეგლებს.
მუზეუმში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან წარმოდგენილი სამეურნეო და საცხოვრებელი სახის ძეგლებია დაცული. მთლიანობაში, მუზეუმი თვალსაჩინოს ხდის იმ კულტურასა და ტრადიციებს, რომელსაც ქართველი ხალხი პატივს სცემდა ძველ დროში.
ახალგაზრდებს მუზეუმი საშუალებას აძლევს შეისწავლონ ტრადიციული სამჭედლო და სამეთუნეო ტექნოლოგიები საგანმანათლებლო ცენტრში.
ასევე, თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ მასპინძლობს ქართული ფოლკლორისა და თვითშემოქმედების ყოველწლიურ არტ-გენ ფესტივალს. ფესტივალზე შეგიძლიათ გაეცნოთ ქართულ ხალხურ შემოქმედებასა თუ უცნობ ნიმუშებს, დაესწროთ გამოფენა-გაყიდვას ან უბრალოდ ისიამოვნოთ ქართული ხალხური მუსიკის მოსმენით.
სად მდებარეობს? გიორგი ჩიტაიას სახელობის თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ მდებარეობს კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე. მუზეუმში ასვლა შესაძლებელია ფეხით, რაც დაახლოებით 20-25 წუთს წაგართმევთ, ან შეგიძლიათ ახვიდეთ კუს ტბაზე საბაგიროთი, რომლის საფასური 1 ლარია და ფეხით მიხვიდეთ მუზეუმთან. იხილეთ ადგილი რუკაზე.
ილუზიების მუზეუმი
ილუზია, როგორც ექსპონატი.
გინატრიათ ოდესმე რეალობისგან მოწყვეტა და ილუზიებში ცხოვრება? ილუზიების მუზეუმი ის ადგილია, სადაც ნამდვილად შეძლებთ ილუზიას პირდაპირ თვალებში შეხედოთ, თვალი მოატყუოთ და გონებას უამრავი შეკითხვა დაუსვათ.
და, ალბათ, ისიც გინატრიათ მუზეუმში ათასობით ფოტო თავისუფლად გადაგეღოთ. როგორც ჩანს, ილუზიების მუზეუმი ამისთვისაც საუკეთესო ადგილია.
ასე რომ, თუ ეძებთ ადგილს, სადაც შეგიძლიათ მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან დრო საინტერესოდ და სახალისოდ გაატაროთ, ილუზიების მუზეუმში მიღებული გასაოცარი შთაბეჭდილება დიდხანს გაგყვებათ.
ილუზიების მუზეუმი 2019 წელს დაარსდა თბილისში და უმოკლეს დროში შეძლო ტურისტებისა თუ ადგილობრივების ყურადღების არეალში ყოფნა.
მუზეუმში დაგხვდებათ უამრავი განსხვავებული სახის ინსტალაციები და თითოეულ მათგანს მისთვის დამახასიათებელი ინფორმაციული ახსნა ექნება. შესაძლებლობა გექნებათ გაიგოთ უფრო მეტი, ვიდრე შეგიძლიათ დაინახოთ და აღიქვათ ის, რასაც თქვენი გონებას ვერ აღიქვამს.
ილუზიების მუზეუმში მოგზაურობა ყველა ასაკის ადამიანს შეუძლია. მუზეუმში შეგიძლიათ დაკავდეთ თამაშით გონიერების სათამაშო ოთახში, ავარჯიშოთ გონება და გაერთოთ. მუზეუმში, ასევეა, სუვერინების მაღაზიაც, სადაც სამახსოვრო ნივთის შეძენაა შესაძლებელი.
ილუზიების მუზეუმში შეგიძლიათ ღონისძიების გამართვა, დაბადების დღის გადახდა და ჯფუგური ვიზიტების დაგეგმვაც.
სად მდებარეობს? ილუზიების მუზეუმი ბეთლემის ქუჩაზე ტურისტულ, თბილისის ძველ უბანში მდებარეობს. მეტეხის ხიდიდან ფეხით მაქსიმუმ 10 წუთში შეგიძლიათ ილუზიების მუზეუმში მისვლა. იხილეთ ადგილი რუკაზე.
საქართველოს ეროვნული მუზეუმი
საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ადგილი, სადაც ისტორია, კულტურა, ტრადიცია და ქართველი ხალხის ყოფა ერთ მთლიან სივრცეში აისახება.
თუ დაინტერესებული ხართ იმ ეროვნული საგანძურით, რომელსაც შეუძლია საქართველოს მდიდარი ისტორია ერთი ნახვით სხვადასხვა კუთხით დაგანახოთ, ეწვიეთ საქართველოს მუზეუმს.
ეროვნულ მუზეუმში შეხვდებით ძვ.წ III-II ათასწლეულიდან დღემდე არსებულ ეროვნულ საგანძურს, აღმოჩენილი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.
საქართველოს ეროვნული მუზეუმი დაარსდა 2004 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. ეროვნული მუზეუმი საქართველოში მოქმედი მუზეუმების გაერთიანებაა, რომელიც მოიცავს ეროვნული საგანძურის კოლექციებს.
ეროვნული მუზეუმის მთავარი მიზანია მართოს ისეთი საერთო სისტემა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება საქართველოში მოქმედი ყველა ეროვნული საგანძურის შენახვა და უსაფრთხოების დაცვა. სისტემა, ძირითადად, მოიაზრებს საგანმანათლებლო, კულტურულ და სამეცნიერო საქმიანობის წარმართვას.
დღეისათვის, საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში შესულ მუზეუმებს შორის ყველაზე ძველი სიმონ ჯანაშიას სახელმწიფო მუზეუმია. ს. ჯანაშიას სახელობის მუზეუმი 1852 წელს დაარსდა და 1919 წლამდე ეწოდებოდა, როგორც კავკასიის მუზეუმი.
ს. ჯანაშიას სახელობის მუზეუმში დაცულია უამრავი სახის ექსპონატი, რომელიც ქართველი და კავკასიელი ხალხის კულტურასა და ყოფას ასახავს. მუზეუმში თავმოყრილია არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალები.
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში შესაძლებლობა გექნებათ ნახოთ ოქრომჭედლობის ნიმუშები, ქართული და უცხოური ძველი მონეტები, ეპიგრაფიკული ძეგლები, შუა საუკუნეების არქეოლოგიური ექსპოზიციები და სხვა მრავალი სახის ქართული საგანძური.
სად მდებარეობს? საქართველოს ეროვნული მუზეუმი მდებარეობს თავისუფლების მოედანზე, თავისუფლების მეტროდან დაახლოებით 5 წუთის ფეხის სავალზე. იხილეთ ადგილი რუკაზე.
მოსე თოიძის სახლ-მუზეუმი
ცნობილი ქართველი მხატვრის მოსე თოიძის სახლ-მუზეუმი დაარსდა 1968 წელს. 2005 წლიდან მოსე თოიძის სახლ-მუზეუმი ეროვნული მუზეუმის დაქვემდებარებაში გადავიდა და დღემდე მის შემადგენლობაშია შესული.
გსურთ გაეცნოთ იმ გარემოს სადაც ერთ-ერთი ქართველი ცნობილი მხატვარი ქმნიდა შემოქმედებით ნამუშევრებს?
მოსე თოიძის სახლ-მუზეუმი 132 ექსპონატს იცავს და მათგან მრავალია მხატვრის მიერ შექმნილი ნამუშევარი. მხატვრის ყოველი შემოქმედება და ნამუშევარი კულტურული მემკვიდრეობის საგანძურია, რომელსაც მხატვარი თავის სახლში ქმნიდა.
მოსე თოიძე იყო გამოჩენილი ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, ახალი ქართული ფერწერის ერთ-ერთი ფუძემდებელი. სახლ-მუზეუმში დაცულია მხატვრის გრაფიკული ნამუშევრები, ფერწერული ტილოები თუ მისი ცხოვრების ამსახველი ნივთები.
სახლ-მუზეუმში დაგხვდებათ მხატვრის მიერ შესრულებული მრავალი სურათი, რომელიც მის ოსტატობასა და მრავალფეროვან ხედვას ასახავს. თითოეული სურათი აღბეჭდავს მხატვრის განვითარების სხვადასხვა ეტაპებს.
მოსე თოიძის სახლ-მუზეუმში შენახულია მხატვრის პირადი წერილები, პუბლიკაციები, სხვა მწერლების, თეატრისა და კინოს მოღვაწეების ფოტო მასალები.
სად მდებარეობს? მოსე თოიძის სახლ-მუზეუმი მდებარეობს ლაღიძის ქუჩაზე. თავისუფლების მეტროდან რუსთაველის გამზირის გავლით ფეხით 15 წუთში მიხვალთ. იხილეთ ადგილი რუკაზე.
ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმი
როგორი იყო თბილისის ძველი უბნების ამსახველი პეიზაჟები, ვიქტორ ჰიუგოს რომანის „კაცი, რომელიც იცინის“ და მარკ ტვენის „ტომ სოიერის თავგადასავლის“ გრაფიკული ილუსტრაცია? როგორ გამოიყურებოდა ქართული სცენოგრაფია ელენე ახვლედიანის შემოქმედებაში?
მხატვრის სახლ-მუზეუმში ამ კითხვებზე პასუხს მისი ნამუშევრების ნახვისას აღმოაჩენთ.
ელენე ახვლედიანი იყო ახალი ქართული ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი და გამოჩენილი ქართველი ქალი მხატვარი, როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ.
მხატვრის ნამუშევრები არა ერთხელ ყოფილა საფრანგეთსა და იტალიაში, რაც ფრანგი თუ იტალიელი კრიტიკოსების განხილვის საგანი ხდებოდა.
ელენე ახვლედიანი ხშირად ხატავდა ქალაქის პეიზაჟებს. მხატვრის ნახატებს შორის ბევრია ძველი თბილისის ამსახველი ნამუშევრები, რომელსაც განსაკუთრებული სიყვარულითა და ემოციურობით ქმნიდა.
ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმი 1976 წელს დაარსდა. სახლ-მუზეუმი მხატვრის სახელოსნო-ბინა იყო მის გარდაცვალებამდე. მუზეუმში იმართებოდა კონცერტები, ხელოვანი ადამიანების შეკრებები და პოეზიის საღამოები.
ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმი 3 ათასზე მეტ ექსპონატს იცავს. სახლ-მუზეუმში თქვენ შეგიძლიათ დაათვალიეროთ მხატვრის მიერ შესრულებული წიგნის ილუსტრაციები, გრაფიკული ნამუშევრები, ფერწერული ტილოები თუ დეკორატიული ნივთები.
სად მდებარეობს? ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმი მდებარეობს ლეო ქიაჩელის ქუჩაზე. მეტრო რუსთაველიდან მანქანით დაახლოებით 5 წუთში, ხოლო ფეხით 15 წუთში მიხვალთ. იხილეთ ადგილი რუკაზე.
თბილისის ისტორიის მუზეუმი
რა განვითარების გზა გაიარა თბილისმა ძვ.წ IV ათასწლეულის დასასრულიდან დღემდე? როგორ ვითარდებოდა ქალაქი, რა სირთულეები და წარმატება მოიპოვა ამ პერიოდში ქვეყნის დღევანდელმა დედაქალაქმა?
თბილისის ისტორიის მუზეუმში გაეცნობით უამრავ ისტორიას, საინფორმაციო სახის წყაროებს, ფოტომასალას და ნივთებს, რომლებიც თბილისის ისტორიას ასახავს.
თბილისის ისტორიის მუზეუმი აშენდა 1910 წელს. შენობას 1943 წლიდან თბილისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ეწოდა, ხოლოდ 1965 წელს მუზეუმს იოსებ გრიშაშვილის სახელი მიეკუთვნა.
იოსებ გრიშაშვილი იყო ქართველი საზოგადო მოღვაწე და პოეტი, რომელიც ნამუშევრებში აქსოვდა სამშობლოს სიყვარულსა და თბილისის ისტორიას.
მუზეუმში დაცულია ეთნოლოგიური, არქეოლოგიური, დოკუმენტური და ფოტო მასალა. მუზეუმში 50 000 ათასზე მეტი ექსპონატია შენახული. თბილისის ისტორიის მუზეუმში ნახავთ ჯერ კიდევ ბრინჯაოსა და ფეოდალური ხანის თიხის ნივთებს, დოკუმენტებსა და მხატვრულ შემოქმედებას.
თბილისის ისტორიის მუზეუმის შემადგენლობაშია „ხელოვნების გალერეა“, რომელიც ხელს უწყობს ქართული ხელოვნების პოპულარიზაციას.
სად მდებარეობს? თბილისის ისტორიის მუზეუმი მდებარეობს სიონის ქუჩაზე, სიონის საკათედრო ტაძრის გვერდზე. იხილეთ ადგილი რუკაზე.
ქართული ხალხური სიმღერის და საკრავების სახელმწიფო მუზეუმი
ქართული ხალხური სიმღერა ქართველი ხალხის კულტურისა და ტრადიციის ნაწილია. თაობიდან თაობამდე შემონახულ ხალხურ სიმღერებს ქართველები დღესაც მღერიან, რაც ხშირად თანამედროვე სიმღერის შექმნის ინსპირაცია ხდება.
გაინტერესებთ თუ რა სახის დასაკრავ ინსტრუმენტებს იცავს მუზეუმი?
ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმი დასაკრავ ძველებურ ქართულ საკრავებთან ერთად იცავს აუდიო-ვიდეო ჩანაწერებსა და ფოტომასალებს.
მუზეუმი დაარსდა 1975 წელს და მას ერქვა ხალხური მუსიკალური ინსტრუმენტების მუზეუმი 1984 წლამდე, ხოლო 1989 წლამდე - ხალხური მუსიკისა და მუსიკალური ინსტრუმენტების მუზეუმი.
მუზეუმში შესაძლებლობა გექნებათ დაათვალიეროთ უძველესი სახის ქართული და აღმოსავლური სახის საკრავები, მოუსმინოთ ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში შესრულებულ ქართულ ხალხურ სიმღერებს, გაეცნოთ ფოტომასალებს, მოუსმინოთ XX-ში გრამფირფიტაზე ჩაწერილ ქართულ ხალხურ და აღმოსავლურ სიმღერებს.
სად მდებარეობს? ქართული ხალხური სიმღერის და საკრავების სახელმწიფო მუზეუმი მდებარეობს სამღებროს ქუჩაზე, ძველ თბილისში, ნარიყალას ციხისკენ მიმავალ გზაზე. მეტეხის ხიდიდან დაახლოებით 5 წუთში შეგიძლიათ ფეხით მისვლა. იხილეთ ადგილი რუკაზე.
ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი
ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია მეხუთე საუკუნეში დაიწყო და დღემდე ვითარდება.
ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის შენობა დაარსდა 1929 წელს მთაწმინდაზე. მუზეუმის ოფიციალური გახსნა კი 1930 წელს შედგა მწერალთა ფედერაციის გადაწყვეტილებით.
მუზეუმს 1935 წელს საქართველოს მწერალთა მუზეუმი ეწოდა, ხოლო 1938 წელს - საქართველოს სახელმწიფო ლიტერატურული მუზეუმი.
ქართველი საზოგადო მოღვაწის, გიორგი ლეონიძის მმართველობის დროს მუზეუმში უამრავი, მნიშვნელოვანი სამუზეუმო ექსპონატი შეგროვდა. მუზეუმს გიორგი ლეონიძის სახელი მიენიჭა მწერლის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ, 1967 წელს.
მუზეუმის გახსნის დღიდან დაიწყეს ქართველი საზოგადო მოღვაწეების სამუზეუმო ექსპონატების შენახვა. მუზეუმში დაცულია დიმიტრი ყიფიანის, აკაკი წერეთლის, ილია ჭავჭავაძის და სხვა ქართველი მწერლების მიერ შესრულებული ნამუშევრები.
ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი 120 ათასზე მეტ ხელნაწერს იცავს, რაც ქართული ლიტერატურის უმნიშვნელოვანესი საგანძურია.
ლიტარატურის მუზეუმში ხშირად მასპინძლობს კულტურულ საღამოებს და ხელს უწყობს ქართული ლიტერატურის განვითარებას.
თუ გსურთ გაიგოთ მეტი ინფორმაცია ქართული ლიტერატურის ისტორიაზე, გაეცნოთ ქართველი მწერლების ნამუშევრებსა და ხელნაწერებს, ესტუმრეთ მუზეუმს.
სად მდებარეობს? გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი მდებარეობს გია ჭანტურიას ქუჩაზე, 9 აპრილის ბაღის გვერდზე. იხილეთ ადგილი რუკაზე.
იაკობ ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი
გაინტერესებთ ქანდაკების დარგი? როდის შეიქმნა პირველი ქანდაკება? როგორ ჩაუყარა საფუძველი იაკობ ნიკოლაძემ ქართული და რეალისტური ქანდაკების დარგის განვითარებას?
მოქანდაკის, იაკობ ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი აშენდა 1924 წელს. შენობა თავის დროზე მოქანდაკისთვის სახელოსნო-სტუდია იყო, სადაც ქანდაკებებს ქმნიდა.
იაკობ ნიკოლაძე თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი და ქართული რეალისტური ქანდაკების ფუძემდებელი იყო. იაკობ ნიკოლაძემ განათლება რუსეთსა და საფრანგეთში მიიღო. თბილისში ჩამოსულმა კი არაერთი საინტერესო ქანდაკება შექმნა.
იაკობ ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში შეხვდებით ისეთ ქანდაკებებს, რომლებსაც ქვით, მარმარილოთი თუ ბრინჯაოთი ქმნიდა. მოქანდაკე მუშაობდა როგორც პორტრეტებზე, ასევე ბიუსტებსა და ფიგურებზე.
სახლ-მუზეუმში შესაძლებლობა გაქვთ დაათვალიეროთ 100-ზე მეტი ექსპონატი. მოქანდაკის ნამუშევართა ნაწილი საქართველოს ხელოვნების სასახლეშია დაცული.
სად მდებარეობს? იაკობ ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი მდებარეობს როდენის ქუჩაზე, ტრანსპორტით დაახლოებით 15 წუთში მიხვალთ. იხილეთ ადგილი რუკაზე.
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დაწერეთ კომენტარიI would strongly recommend to add Gremekeli Gallery to this list. https://gamrekeli.com/