Თეთრიწყაროს რიაონი თავისი ადმინისტრაციული ცენტრით, იმ ერთ-ერთ ულამაზეს ადგილთაგანია, სადაც ერთდღიანი მოგზაურობა თავისუფლად შეგიძლიათ დაგეგმოთ. Შთამბეჭდავი ბუნებრივი ძეგლებით, როგორიცაა სამშვილდის კანიონი, ბირთვისის კლდეები ამ მხარის გამორჩეული წერტილით - ბირთვისის ციხით, თეთრიწყაროს საინტერესო სამოგზაურო ადგილად აქცევს. Ტყეები, ხეობბეი, გაშლილი სივრცეები, მენჰირები, ციხე-სიმაგრეები, ნამოსახლარები, სამარხები, ტაძრები და ყორეებით შემოსაზღვრული უძველესი ქუჩები ის ჩამონათვლია რითაც, თეთრიწყაროში მოხვედრისას აუცილებლად დატკბებით. გარდა აღნიშნული ადგილებისა აქ სხვადასხვა პერიოდის მრავალი საინტერესო ძეგლი გვხვდება. ციკლოპური ნაგებობები, სათავდაცვო სიმაგრეები თუ ეკლესია-მონასტრები საინტერესო ამბებს გვიყვებიან საქართველოს შესახებ. Თუკი დროის სანახაობრივად გატარებასთან ერთად დასვენებაც გსურთ, მაშინ მანგლისისკენ გაეშურეთ. დაბა მანგლისი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს და მისი მიმდებარე ტერიტორია მდიდარია უძველესი არქეოლოგიური ძეგლებით.
Წარმოგიდგენთ, 10 საუკეთესო ადგილს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რაც აუცილებლად უნდა ნახოთ:
Ბირთვისის ციხე ოდითგანვე აუღებელ ციხე-სიმაგრედ ითვლებოდა. ბირთვისის ციხე ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ალგეთის ხეობაში. იგი საკმაოდ ძლიერი და სტრატეგიული ციხე იყო და დიდი როლი ითამაშა საქართველოს ისტორიაში. ციხე-სიმაგრე და ბირთვისის კანიონის შესანიშნავი ხედები უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე და ძალიან პოპულარული ადგილია ლაშქრობის მოყვარულთათვის.
ციხე რამდენიმე ნაწილისგან შედგება და მოიცავს როგორც საბრძოლო, ისე საცხოვრებელი და სამეურნეო სახის ნაგებობებს. ბირთვისის ციხის საფორტიფიკაციო ფუნქცია ბუნებრივ კლდოვან მასივშია ჩაწერილი. კლდეშია გამოკვეთილი საფეხურები და წყალმომარაგების სისტემაც. ციხის ქვემოთ ტაფობში წყაროებია, ზემოთ კი წყალსაცავებია შექმნილი, სადაც კედლებზე არსებული ღარების საშუალებით გროვდებოდა წვიმის წყალი. ბირთვისის წყაროსთან მდებარეობს გოდოლი, რომელიც ციხის სათავდაცვო კომპლექსის ქვედა ზღუდეს წარმოადგენს, საიდანაც კლდეებს შორის ციხისკენ მიმავალი ისტორიული ბილიკი ადის. გოდოლი 2 სართულიანია. ბირთვისის დედა ციხისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს მთავარი კარიბჭე, რომელსაც ხეობის ჩამკეტის ფუნქცია აქვს.
მეორე კარიბჭე დედა ციხის ტერიტორიაზე მდებარეობს, იგი დედა ციხის ქვედა ტერასაზე შემავალ კანიონს კეტავს. დედაციხის მიმდებარედ, ყველაზე მაღალ კლდეზე სათვალთვალო ცილინდრული კოშკი – „შეუპოვარი“ დგას, რომლის კედლები სათოფეებითაა აღჭურვილი. ეს კოშკი უფრო მოგვიანებით პერიოდში უნდა იყოს აგებული, თუმცა ამ ტერიტორიებზე გვხვდება გაცილებით უფრო ადრეული ფენები.
ბირთვისის ციხის აგების თარიღი ცნობილი არ არის. ისტორიულ წყაროებში იგი პირველად XI საუკუნეში იხსენიება, თუმცა, მკვლევართა აზრით, გაცილებით ადრე უნდა იყოს წარმოქმნილი. მას სიმაგრის მნიშვნელობა XVIII საუკუნის ბოლომდე არ დაუკარგავს და აუღებლად ითვლებოდა, მისი მხოლოდ რამდენიმეჯერ, დიდი ძალისხმევის შედეგად აიღეს.გამორჩეულია
Სამშვილდის კანიონის ბუნების ძეგლი, ლავურ ქანებში გამომუშავებულ ღრმა კანიონისებრ ხრამის ხეობისა და ჭივჭავის კანიონის ერთობლიობას წარმოადგენს. სამშვილდე გარდა მშვენიერი ხედებისა, თავისი ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობითაც ცნობილია. აქ თავმოყრილია მთელი ისტორია საქართველოს მეგალითური წარსულიდან დაწყებული გვიან შუასაუკუნეებამდე.
ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. თეთრიწყარო. თბილისიდან თეთრიწყარო დაშორებულია 58 კმ-ით; ხანგრძლივობა - 1 სთ;
Დაბა მანგლისი ერთ-ერთი კარგი საშუალებაა თბილისთან ახლოს მდებარე კურორტზე დასასვენებლად. Დაბა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდებარეობს თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ალგეთის მარცხენა ნაპირზე.
მანგლისისა და მისი მიმდებარე ტერიტორია მდიდარია უძველესი არქეოლოგიური ძეგლებით. აღსანიშნავია ბედენის პლატოზე გამოვლენილი ბრინჯაოს ხანის ყორღანები. ადრინდელ ანტიკურ ხანაში მანგლისის ადგილზე მნშვნელოვანი დასახლება იყო. შემდგომ ხანებში მანგლისის დაწინაურებას აქ გამავალმა გზამ შეუწყო ხელი, რომელიც შიდა ქართლს სახმრეთ საქართველოსთან, სომხეთთან და ბიზანტიასთან აკავშირებდა. ისტორიული წყაროები მოწმობს, რომ მანგლისი საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების ერთ-ერთი უძველესი კერა იყო. პირველი ეკლესია აქ IV საუკუნეში ააგეს.
ალგეთის ეროვნული პარკი — ეროვნული პარკი აღმოსავლეთ საქართველოში. მდებარეობს ისტორიულ ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. მოქცეულია მდინარე ალგეთის ხეობაში და მოიცავს თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ ნაწილის სამხრეთ ფერდობებს. მდებარეობს ზღვის დონიდან 1100-1950 მ სიმაღლეზე, უმაღლესი წერტილია კლდეკარი (2000 მ). გამოირჩევა ლანდშაფტური და ბიოლოგიური მრავალფეროვნებით.
ალგეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ამჟამად ხუთი ეკო-ტურისტული მარშრუტია. საცხენოსნო და საფეხმავლო. მათგან მხოლოდ ერთი ტურისტული ბილიკია მარკირებული - „სამეფო ქედი”. - 16 კმ-იანი წრიული მარშრუტი. მარშრუტი დაბა მანგლისიდან საპიკნიკე ადგილის მიმართულებით, მართალხევის გავლით სოფ. დიდ ნამტვრიანამდე მიდის და სამეფო ქედით, უკან, მანგლისში ბრუნდება. ბილიკზე არსებული გადმოსახედებიდან არაჩვეულებრივად მოჩანს ალგეთის ეროვნული პარკის ხეობა და შერეული ტყით დაფარული მთაგორიანი ხედები.
მდინარე ალგეთის ხეობისა და მთის ხედებით ტკბობასთან ერთად მოინახულებთ დაშბაშის, ზემოთხსენებულ ბირთვისისა და სამშვილდის კანიონების ბუნების ძეგლებს და კლდეკარის ციხე-სიმაგრეს.
ფარცხისის ციხე – ციხესიმაგრე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ქვემო ქართლის მხარეში. მდებარეობს მდინარე ალგეთის მარცხენა მხარეს მაღალ გორაკზე.
ფარცხისის აგების შესახებ ცნობა არ მოიპოვება. მართალია, იგი მატიანეთა ფურცლებზე მხოლოდ ბაგრატ IV-ის (1027 -1072 წწ.) მეფობის დროიდან იხსენიება, მაგრამ იგი გაცილებით უფრო ადრე უნდა იყოს აგებული.
ციხის ამგებთათვის, როგორც ეტყობა, მისი მიუდგომლობა არ იყო განმსაზღვრელი, არამედ მთავარი იყო სტრატეგიულად შერჩეული ადგილი. ციხე ქვემო ქართლის ერთ-ერთ მაგისტრალურ გზაზე მდებარეობდა. აქედან კარგად მოჩანდა ისეთი სახელგანთქმული ციხეები, როგორიცაა ბირთვისი, ორბეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთით კოჯრის მიდამოებიც.
ციხე ნანგრევებადაა ქცეული და მხოლოდ აქა-იქ შერჩენილია კედლები. გათხრების ჩატარებამდე გეგმაც არ იკითხება მთლიანად. ციხეს გრძელი გეგმა ჰქონია, ბოლოებში მომრგვალებით. როგორც ეტყობა, ციხე ორ ნაწილისაგან შედგებოდა. ცენტრალური ნაწილი მთელ სიგრძეზე მოკავებული ჰქონდა ციტადელს, ხოლო მის ირგვლივ, თითქმის კონცენტრულად, გადიოდა გალავანი, რომელთა კვალი ამჟამად მხოლოდ დასავლეთით და ჩრდილოეთი ჩანს. ციხის გარე კედლებში შესასვლელი არ ჩანს, ხოლო ზედაში ჩრდილოეთითაა. ჭიშკარი განიერია და თაღით ყოფილა გადახურული. განსხვავებით სხვა მონაკვეთებისაგან აქ აგურია გამოყენებული და რესტავრაციის აშკარა კვალს ატარებს. ციხის ძველი კედლები კი ამოყვანილია რიყისა და ყორე ქვით. ზოგან ზედა ფენებში თლილი ქვაცაა ნახმარი. ციტადელის დასავლეთის მონაკვეთი გამოყოფილი ყოფილა. ეს მონაკვეთი ორმაგი კედლებითაა შემოზღუდული. საკოჭავების მიხედვით სამი თუ ოთხსათულიანი დიდი ზომის კოშკი უნდა ყოფილიყო. ჭიშკრის აღმოსავლეთით პატარა სათავსოა, საიდანაც იწყება გვირაბი.
სამშვილდის კომპლექსი — ერთ-ერთი უძველესი ისტორიული ციხე-ქალაქი საქართველოში, რომელიც შემორჩენილია ნანგრევების სახით. ახლანდელი სოფელ სამშვილდის მახლობლად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ქვემო ქართლში მდებარეობს.
ქალაქისათვის შერჩეული იყო მდინარე ჭივჭავისადა ხრამის შესართავში მდებარე ბუნებრივად გამაგრებული კონცხი, რომლის ორ მხარეს კლდოვანი, შვეული ხრამებია, მესამე მხარეს მას გალავანი შემოუყვება.
სამშვილდის ნაქალაქარში მრავალი საფორტიფიკაციო, საკულტო და სხვა დანიშნულების შენობათა ნანგრევებია, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია VIII საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ცენტრალურ-გუმბათოვანი დიდი საეპისკოპოსო ტაძრის სამშვილდის სიონი. სამშვილდე ლეონტი მროველის თანახმად ქართლოსს უკავშირდება, არქეოლოგიური გათხრებით დასტურდება, რომ სამშვილდეში ცხოვრება ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის IV-III საუკუნეში იყო. სწორედ ამ პერიოდიდან მოყოლებული მთელი ისტორიის მანძილზე სამშვილდე უმნიშვნელოვანესი ქალაქი იყო.
მდინარე ხრამის (იგივე ქციის) — ხეობა აღმოსავლეთ საქართველოში, რომელიც გაედინება ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში. ზემოწელში მას ქციას უწოდებენ. ხრამი სათავეს იღებს თრიალეთის ქედის კალთებზე, მიედინება ღრმა ხეობაში. საზრდოობს უპირატესად თოვლით, არ იყინება, ქვემოწელში გამოიყენება სარწყავად. ხრამზე აგებულია წალკის წყალსაცავი და 3 ჰიდროელექტროსადგური. ხრამის შენაკადებია: დებედა, მაშავერა (მარჯვენა) და მასზე აგებულია წალკის წყალსაცავი.
მე-19 საუკუნის 20-იანი წლებიდან მეფის რუსეთის მიერ, საქართველოში გერმანელი კოლონისტების გადმოსახლება დაიწყო. ჩამოსახლებული გერმანელი შვაბების დიდი ნაწილი თბილისის შემოგარენში დასახლდა და 1819 წელს ასე შეიქმნა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გერმანული დასახლება - სოფელი „ელიზაბეტტალი“ (დღევანდელი ასურეთი).
მე-19 საუკუნის დასასრულისათვის ელიზაბეტტალი კარგად განვითარებული და სამეურნეო თვალსაზრისით სანიმუშო სოფელი იყო. განსაკუთრებით განვითარებული იყო სოფლის მეურნეობის დარგები: მევენახეობა, მემარცვლეობა და მეკარტოფილეობა, ხოლო პროდუქციის რეალიზაცია ხდებოდა თბილისში. გერმანელმა კოლონისტებმა ასურეთში შექმნეს მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ-კულტურული დაწესებულებანი, რომლებიც დიდ როლს ასრულებდა მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში, დღემდე შემორჩენილია მათი ყოფის უნიკალური მატერიალური ძეგლები: საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები, უნიკალური ღვინის მარანი, გოთური სტილით ნაგები ლუთერანული ტაძარი და ძველი გერმანული არქიტექტურული სტილით ნაშენები საცხოვრებელი სახლები.
ელიზაბეტალი სოფელს ერქვა XX საუკუნის 10–იან წლებამდე, შემდეგ დაუბრუნდა ძირძველი სახელი – ასურეთი. სოფლისთვის დამახასიათებელია გერმანული არქიტექტურა. შემორჩენილია ძველი გერმანული ეკლესია, რომელიც აშენებულია 1871წელს. აქ გერმანული დასახლება არსებობდა 1941 წლამდე, ვიდრე. სტალინის ბრძანებით გაასახლებდნენ მათ საქართველოდან. აქვეა გერმანელების სასაფლაოც. 1941 წელს ასურეთში ჩამოასახლეს ამბროლაურის და ონის რაიონის მოსახლეობის ნაწილი.
ხულუტის ციხე არის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი. ხულუტის ციხე მდებარეობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობის ვიწრო ყელში, ფიტარეთის მონასტერის მიდამოებში. შედგება 2 ნაწილისაგან; ორივეში ჩაყოლებულია თითო, გალავანში კი - 5 კოშკი. თითოეული მათგანი უპირველეს ყოვლისა საცხოვრებელი დანიშნულებისაა, შემდეგ კი - საბრძოლო. ჩრდილო-დასავლეთის კოშკი ფუნქციით კოშკისებრი სასახლეა, მის მთელ სიმაღლეზე შუაზე ჰყოფს კედელი, რომელშიც საფეხურებია მოწყობილი. ერთი მხარე 6 სართულიანია, მეორე - 7 სართულიანი. ბოლო სართულები გამიზნულია საბრძოლოდ, დანარჩენი - საცხოვრებლად. მთელი ციხე ნაგებია ადგილობრივი კლდის ქვით.
კოშკი მდინარეს დაჰყურებს საკმაოდ მაღალი კლდიდან. მასში მოხვედრა შეიძლება აღმართზე მიმავალი გვირაბით. თვით გვირაბში რთული ერთსართულიანი საცხოვრებელი სადგომი ეტყობა გამანაწილებლის როლს ასრულებდა, რადგან აქედან შეიძლებოდა მოხვედრა ორ სხვა კოშკში, მდინარეზე ჩამავალ გვირაბში, საპირფარეშოსა და სხვაგან. ამ სადგომსა და კოშკს შორის მოთავსებულია მოზრდილი წყალსაცავი. მათ ზემოთ ბანი ყოფილა, კედლებში კი სათოფეებია ჩამწკრივებული.
ხულუტის ციხის აგების შესახებ ინფორმაციას გადმოგვცემს ალექსანდრე ორბელიანი. შაჰ-აბასის ერთერთ ყორჩიბაშს, რომელსაც გამაჰმადიანებამდე ვახტანგი რქმევია ყაფლან ორბელიანისთვის მის შვილი გამოუთხოვია ირანში აღსაზრდელად. ყაფლანმა თავის უმცროსი ვაჟი ორბელი გაგზავნა. გარკვეული დროის შემდეგ ორბელი დაბრუნდა საქართველოში და თან ყორჩიბაშის გამოგზავნილი წერილი და ფული ჩამოიტანა. ყორჩიბაში წერილში ყაფლანს სწერდა, რომ იგი ფარულად ქრისტიანი იყო და გამოგზავნილი ფულით ფიტარეთის მცირე ტაძრის შემკობას ითხოვდა. არსებული რთული მდგომარეობიდან გამომდინარე, ყაფლანმა იმ ფულით ხულუტის ციხე ააგო. ყორჩიბაშმა კი კიდევ გამოგზავნა ფული, რომელიც ეკლესიას მოხმარდა. ამრიგად ხულუტის ციხე ყაფლან ორბელიანს აუგია XVII საუკუნის პირველ ნახევარში.
ხულუტის ციხე, არამარტო ციხე არამედ ციხე-დარბაზიც ყოფილა.ციხეში მოხვედრა რამდენიმე კარით არის შესაძლებელი. მთავარი კარიბჭე სამხრეთის მხარეს მდებარეობს. ციხეში მოხვედრა აგრეთვე შესაძლებელია, გვირაბის საშუალებით, რომელიც მდინარის ხეობაში ჩადის. გვირაბის ამოსასვლელს სპეციალური კოშკი იცავდა.
ციხე ძირითადად ნაგებია ადგილობრივი, კლდის ნატეხი ქვით.
ხულუტის ციხე, როგორც საიმედო და ძლიერი ციხე იხსენიება XVIII საუკუნეშიც.
სოფელი გუდარეხი ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ბედენის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1100 მეტრზე. სოფლის ტერიტორიაზე ადამიანი უძველესი დროიდან სახლობდა, აქ გამოვლენილია ბრინჯაოს ხანის ნასახლარი. გუდარეხი იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“, XVI-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები, იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“. XVI ს-ში ის ბარათაშვილების საგვარეულო სოფელი იყო. აქ გადიოდა სამშვილდიდან მანგლისში მიმავალი გზა.
სოფელი ულამაზეს ადგილასაა გაშენებული, მისი მიდამოებიდან ალგეთის წყალსაცავისა და ქვემო ქართლის გაშლილი სივრცეების შესანიშნავი ხედები იშლება. გარდა ბუნების სილამაზისა, გუდარეხი კულტურული თვალსაზრისითაც გამოირჩევა, აქ მდებარეობს უმნიშვნელოვანესი კულტურული ძეგლი - გუდარეხის სამონასტრო კომპლექსი. სოფელში ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ გუდარეხის კოშკი და ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნაბინავარი.
გუდარეხის მიდამოებში აღმოჩენილია ძეგლი — სამოსახლო, რომელიც შედგება 2 ნაწილისაგან: თლილი ქვით ნაგები ბურჯებიანი მაღალი ზღუდით შემოფარგლული სამონასტრო კომპლექსისაგან და ზღუდის ჩრდილოეთი და ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ნასოფლარისაგან.
გუდარეხს ადრე ღორისთავი ერქვა და 1947 წლის 19 აპრილს დღევანდელი სახელით იხსენიება.
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დაწერეთ კომენტარი