დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
15 თებერვალი, 2023

15 რამ, რაც გორში უნდა ვნახოთ

დღეს გორზე მინდა მოგიყვეთ. თუკი ნებისყოფა გეყოფათ და ბოლომდე წაიკითხავთ სტატიას, ვფიქრობ, გორზე იმაზე ცოტა მეტი გეცოდინებათ, ვიდრე სტატიის წაკითხვამდე იცოდით და როცა გეტყვიან, - წამო, გორში! გორის კატლეტის საჭმელად მივდივართ, თუ სტალინის მუზეუმშიო, აღარ მიუგებთ.

გორის ქალაქური არქიტექტურა, ერთი შეხედვით დიდად ვერ გაგაოცებთ. იმიტომ არა, რომ გორში ან მდიდრებს არ უცხოვრიათ, ან გემოვნება არ ჰქონიათ. სულ პირიქით. მაგრამ 1920 წლის 20 თებერვალს მომხდარმა მიწისძვრამ, ლამის მთელი ქალაქი მიწასთან გაასწორა. ბიძგები დიდი ხნის მანძილზე გრძელდებოდა და შენობებიდან ქვა და აგური ცვიოდა. ამიტომ, დაზაფრული მოსახლეობა დიდხანს დადიოდა შუა ქუჩაში. იმდენად დიდხანს, რომ დღესაც გვაქვს ეს ცოცხალი გამოთქმა: „რა გორელივით შუა გზაში დადიხარო.“

თითქმის სრულიად განადგურდა: ატენი, გორიჯვარი, სკრა, ხოვლე, სასირეთი, დოესი და სხვა სოფლები. სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო მაზრის 75-მა სოფელმა. სტატისტიკური კომისიის მონაცემებით, მიწისძვრამ მაზრაში შეიწირა 129 კაცის სიცოცხლე (სხვა მონაცემებით დაიღუპა 200-მდე), დაშავდა 661. სტიქიამ დააზარალა 7118 ოჯახი.

საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, ამ პერიოდისთვის საშინაო და საგარეო პრობლემები ისედაც თავზე საყრელი ჰქონდა და კიდევ ერთი ქვა, აღმართში მიეწია. აკაკი ჩხენკელმა, რომელმაც საკუთარი თვალით იხილა დანგრეული შიდა ქართლი, თბილისში დაბრუნებულმა დამფუძნებელი კრების სხდომაზე პირდაპირ განაცხადა: - ესღა გვაკლდა!

თუმცა, ახალგაზრდა რესპუბლიკამ, სოლიდარობის არნახული მაგალითი აჩვენა და ერთიანი ძალებით შეუდგნენ მუშაობას. გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკაში” დაიბეჭდა საკმაოდ ორიგინალური მოწოდება “მდიდრებისადმი”: “მდიდარო, მიწისძვრა ყველას ათანასწორებს. გაიღე შენი სიმდიდრიდან დაზარალებულთა მოსამჯობინებლად”.

ზუსტად ერთ წელიწადში, საქართველომ კვლავ დაკარგა სიმწრით მოპოვებული დამოუკიდებლობა და გორმა უკვე საბჭოთა მონუმენტალიზმისა, თუ ბრუტალიზმში განაგრძო არსებობა. თუმცა, მისდა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ გორში, თბილისისგან განსხვავებით, ცის ფერის დანახვა ჯერ ისევ შეიძლება, ჰორიზონტზე კი კავკასიონის ჩამოთოვილი მწვერვალებისა.

დაუჯერებელია? ჰოდა თავად ნახე, წამო გორში!

1. გორის ციხე რა თქმა უნდა, #1 ისტორიული და მონახულებადი ობიექტია. თუნდაც იმიტომ, რომ შორიდანვე იტაცებს თვალს და ერთ-ერთი ყველაზე უკეთ შემონახული და მაშტაბური ციტადელია თბილისთან ახლოს.

„გორის ციხედ“ წყაროებში პირველად მე-13 საუკუნეში იხსენიება. სტრატეგიული სიმაგრე საუკუნეების განმავლობაში არაერთხელ გადაკეთებულა და განახლებულა. მე-17 საუკუნიდან საინტერესო მონაცემებია შემონახული კათოლიკე მისიონერის, ქრისტეფორე დე კასტელის, ჩანაწერებსა და ჩანახატებში. ნახატიდან ირკვევა, რომ დღეს შემორჩენილი ციხის მეტი ნაწილი როსტომ ხანის დროს და მისივე ბრძანებითაა აშენებული. ის აფასებდა ციხის სტრატეგიულ მნიშვნელობას და ზრუნავდა ამ ადგილის გამაგრებაზე. რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ (1801 წ.) პირველ წლებში სიმაგრე კვლავ ასრულებდა თავის ფუნქციას – აქ რუსეთის არმიის გრენადერთა ბატალიონი იდგა. მე-19 საუკუნეში მან დაკარგა სტრატეგიული მნიშვნელობა.

ციხიდან ყველაზე ლამაზი და შთამბეჭდავი ხედები იშლება ქალაქზე და მთელს შიდა ქართლზე. ჩრდილოეთით კი თვალი დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებსაც სწვდება.

2. „ქართველ მებრძოლ გმირთა მემორიალი“ ციხის ასასვლელთანაა და უბრალოდ შეუძლებელია ასცდეთ, ან გულგრილად ჩაუაროთ ამ ერთი შეხედვით უცნაურ ადგილს.

კომპლექსი 8 მებრძოლის ქანდაკებისგან შედგება და მისი ავტორი გოგი ოჩიაურია. გორელებლი „დაჩეხილი მებრძოლების მემორიალს“ ეძახიან და მართლა ასეა. შემაძრწუნებელი ქანდაკებები, სისხლს გაგიყინავთ და თუკი ვინმეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე არაფერი სმენია, მეტის თქმა საჭირო აღარაა - დაჩეხილი გმირები თავად მოუყვებიან შინდისის ბრძოლაზეც და თბილისის დამცველ იუნკერებზეც.

3. გორის საკათედრო ტაძარი, ქალაქის მშვენება და მარგალიტი, მეომრების კომპლექსის მოპირდაპირედ, გზის მეორე მხარეს დგას.

ამ ადგილას პირველი კათოლიკური ეკლესია მე-17 კათოლიკე მისიონერებს აუშენებიათ და საბჭოთა წყობილების დამყარებამდე, თითქმის შეუფერხებლად ფუნქციონირებდა.

1923 წელს ხელისუფლებამ გორის კათოლიკური ეკლესია დახურა. ეკლესიის წინამძღვარი პატრი კონსტანტინე საფარაშვილი კი, საბჭოთა წყობილების მოწინაღმდეგედ მიიჩნიეს

ზუსტად ამ დროს, გორის ტაძრის ბედით თვით რომის პაპი დაინტერესებულა. ამას ადასტურებს 1923 წლის 16 სექტემბრით დათარიღებული ვატიკანის დელეგატის წერილი, რომლის ადრესატი გახლავთ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი ალექსანდრე (საშა) გეგეჭკორი. 923 წლის 22 სექტემბერს საქართველოს ბოლშევიკური მთავრობა გარკვეულ დათმობებზე წავიდა, რადგან თითქმის ყველა კუთხიდან იგზავნებოდა მორწმუნეთა თხოვნები დახურული სამლოცველოების გახსნასთან დაკავშირებით. თუმცა, 1924 წლის 22 ოქტომბერს, გორის სამაზრო აღმასკომის პრეზიდიუმმა შუამდგომლობით მიმართა შსს სახალხო კომისარიატს - კათოლიკე პატრის საქართველოდან გაძევების შესახებ.

70-იანი წლების ბოლოს ტაძრის შენობა გორის კომკავშირს გადაეცა, სადაც ახალგაზრდულმა ცენტრმა საკონცერტო დარბაზი მოაწყო, ეკლესიაში მოთავსებული იყო გორის სამუსიკო სკოლა. „პერესტროიკის“ დაწყების შემდეგ, მორწმუნეთა დაჟინებული მოთხოვნით, დისკოთეკა გაუქმდა, თუმცა მორწმუნეებს ტაძარი ხელისუფლებამ არ დაუბრუნა; თბილისიდან პერიოდულად ჩასული კათოლიკე მღვდელი გორში, მორწმუნეთა ბინებში აღასრულებდა წირვა-ლოცვას. 1989 წელს ქალაქის აღმასკომმა გორის გაუქმებული კათოლიკური ტაძარი მართლმადიდებლებს გადასცა. 2000–იან წლებში ტაძარში სარემონტო და სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა, გადაიღება კათოლიკური ფრესკები და ძველი კვალი თითქოს წაიშალა. თუმცა, გორში ჯერ კიდევ ბევრი „ფრანგების ეკლესიას“, ან „ყოფილ კათოლიკურს“ ეძახის. „აქედან ვერ ამოშლი“...

4. გორის სინაგოგას, ციხის სიახლოვეს, ქვედა ქუჩაზე იპოვნით, ქ. კასტელის #25-ში. გორის სინაგოგას რაბი არ ჰყავს, ამიტომაც მასზე აქაური თემი ზრუნავს. თურმე, თავის დროზე, აქ გამომცხვარი მაცათი, მთელი რეგიონი მარაგდებოდა. მაცას გარდა კი, მაშინდელი მოდისტკები ლევისის ჯინსებისა და სხვა „ზაგრანიჩნი“ სიკეთეების საყიდლადაც დადიოდნენ „გადამყიდველებთან.

აქაურობას „ებრაელების უბანს“ ეძახიან დღემდე.

5. ლომჭაბუკის ძეგლი, გორის კიდევ ერთი სიმბოლოა. გორელები მას ,,გამარჯვების" მონუმენტს. მისი ავტორი ელგუჯა ამაშუკელია (1982 წ). ,,განსაკუთრით უნდა აღინიშნოს თავად მოქანდაკის მიერ შერჩეული ქანდაკების „წასაკითხი“ რაკურსი - ლომზე ამხედრებული, სამხრეთისკენ მსწრაფი ჭაბუკი „ხსნის“, საფეხურებად დაქანებულ საბრძოლო გოდოლებში დაფარულ, მტრის დაუნდობლად შემმუსვრელ ენერგეტიკას და გორის ციხის კომპლექსის მახასიათებელ ელემენტად და მის ორგანულ გაგრძელებად ფორმირდება. ეს ერთი მაგალითიც კი ცხადყოფს მოქანდაკის უნარს დაიმორჩილოს არა მხოლოდ სივრცე, არამედ დაიმორჩილოს დროც" - წერს თავის წიგნში ხელოვნებათმცოდნე თამარ შავგულიძე.,

6. მერაბ მამარდაშვილის ფრაზები დღეს განსაკუთრებით აქტუალურია ინტერნეტსივრცეში. ხშირად აზიარებენ მის გამონათქვამებს თავისუფლებასა და ძვირფას ღირებულებებზე. იცოდით, რომ ჩვენი საამაყო ადამიანი გორელია? „

ყოველი ქართველი საკუთარი თავის მეუფე, ე.ი. თავის უფალი იყო! ამიტომაა, რომ ჩვენში, ფანტასტიური მრავალფეროვნების და განსხვავებულობის მიუხედავად, მაინც მთელი ისტორიის მანძილზე იქნა შენარჩუნებული ერთიანობის სიმბოლო“. მერაბ მამარდაშვილმა ფილოსოფოსის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის განყოფილების გამგე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი იყო. ლექციებს კითხულობდა გერმანიაში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში. მისი ნააზრევით ინტერესდებოდნენ საერთაშორისო სამეცნიერო წრეები, მედია. აღსანიშნავია მეცნიერის წვლილი მარსელ პრუსტის შემოქმედების კვლევაში. 1990 წლის 25 ნოემბერს ის გულის შეტევით გარდაიცვალა. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე. გორში მისი სახელი ეწოდა ქუჩას, მისი ბიუსტი კი ქალაქის შემოსასვლელშია, საპატრულოსთან ახლოს.

7. გორის ისტორიული და ეთნოგრაფიული მუზეუმი, ჩვენი საყვარელი მეცნიერის, სერგი მაკალათიას სახელს ატარებს. ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ადგილია გორში. ძალიან საინტერესო და გამორჩეული ექსპონატები დიდებსაც და პატარებსაც თანაბრად დააინტერესებთ. გიდები კი მართლა, გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, უკარგესები ჰყავთ. ძალიან ყურადღებიანი და თავის საქმის მცოდნე. ჩემი პატარა მოსწავლეებიც კი ვერ უტოკებენ ვერც ერთს წარბს 😊) აქ ნახავთ ნამდვილ „ლურჯ ტაბლას“ და საბეჭდავს, ორმაგ გიტარას და რეგიონსა და მთელს ქვეყანაში აღმოჩენილ უნიკალურ და გასაოცარ ნივთებს.

8. სამუზეუმო სივრცეებს ნამდვილად არ უჩივის გორი. კიდევ ერთი ადგილი, რომელიც მეორე მსოფლიო ომსა და გორის ქარცეცხლიან უახლოეს წარსულთანაა დაკავშირებული, გორის ომის მუზეუმია. აქ საკმაოდ ბევრ საინტერესო ინფორმაციას და ექსპონატებს იპოვნით მეორე მსოფლიო ომის შესახებ. ძველი იარაღის გვერდით კი ნახავთ 2008 წლის ომის ნაკვალევსაც - იარაღს, აფეთქებული ჭურვების ნამსხვრევებს, რომელიც ქალაქში რუსული არტილერიისგან დარჩა. მუზეუმის შესასვლელში კი მეორე მსოფლიო ომისადმი მიძღვნილი პანოა მთელს კედელზე.

9. ვაჟა-ფშაველა იცოდით, რომ გორში სწავლობდა და აქაურ სამასწავლებლო სემინარიაში 18 წლისა ჩაირიცხა? ვაჟას გორთან მისი ძმა, თედოც აკავშირებდა, რომელიც აქვე ახლოს, ხელთუბანში ცხოვრობდა. თედოც და ვაჟას შვილიც, ბოროტების იმპერიის მსხვერპლი გახდნენ. დღეს გორში, ვაჟას 20-მდე შთამომავალი ცხოვრობს. სკოლა კი, სადაც ვაჟა სწავლობდა, ზუსტად დიდი ბელადის მუზეუმის გადმოსწვრივ დგას და დღეს მე-9 საჯარო სკოლა. როგორ გაუმართლათ გორის ბავშვებს. იქნებ ღამ-ღამობით ვაჟა დახეტიალობსკიდეც ძველი სემინარიის დერეფნებში და ფანჯრიდან ჩაფიქრებული გასცქერის შეცვლილ ქალაქს.

10. 1001 ქართული ორნამენტი გორის თეატრთან ახლოს, იაკობ გოგებაშვილის სკვერშია. ეს პანო 1001 ხელნაკეთი კერამიკული ფილისგანაა აწყობილი და ყველა ფილა სხვადასხვა, თავის ამბავს ჰყვება ანბანზე, ლურჯ სუფრაზე, ვარდულებსა და ჩახუჭუჭებულ ორნამენტებზე. იდეა გორელ ირინა შოთაძეს ეკუთვნის. შესრულება კი მას და მის კოლეგებსა და მეგობარ ხელოვანებს. მადლობა, ირინა და მეგობრებო ❤

11. გორული კერამიკა ყოველთვის ცნობილი იყო ხარისხითა და სილამაზით. დროება იცვლება, შვიდი მდინარის ქალაქში წყლები მიედინებიან, მაგრამ ტრადიციები რჩება. ნინოშვილის #10-ში, კერამიკის ოსტატ გიორგი ტატულაშვილს იპოვნით, რომელიც წინაპრებისგან მიღებულ ცოდნას ახალ თაობებს გადასცემს. აქ შეგიძლიათ მეთუნეობის გაკვეთილს დაესწროთ, უბრალოდ ოსტატთან სამასლლათოდ შეიაროთ. თან ულამაზესი ტრადიციული სუვენირები, ან გამოყენებითი ნივთები შეიძინოთ, თქვენი თავი, ან მეგობრები გაახაროთ და უბრალოდ, ქალაქის ეკონომიკურ დამოუკიდებლობას ცოტა ხელი წააშველოთ.

12. გორული კატლეტის გარეშე, ბევრისთვის ქალაქის დატოვება წარმოუდგენელია. თუმცა, ეს კერძი რეგიონის კულინარიაში მეტ-ნაკლებად თანამედროვე მოვლენაა. ადგილობრივი კულინარების ინფორმაციით, კატლეტის უნიკალური ვარიაციის რეცეპტი გორელმა გივი აბუაშვილმა შექმნა. გორში, ყველა რესტორნის მიმტანი დაიფიცებს, რომ მათთან საუკეთესო „გორული კატლეტი“ მზადდება. აბა, რა ვიცი? თუ არ გასინჯეთ, საიდან გეცოდინებათ? ამბობენ „შინ და გორშია“ Shin da Gori ყველაზე კარგიო. მგონი, ღირს ცდად.

ჩემსავით ვეგეტარიანელებს, ან უბრალოდ წვნიანის მოყვარულებისთვის შინდის, დოს, ღოლოს შეჭამანდები და პურის ხარჩო - ეს აქაური „საფირმო კერძებია“. შიდა ქართლის გასტრონომიულ კულტურაში ოსურ სამზარეულოსაც თავისი ადგილი აქვს. ოსურ კულინარიაში რძის პროდუქტები განსაკუთრებით ფასობს. პოპულარულია თხის ყველი, რომელსაც საუზმეზე მიირთმევენ ხოლმე. მისგან მზადდება ოსური ტრადიციული კერძი „ძიკა“. ზოგადად, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში რძის პროდუქტზე დაფუძნებული სპეციფიკური ღვეზელი ცხვება. შიდა ქართლში ამგვარი ღვეზლის სახეობაა ჭახრაკინა, რომელიც მხლოვანის სახელითაცაა ცნობილი და მთიულეთში თავისი ბიძაშვილ-მამიდაშვილებიც ჰყავს.

13. სიცხისგან გათანგულებმა, კარგი ცივი ყავა შეგიძლიათ სტალინის გამზირზე, კაფე 22-ში დალიოთ. სააღდგომოდ აქ უგემრიელესი პასკებიც შეგიძლიათ გასინჯოთ, დეკემბერში კი ჯანჯაფილის ლამაზი და გემრიელი ნამცხვრები. ადრე, სანამ შვილები მეყოლებოდა, ასეთ დეტალებს ნაკლებად ვაქცევდი ყურადღებას. ეხლა კი, სულ ვეძებ ახალ და საინტერესო ადგილებს ტურისტულ, ან თუნდაც არატურისტულ ზონაში, რომელზეც თამამამდ ვიტყვი, რომ ბავშვებისთვის მეგობრული გარემო და საჭმელებია. მოკლედ kid friendly. Approved. Cafe 22

14. გორში ყოველ ფეხის ნაბიჯზეა 2008 წლის რუსული აგრესიის კვალი. ვერხვების დასახლების მემორიალი, ამ და მეზობელ უბნებში დარჩენილი იარაღებისა და ასაფეთქბელი მოწყობილობების ნარჩენების გამოყენებითაა გაკეთებული. ერთი შეხედვითაც კი თმა ყალყზე დაგიდგებათ - ბომბების ხე და იქვე ბავშვები თამაშობენ და ყირაზე გადადიან. თან როგორი მწარეა და როგორი სიმბოლური, ისევე როგორც ყველაფერი ამ დალოცვილ გორში - სიცოცხლე გრძელდება და იმედი არსებობს. განსაკუთრებით ახლა.

15. გორში, რამდენიმე კედელია, რომელსაც დღესაც ეტყობა ომის კვალი - კასეტური ბომბებისა და ტყვიების ანაბეჭდი. ერთი ასეთი კედელი მთავარ ქუჩაზე იყო და გიდები ყველა ჯურუს ტურისტს ვაჩვენებდით, როგორც თვალნათელ მაგალითს ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის აგრესიისა. დღეს ერთი ასეთი კედლით ნაკლები გვაქვს გორში, შარშან ოქტომბერში ქალაქის რეაბილიტაციას შეეწირა. თუმცა გაგოშას კედლის მხატვრობა ოკუპაციის კარგი ილუსტრაციაა. გადატანითი, თუ პირდაპირი მნიშვნელობით.

გორში სანახავი კიდევ იმდენია, მთელი ღამე მომიწევს ალბათ ვწერო.

თუმცა, წაკითხულს და გაგონილს ნანახი სჯობს და უკეთესია, თქვენ თქვენი აღმოჩენები გააკეთოთ.

აქვე ვურთავ უკარგეს და საჭირო ბმულს, სადაც გორის ცოცხალ რუკას ნახავთ, მონიშნული მნიშვნელოვანი სანახავი ადგილებით და ამ ადგილებზე ძირითად და საინტერესო ინფორმაციასაც.

მეტი და სიღრმისეული ინფორმაციისთვის კი შეგიძლიათ დაჯავშნოთ ტურები Gori Free Walking Tour Zhana Odiashvili, რომელმაც ჩემზე მილიონჯერ უკეთ იცის გორი. ჟანა გორელი აქტივისტია და 2019 წლიდან გორის საფეხმავლო, საბჭოთა არქიტექტურის და სხვადასხვა თემატურ ტურებს უდგას სათავეში. მოკლედ, თავდაუზოგავად შრომობს, რომ თავისი პატარა კოპწია ქალაქი სათანადოდ წარმოაჩინოს მსოფლიო მოგზაურებთან.

თეგები: #გორი
კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დაწერეთ კომენტარი

დაწერეთ კომენტარი