თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
თითქმის შეუძლებელია ქალაქ გორისთვის გვერდის ავლა, ის ჰომ ქვეყნის სატრანსპორტო მნიშვნელობის ადგილს წარმოადგენს. თბილისს მთავარი ავტობანის საშუალებით უკავშირდება, თუმცა მოკლე სალაშქრო წერტილად არც თუ ისე ხშირად აღიქმება.
გორი, უმეტესად, ცენტრში მდებარე სტალინის მემორიალურ მუზეუმთან ასოცირდება, რომელიც ქალაქის სავიზიტო ბარათად იქცა და ქვეყნის უცხოელი სტუმრებისთვის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. თავად გორის მუნიციპალიტეტი უდიდესი ისტორიის მქონე, კულტურული ძეგლებითა და ლამაზი ბუნებით მდიდარია. სასეირნოდ, პიკნიკისთვის, მცირე ლაშქრობებისთვის სასიამოვნო დროსაც გაატარებთ. შეგიძლიათ ნახოთ მშვენიერი ხეობები, ჩანჩქერები და მცირე ტბები. ქალაქის სივრცეში დომინანტური როლი უკავია გორის ციხეს, მთავარ ღირსშესანიშნაობათა შორისაა გორის საკათედრო ტაძარი, გორის თეატრი და სტალინის მუზეუმზე არანაკლებ მნიშვნელოვანია ეთნოგრაფიულ-ისტორიული მუზეუმი.
ისტორიულად, გეოგრაფიულად და კულტურულად უმნიშვნელოვანეს ადგილებს გორის მუნიციპალიტეტში ბევრგან შეხვდებით. სწორედ გორიდან რამოდენიმე კილომეტრის მოშორებითაა ძველი ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების ცნობილი ნიმუში, VII საუკუნის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი ატენის სიონი. აქვე მდებარეობს კლდეში ნაკვეთი უძველესი ქალაქი უფლისციხე, რომელიც VII საუკუნით თარიღდება. ღირსშესანიშნაობებიდან გარდა ამ ძეგლებისა, კიდევ მრავალი საინტერესო, მხატრული და ისტორიული მნიშვნელობის მქონე ტაძრის, ციხე-სიმაგრისა, ბალნეოლოგიური კურორტი გორიჯვრის, თუ ნამოსახლარის მონახულება შეგიძლიათ, მაგალითად ზემო ნიქოზის ღვთაების სამონასტრო კომპლექსი და შინდისის ციხე-გალავანი.
ქალაქი იდეალურია მოკლევადიანი ვიზიტებისა და ლაშქრობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ისტორიულ-კულტურული ძეგლის ნახვასა და ბუნების მშვენიერებით ტკბობას ერთ დღეში ვერ მოასწრებთ, იმ ღირსშესანიშნაობებს შემოგთავაზებთ, რომლის ნახვასაც ამ დროში აუცილებლად მოახერხებთ.
გორის ციხე
გორის ციხე ქალაქის სიმბოლოდ იქცა. ისტორიული ციხესიმაგრე ქართლში, ქალაქ გორის ცენტრში, მაღალ კლდოვან ბორცვზე დგას. ჩრდილოეთ ფერდობზე შემორჩენილი ნანგრევები და არქეოლოგიური მონაცემები მოწმობს, რომ აქ ძვ. წ. I ათასწლეულის უკანასკნელ საუკუნეებში ძლიერი სიმაგრე, მის გარშემო კი მოსახლეობა ყოფილა. „გორის ციხედ“ წყაროებში პირველად XIII საუკუნეში იხსენიება.
გორის ციხე მნიშვნელოვანი სტრატეგიული სიმაგრე იყო; მისი დაუფლება მთელ შიდა ქართლზე პოლიტიკურ ბატონობას უდრიდა. საუკუნეების მანძილზე გორის ციხე არაერთხელ განახლებულა და გადაკეთებულა. ძირითადი ნაწილი აღდგენილია XVII საუკუნის 30-იან წლებში როსტომ მეფის მიერ.
ციხესიმაგრე ნაგებია რიყის ქვით; ადრინდელ ფენებში თლილი ქვაა ნახმარი. გეგმით ოვალურ ციტადელს დასავლეთიდან შედარებით უკეთ შემონახული ნაწილი — „ცხრაკარა“ ეკვრის; სამხრეთით და აღმოსავლეთით დამხმარე გალავნებია. ციხესიმაგრის თავდაპირველი შესასვლელი არ ჩანს; სამხრეთი კედლის შუაში მოთავსებულია გვიანდელი ხანისკამაროვანი ჭიშკარი. სამხრეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთში პატარა ეკლესიის ნანგრევებია. ციხეს ჰქონდა გვირაბი წყლის ამოსაზიდად და წყალსაცავი. გორის ციხე მნიშვნელოვნად დააზიანა 1920 წლის მიწისძვრამ.
დღევანდელი სახე ციხემ 1774 წელს მიიღო, როდესაც იგი საფუძვლიანად შეაკეთა მეფე ერეკლე II-მ. ქართლ-კახეთის რუსეთთან შეერთების (1801) პირველ წლებში გორის ციხე კიდევ ასრულებდა თავის სტრატეგიულ ფუნქციას — აქ რუსეთის არმიის გრენადერთა ბატალიონი იდგა. შემდგომში მან დაკარგა ადრინდელი მნიშვნელობა.
უფლისციხე
კლდეში ნაკვეთი ქალაქი, ანტიკური ხანის, კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება და საქალაქო ცენტრია. მდებარეობს შიდა ქართლში, ქალაქ გორის აღმოსავლეთით მე-10 კმ-ზე, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირას.იგი ერთადერთი ანტიკური ხანის ერთადერთი ძეგლია, რომელიც ამჟამად მხოლოდ მიწის ზემოთაა შემორჩენილი.
დღესდღეობით იგი წარმოადგენს უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალს. ქალაქს აქვს ქუჩები, სკვერები, წყლის საკანალიზაციო სისტემა, ოთხი კარიბჭე, საიდუმლო გვირაბი, რომელსაც მდინარე მტკვრამდე მიყავხარ, გალავანი და ა.შ. დღეისათვის ის ითვლება მუზეუმად ღია ცის ქვეშ.
წერილობით წყაროებში პირველად VII საუკუნეში იხსენიება. უფლისციხესა და მის შემოგარენში დაცულია არქეოლოგიურ და ხუროთმოძღვრულ ძეგლთა ჯგუფი, რომელთაგან უძველესი ადრინდელი ბრინჯაოს ხანისაა და მტკვარ-არაქსის კულტურის წრეს განეკუთვნება (ნამოსახლარები ლაშეთხევში, გუდაბერტყაზე, გორთან). შუა ბრინჯაოს ხანის მიწურულისაა ყათლანიხევის გორასამოსახლოს ქვედა ფენა.
ლეგენდა უფლისციხის შესახებ
ლეგენდის მიხედვით უფლისციხე მონების მიერ არის აგებული. მონას წერაქვს აძლევდნენ, რომლის ნახევარი რკინით იყო დაფარული რითაც გამოქვაბულებს გამოკვეთდნენ და მეორე ნახევარი კი ოქროთი. მონას ისე უნდა ემუშავა, რომ უბრალო ლითონი გაეცვითა, რის შემდეგაც საჩუქრად თავისუფლებას და ძვირფას ლითონს ანუ ოქროს იღებდა.
აქედან გამომდინარე ორი რამ ნათლად იკვეთება ერთი ის თუ რამხელა შრომა ჩაიდო ქალაქის გამოსაკვეთად და მეორე ის, რომ საქართველოში ოქროს მართლაც მოიპოვებდნენ და ოქროს საწმისის ლეგენდა უკვე განყენებული აღარაა.
ისტორია
უფლისციხის კლდეში ნაკვეთ ანსამბლსა და მის გარშემო დაჯგუფებულ დასახლებებს განვითარების გრძელი გზა გაუვლიათ. კლდეში ნაკვეთი დასახლება ჯერ უფლისციხის მიდამოებში მცხოვრები თემების ჰეგემონი თემის საცხოვრისი გამხდარა, შემდეგ კი - "ზენა სოფლის" (შიდა ქართლის) ტომთა გაერთიანების ცენტრი, სადაც ამ გაერთიანების მეთაური (მამასახლისი), უფალი მჯდარა (აქედან სახელწოდება უფლისციხე). ადრინდელი ანტიკური ხანიდან (ძველი წელთაღრიცხვით VI-IV საუკუნეები) უფლისციხე ქალაქური ტიპის დასახლება იყო, რომელიც ადრინდელი ელინისტურ ხანაში (ძველი წელთაღრიცხვით IV საუკუნის დასასრულს - III საუკუნე) მსხვილ საქალაქო ცენტრად იქცა. ძველ კლდეში ნაკვეთი დასახლება კი ანტიკური ქალაქის შიდა ქალაქად ჩამოყალიბდა. IV საუკუნიდან უფლისციხე, ისევე როგორც ადრინდელი კლასობრივი ხანის ზოგიერთი სხვა ქალაქი, დაქვეითდა და მხოლოდ სამხრეთ სტრატეგიული მნიშვნელობა შერჩა. საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლის პერიოდში (IX-X საუკუნეები) დასუსტებული ციხე-ქალაქი უფლისციხე ხელიდან ხელში გადადიოდა.
IX-X საუკუნეებში უფლისციხეში გაბატონებისათვის თავგამოდებით იბრძოდნენ ქართველი მეფეები, კახეთის მთავრები და სომხეთის მეფეები. საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების შემდეგ (X საუკუნის 70-იანი წლები) უფლისციხემ თანდათანობით დაკარგა მნიშვნელობა. ეს პროცესი დავით აღმაშენებლის მიერ 1122 თბილისის განთავისუფლებით დაგვირგვინდა.
უფლისციხე ადგილობრივ ტომთა ბელადის უფლის სადარის რეზიდენციას წარმოადგენდა. ტომის ბელადს მაშინ დიდი ძალაუფლება ჰქონდა და სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს. უფლის სადარის ციხე, ანუ შემოკლებით უფლისციხე.
არქიტექტურა
უფლისციხე კვერნაქის ქედის სამხრეთ ფერდობზე, ადვილად დასამუშავებელ ქვიშაქვის მასივშია გამოკვეთილი. ის სამი უბნისაგან შედგება და ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებისა და ანტიკური ხანის შიდა ქალაქისათვის დამახასიათებელ კომპონენტებს შეიცავს: ზღუდეს, თხრილს, რამდენიმე შესასვლელს, გვირაბს, წყალსადენს და წყალსაწრეტი არხების ქსელს. ანტიკური ხანის კლდეში ნაკვეთი დარბაზები და ნაგებობები დიდი ზომებით, გეგმარებისა და არქიტექტურული ფორმების გეომეტრიული სიზუსტით და მორთულობის მაღალმხატვრული შესრულებით გამოირჩევა. ფეოდალური ხანის დარბაზები კი უფრო დაუდევრადაა ნაკვეთი, აშკარად ეტყობათ დამუშავებისა და საკვეთი იარაღის კვალი.
უფლისციხეში, გარდა კლდეში ნაკვეთი დარბაზებისა, ჩვეულებრივი წესით ნაშენი ნაგებობათა ნაშთებიც არის შემორჩენილი. ანტიკური ხანის შენობები კარგად გათლილი და დამუშავებული კირქვის მოზრდილი კვადრებითაა ნაგები, მშრალი წყობით. ფეოდალური ხანის ნაგებობების უმეტესობა ნატეხი ქვით არის ნაგები. ნაქალაქარის ტერიტორიაზე შემორჩენილია ალიზის და აგურის შენობებიც. ანტიკური ხანის ყველა დარბაზი ერთსართულიანია. ფეოდალური ხანის ნაგებობებში კი ეს პრინციპი დარღვეულია და ამიტომაც ამ პერიოდის ქვაბულების უმეტესი ნაწილი ჩამონგრეულია. კლდოვან ფერდობზე მდებარე ქალაქს სამხრეთიდან და დასავლეთიდან მაღალი ციცაბო ქარაფი იცავდა, ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან კი – კლდეში ამოჭრილი თხრილი
ხელოვნების სახლი
ხელოვნების სახლი გაიხსნა 2020 წელს, "გორელ ფოტოგრაფთა კლუბის" წევრების მიერ. განხორციელდა საგანმანათლებლო პროექტებისა და გამოფენების სერია, სხვადასხვა დაწესებულებებისა და ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით.
ხელოვნების სახლში ტარდება ადგილობრივი და საერთაშორისო არტისტების მუდმივი გამოფენები. სივრცის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ფოტოგრაფიის, თანამედროვე ხელოვნებისა და კულტურის განვითარებას ზოგადად, თავად რეგიონში და ქვეყანაში. ის ასრულებს რეგიონალური პლატფორმის როლს და მხარს უჭერს მრავალი მხატვრის პროფესიულ განვითარებას.
მრავალსექტორული მიმართულება არის სივრცის ერთ-ერთი პრიორიტეტი, რაც მხარს უჭერს ფართო აუდიტორიის და პროცესის სხვადასხვა სფეროს ჩართვას, რაც გლობალური პროცესის გამოწვევების ასახვას უწყობს ხელს.
გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი
1935 წელს, ქალაქ გორში, ისტორიულ-ეთნოგრაფიული, შემდგომში ქართველი ეთნოგრაფის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის და პროფესორის სერგი მაკალათიას სახელობის მუზეუმი გაიხსნა.
მუზეუმში დაცულია ძვ. წ. IV-III ათასწლეულების არქეოლოგიური მასალა, ნუმიზმატიკის ნიმუშები, აგრეთვე XVIII-XIX სს-ის ეთნოგრაფიული მასალა: ხალიჩები, ფარდაგები (ქართული და ყარაბაღული), ქირმანშალები, ოქრომკედით ნაქარგი საეკლესიო დანიშნულების სამოსელი, XVII–XIX სს-ის საბრძოლო იარაღის კოლექცია.
აქ წარმოდგენილია მიწათმოქმედების, მესაქონლეობის, ლითონწარმოების, კედლის მხატვრობის, მცირე ფორმის ქანდაკების, ჰერალდიკისა და სახალხო სანახაობის ამსახველი მასალა, დრაქმები, მონეტები, გორის განძი, ხელნაწერები და ა.შ.
სტალინის სახლ-მუზეუმი
იოსებ სტალინის სამუზეუმო კომპლექსი 1957 წელს სტალინის გარდაცვალების შემდეგ გორში დარსდა. თუმცა იმ სახლში, სადაც სტალინი დაიბადა, მემორიალური მუზეუმი ჯერ კიდევ 1937 წლიდან მის სიცოცხლეშივე არსებობდა.
აქ ინახება 60000-მდე ექსპონატი. მუზეუმის კომპლექსში შედის მემორიალური სახლი, სადაც სტალინი დაიბადა, საექსპოზიციო შენობა და სტალინის პირადი დაჯავშნილი ვაგონი, რომლითაც მან იმგზავრა ისტორიულ კონფერენციებზე თეირანში, იალტასა და პოტსდამში. მუზეუმში ასევე დაცულია სტალინის პირადი ნივთები. მუზეუმი ქალაქის ცენტრში, სტალინის გამზ. 32-ში მდებარეობს.
ცოტა რამ გორის შესახებ
გორი მატიანეებში პირველად VII საუკუნიდან იხსენიება. ტერიტორია უძველესი დროიდან იყო დასახლებული. ამის დასტური და საუკეთესო მაგალითია კლდეში ნაკვეთი ქალაქი უფლისციხე, რომლის ყველაზე ადრეული ფენები ბრინჯაოს ხანისაა, ასევე რაიონში აღმოჩენილი სხვადასხვა არქეოლოგიური ძეგლი.
ქალაქის სახელწოდება წარმოდგება ქალაქში აღმართული კლდოვანი გორაკისაგან, რომელზეც გაშენებულია ძველი ციხესიმაგრე. სტრატეგიული მდებარეობის გამო გორი ხშირად სამიზნე წერტილი იყო დასაპყრობად. XVIII საუკუნის 40-იან წლებში კი იგი უცხოელ დამპყრობელთაგან გათავისუფლდა. რაიონი ლამაზი ბუნებითა და კულტურული ძეგლების სიმრავლით გამოირჩევა. გორის ტერიტორიაზე მრავალი კულტურული, ისტორიული თუ მხატვრული ღირებულების არტეფაქტია აღმოჩენილი.
ქალაქში არის მსუბუქი და კვების მრეწველობის საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. აქ არის სამთავისისა და გორის ეპარქიის კათედრა და რეზიდენციაც. გორი წარმოადგენს სარკინიგზო კვანძს. გარდა ამისა, განვითარებულია სატრანსპორტო კავშირი თბილისთან და ახლომდებარე სოფლებთან, რომელსაც ემსახურება ავტობუსებისა და მიკროავტობუსების პარკი. ქალაქის შიდა ტრანსპორტიც არანაკლებ განვითარებულია, რომელშიც ძირითადად მიკროავტობუსები და ავტობუსები შედიან.
თუკი გორში მოსახვედრად პირადი ავტომობილის გარდა სხვადასხვა საშუალებას ეძებთ, სამარშრუტო ტაქსითა და კერძო ტაქსებით მეტროსადგურ ‘დიდუბიდან’ ადვილად შეგიძლიათ. ღირებულება კი 4-5 ლარს შეადგენს. თუმცა, თუკი გსურთ ვიზიტი დაგეგმილი, წინასწარ გაწერილი და მაქსიმალურად კომფორტული იყოს, ერთდღიანი მოგზაურობა Gori Walking Tour-თან ერთად დაიწყეთ.
ტური განსხვავებულ, ალტერნატიულ პერსპექტივას გთავაზობთ და გზად მხოლოდ ადგილობრივის გამოცდილებით, ისეთ უცნობ ადგილებსაც აღმოგაჩენინებთ, რომლებიც ქალაქს ახლებურად დაგანახებთ.
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დაწერეთ კომენტარი