დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
29 ივლისი, 2021

5 მთავარი მუსიკალური ფესტივალი 2021 წელს, რომლებიც არ უნდა გამოტოვოთ

კატეგორია: ინფორმაცია

მუსიკა გვევლინება პიროვნული განვთარებისა და ეგზისტენციალური კრიზისების დაძლევის უმნიშვნელოვანეს კომპონენტად. ის გვიმძაფრებს ბედნიერების შეგრძნებას, როცა თავს კარგად ვგრძნობთ, და გვიმსუბუქებს ყოფას ცხოვრების რთულ მომენტებში. 2020 წლის თვითიზოლაციამ მუსიკით მარტო ტკბობა გვასწავლა, თუმცა 2021 წელს საშუალება მოგვეცა სხვებთან ერთად განგვეცადა მუსიკისგან მოგვრილი სიამოვნება.

გთავაზობთ 5 მთავარ ფესტივალს, რომლებიც 2021 წელს საქართველოში ჩატარდება და თქვენს ცხოვრებას (თითქმის) ჩვეულ რელსებზე გადააწყობს.

1. Close Encounters (27 ივნისი -1 ივლისი)

საქართველოს ევროპისკენ მისწრაფებამ გავლენა იქონია საერთო ღირებულებით სისტემისა და გემოვნების ჩამოყალიბებაზე, სწორედ ამ ფაქტის გამოძახილია Close Encounters-ის მუსიკალური ფესტივალიც, რომლის ფარგლებშიც წარმატებული ქართველი და ცნობილი ევროპელი (შვეიცარიელი, ავსტრიელი, ჰოლანდიელი, ნორვეგიელი და ა.შ.) მუსიკოსები თავიანთ შემოქმედებას უზიარებენ ერთმანეთს.

2005 წლიდან მოყოლებული Close Encounters-ის ორგანიზატორები და არტისტები, ესთეტიკური სიამოვნების მიღების მოტივაციით, ქვეყნებს, თაობებსა და ტრადიციებს შორის საზღვრებს შლიან, საქართველოს კი გლობალიზაციის გულად აქცევენ.

აღნიშნული ფესტივალის ერთ-ერთ მთავარ ღირსებად საზოგადოებისთვის წარდგენილი მუსიკის აქტუალურობა უნდა მივიჩნიოთ, იგი აერთიანებს თითქმის ყველა ჟანრს, მათ შორის კლასიკას, ფოლკლორს, ელექტრონულ მუსიკას და ა.შ. Close Encounters საშუალებას გვაძლევს თანამედროვე ტენდენციების პულსზე გვედოს ხელი: გავიგოთ რას და რატომ ქმნიან 21-ე საუკუნის არტისტები.

როდის და სად ტარდება Close Encounters 2021?

წელს ფესტივალს დაეთმობა 3 დღე - 27, 30 ივნისი და 1-ლი ივლისი; ჩატარდება სამ განსხვავებულ ლოკაციაზე - Leno Record-ის სივრცეში, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში და გიორგი ერისთავის სახელობის გორის დრამატულ თეატრში.

Close Encounters-ის 2021-ს გახსნის საღამო, რომელიც გამორჩეულ კომპოზიტორს, მიხეილ შუღლიაშვილსა და მის 80 იუბილეს ეძღვნება. ავანგარდისტის ნამუშევრები, მათ შორის „მულტიპლიკაცია,“ წლების განმავლობაში ჩრდილში მოექცა, აღნიშნულ კონცერტზე კი მისი ალტერნატიული, ინსტალაციური ვერსია იქნება წარმოდგენილი. რაც შეეხება მთელ პროგრამას, შედგება Song No 3-ის პრემიერა, ასევე, წარმოდგენილი იქნება ქრისტიან მიულერის, კეთი ვან ეკის, რეზო კიკნაძის, მარიამ ღვინიაშვილის, Allotropy-ისა და სხვათა შემოქმედება. 2021 წლის ფესტივალი დაგვირგვინდება შვეიცარელ-ჰოლანდიელი მუსიკოსის, კეტი ვან ეკის ახალი კომპოზიციით, რომელიც სპეციალურად Close Encounters 2021-ისთვის შიექმნა.

2. თბილისის ჯაზ-ფესტივალი (6-8 ივლისი)

„თბილისის ჯაზის ფესტივალი“ დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკაში პირველად ჩატარდა 2000 წელს, ყოველწლიური ხასიათი მიიღო და დროთა განმავლობაში ჟანრობრივად გაფართოებაც მოახერხა: ფესტივალმა გააერთიანა ჯაზის, ბლუზის, სოულის და როკის შემსრულებლები. თუმცა, მისი ისტორია სათავეს იღებს გაცილებით უფრო შორი წარსულიდან...

ჯერ კიდევ სსრკ-ში (1978 წელს) სული ჩაედგა „თბილისის ჯაზ-ფესტივალს,“ ცამეტი ქალაქიდან ჩამოსულმა 30 000-მა გულშემატკივარმა თავი მოიყარა ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში. კონცერტების სერიამ ათ დღეს გასტანა, ოცდასამმა არტისტმა და შემოქმედებითმა ჯგუფმა, რომელმაც საორგანიზაციო საკითხებზე იზრუნა, ერთობლივი ძალისხმევით მოახერხეს საბჭოთა კავშირის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ჯაზ-ფესტივალის ჩატარება.

რიგით 24-ე „თბილისის ჯაზ-ფესტივალი“ 6-8 ივლისს გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში საშუალება მოგვეცემა მოვუსმინოთ გენიალურ ბრენფორდ მარსალისს, ხუთი გრემის ჯილდოს მფლობელ ანტონიო სანჩესს, დონი მაკკასლინს, მიგელ ზენონს, სკოტ კოლისა და იამაიკელ ჯაზის ლეგენდას - მონტი ალექსანდერს, ტრიოსთან ერთად. Covid-19-ით გამოწვეული საფრთხეების გათვალისწინებით, „თბილისის 24-ე ჯაზ-ფესტივალი“ გაიხსნება სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეზოში. კონცერტის დაწყებამდე სტუმრებს საშუალება მიეცემათ დაათვალიერონ კულტურის ნიმუშებიც.

4. ექოვეივზ/ECHOWAVES 2021 (გადაიდო 2022 წლის 19-22 აგვისტომდე)

საქართველოში შეინიშნება ე.წ. კლუბური ცხოვრების სტაბილურად მზარდი დინამიკა, რაც გასაკვირი არ არის ქართველ მსმენელში ელექტრონული მუსიკის სწრაფად გავრცელების ფონზე. თბილისის კლუბები მსოფლიოს მასშტაბით გახდა ცნობილი და უცხოელი „ქლაბერები“ მოიზიდა, რამაც, წაახალისა ელექტრონული მუსიკის ფესტივალების ჩატარება.

EchoWaves-იც ელექტრონული მუსიკის ფესტივალია, რომელიც ზღვისპირა კურორტ ანაკლიაში ტარდება და სტუმრებს დაუვიწყარ თავგადასავალს ჰპირდება. „ელექტრონული ფიესტას“ მიზანია ხელი შეუწყოს მსმენელის მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებას და ხარისხიანი მუსიკის პოპულარიზაციას; ამასთან ერთად, სურს წარმოაჩინოს, როგორ ერწყმის ერთმანეთს ჯანსაღი ცხოვრების წესი და „ღამის ცხოვრება.“

EchoWaves პირველად 2018 წელს ჩატარდა და 150 ქვეყნის მუსიკოსს დაუთმო ასპარეზი. ფესტივალს 70 სახელმწიფოდან ჩამოსული 10,000-ზე მეტი მელომანი ეწვია. იმავე წელს EchoWaves მოხვდა კონკურსის „საუკეთესო ახალი ფესტივალი“ ფინალისტებში (shortlist-ში).

2021 წლის 19-22 აგვისტო Echowaves-ის მესამე სეზონის თარიღია. ALAN FITZPATRICK, ME, ARTBAT, BOSTON 168, DAX J, I HATE MODELS, JAN BLOMQVIST & BAND, LEHAR, MODESELEKTOR, MUSUMECI, STOJCHE, THE BLAZE არიან არტისტები, რომლებიც ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს 4 დღის განმავლობაში გააერთიანებენ. კონცერტების გარდა, ფესტივალში ჩართულებს საშუალება ექნებათ დაკავდნენ სპორტული აქტივობებით: კალათბურთით, ხელბურთით (ვოლიბოლით), ფეხბურთით, ფრიზბით, იოგათი და რაგბით.

როგორც პირველ და მეორე ფესტივალზე, ამჯერადაც ორგანიზატორები სტუმრებს სთავაზობენ მდინარე ენგურის მახლობლად, ციტრუსის ხეების ჩრდილში დაბანაკებას. ბილეთის ფასში, კონცერტებზე დასწრების გარდა, შედის საცხოვრებელი, უფასო ავტოსადგომი და საოჯახო რესტორანი, რომელიც უზრუნველყოფს გემრიელ კვებას.

უსაფრთხოება EchoWaves-ზე

როგორც ჩანს, ორგანიზატორები ჩვენს წინაპართა ბრძნულ შეგონებას ითვალისწინებენ („სიფრთხილეს თავი არ სტკივაო.”) და მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებულ მომსახურებას გვთავაზობენ. SAFEWAVES გახლავთ არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ფესტივალში ჩართულების ჯანმრთელობაზე ორიენტირდება. ჯგუფის მისიაა სოციუმის ცნობიერების ამაღლება და საფესტივალო კულტურის სწორად დანერგვა. ორგანიზაციის წევრი ფსიქოლოგები, ექიმები და მოხალისეები EchoWaves -ის სტუმრებს მიაწვდიან საჭირო ინფორმაციას სასმელისა თუ კლუბური ნარკოტიკის მოხმარებისას წარმოშობილი საფრთხეების შესახებ; ეს კი, თავის მხრივ, მინიმუმამდე შეამცირებს ფატალურ შედეგებს, რომლებიც წარსულში სხვა ღონისძიებებზე დაფიქსირებულა. აგრეთე, ნებისმიერი გაუთვალისწინებელი შემთხვევის დაფიქსირებისას ექიმების ჯგუფი მომენტალურად მობილიზდება პრობლემური სიტუაციის სამართავად.

5. წინანდლის ფესტივალი (8-19 სეტემბერი)

„წინანდლის ფესტივალი“ მუსიკალური ურთიერთობის ყოველწლიურ ტრადიციად იქცა არა მარტო ქართველებისთვის, არამედ კლასიკური მუსიკის მოყვარული ტურისტებისთვის. კლასიკური მუსიკის ამ ფესტივალმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს მუსიკალური ტურიზმის პოტენციალის გამომჟღავნებასა და განვითარებაში. იგი გამორჩეულია მრავალი კომპონენტით: ვარსკვლავური შემადგენლობით, საგულდაგულოდ შერჩეული, რთულად შესასრულებელი კომპოზიციებით, ისტორიული გარემოთი (რომელსაც შთამბეჭდავი ბუნება ზღაპრულ ელფერს სძენს) და დამსწრე საზოგადოებისთვის შეთავაზებული შესაძლებლობებით: „წინანდლის ფესტივალი“ მოიცავს, არამარტო მუსიკალურ ნომრებს, არამედ მასტერკლასებსა და სემინარებს, რაც მას უნიკალურ მოვლენად აქცევს მთელ კავკასიაში.

„წინანდლის ფესტივალი“ თავს უყრის თანამედროვე ეპოქის დიად მუსიკოსებს, დირიჟორებს, ორკესტრებსა და ყველა არტისტს, რომელიც სამყაროსთან კომუნიკაციის მთავარ ინსტრუმენტად ნოტებს იყენებს. იგი ემსახურება ცნობიერებისა და ინტელექტის ამაღლებას არამხოლოდ საქართველოში, არამედ კავკასის რეგიონსა და აზიაში. ღონისძიება ასპარეზს უთობს დამწყებ მუსიკოსებსაც, რათა სწორად შეფასდეს მათი პოტენციალი და ხელი შეეწყოთ სამომავლო განვითარებაში.

„წინანდლის ფესტივალი“ ტარდება ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, რომელიც კახეთში (წინანდალში) მდებარეობს და მსოფლიოს მასშტაბითაა ცნობილი მაღალი ხარისხის ღვინის ფართო ასორტიმენტით, შესაბამისად, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „კლასიკური მუსიკის ფიესტა“ ღვინის ტურიზმის გაძლიერებასაც უწყობს ხელს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წინანდლის ღვინის საცავი მე-19 საუკუნის 30-იან წლებში აშენდა და ერთ-ერთი პირველი ქართული მარანია, რომელმაც წარმოებაში ინოვაცია შემოიტანა, ღვინის ბოთლში ჩამოისხმის გზით.

2021 წელს, უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით, „წინანდლის ფესტივალმა“ მოახერხა ჩვეულ ლოკაციაზე დაბრუნება. 8-იდან 19 სექტემბერის ჩათვლით კლასიკური მუსიკის ქომაგებს შეუძლიათ დატკბნენ თორმეტდღიანი პროგრამით.

წინანდლის ფესტივალის პროგრამის მიმოხილვა

ჯანანდრეა ნოზედა, ქრისტოფ ეშენბახი, ლაჰავ შანი და პინკას ცუკერმანი გახლავთ გამორჩეული ბიოგრაფიისა და მიღწევების მქონდე დირიჟორები, რომლებიც უხელმძღვანელებენ „წინანდლის ფესტივალის“ მესამე სეზონის 23 კონცერტს.

მსმენელთა წინაშე მსოფლიოში აღიარებული 24 ვირტუოზი წარდგება, მათ შორის არიან იეფიმ ბრონფმანი, ლიზა ბათიაშვილი, მათიას გოერნე, ელენა ბაშკიროვა, თომას ჰემფსონი, მიხაილ პლეტნიოვი, ვადიმ რეპინი, ფაზილ საი, სერ ანდრაშ შიფი, ალექსანდრ რამი, სერგეი რედკინი, ამანდა ფორსაიტი, მაო ფუჯიტა, მარკ ბუჩკოვი, ბლითე ენგსტროემი, სტატის კარაპანოსი და თომას ქუასტოფის ჯაზ ბენდი.მუსიკისა და ღვინის ჰარმონიული სინთეზი

იმედი გვაქვს, რომ კარგი იდეები მოგაწოდეთ და ერთ-ერთი ღონისძიება მაინც აღმოჩნდება საინტერესო თქვენთვის. სხვა, კიდევ უფრო სახალისო აქტივობებისთვის მიჰყევით ბმულს: აქ

თეგები: #კულტურა #ინფორმაცია #ფესტივალი #მუსიკალური ფესტივალი
კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დაწერეთ კომენტარი

დაწერეთ კომენტარი

მსგავსი სტატიები