მრავალფეროვნება - ეს არა მხოლოდ საქართველოსთვის არის დამახასიათებელი, არამედ მისი თითოეული კუთხის, და ამ შემთხვევაში აჭარისთვის. მხარე, რომელსაც საუკენეების მანძილზე უწევდა ცვლილებებთან შეგუება, დღეს ჩვენამდე იმ ადგილის სახით არის ჩამოყალიბებული, რომელიც სავსეა განსხვავებული კულტურით, ადათ-წესებითა და ხალხით. მუდმივმა დარტყებმა ამ რეგიონზე სხვადასხვა დამპყრობლებისგან, იქნებოდნენ ეს ოსმალები, რუსები თუ სხვა ეროვნების წარმომადგენლები გამოიწვია სწორედ ის, რომ ამ ადგილას ერთდროულად მოიპოვება კათოლიკური, თუ ქრისტიანული ეკლესიები და მეჩეთები.
მრავალფეროვნებით გამოირჩევა ბუნებაც, რადგან ტერიტორიაზე ვიპოვით როგორც მთავარ ზღვისპირა ქალაქებს, ასევე მაღალმთიან, მშვიდ ადგილებს. სწორედ ესეთი ადგილია ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარე, ბეშუმი, რომელიც ზღვის დონიდან 1850-2000 მეტრზე მდებარეობს და ამშვენებს რეგიონს თავისი დროებითი სილამაზით, რომელიც მხოლოდ ზაფხულს გრძელდება, რადგან ზამთარში დანიშნულებამდე მიმავალი გზა თოვლით იფარება. ქალაქ ბათუმიდან 117 კილომეტრში და ბათუმის ავტოსადგურიდან, მაიაკოვსკის ქ.№ 1, ყოველ დღე 08:50 სთ-ზე კურორტ ბეშუმის მიმართულებით გადის სამარშრუტო ტაქსი. მგზავრობის საფასურია 15 ლარი. უშუალოდ ხულოდან კი სულ რაღაც 37 კილმეტრში მდებარეობს და ხულოს ავტოსადგურიდან სამარშრუტო ტაქსი გადის ყოველ დღე, გრაფიკი მოძრავია და დამოკიდებულია მგზავრთა რაოდენობაზე. კურორტზე მდებარეობს ძირითადად კოტეჯები,სადაც 6-7 ადამიანის განთავსება შეიძლება. დასვენებისთვის იდეალური დრო აგვისტოს პერიოდია, რადგან სწორედ ამ დროს ტარდება მთავარი დღესასწაული შუამთობა, თავისი საინტერესო და გასართობი ღონისძიებებით.
ბათუმი - მიუხედავად იმისა, რომ ის კუთხის მთავარი სიამაყეა, თავისი თანამედროვედ მოწყებილი საოცარი არქიტექურით, შენობა-ნაგეგოგებით და ქალაქში არსებული აქტიური ცხოვრების სტილით, მაინც ამ ყველაფერზე ორმაგად საინტერესო ქალაქის ძველი უბანია. ადგილი, სადაც შეიძლება წავაწყდეთ ქუჩის ხელოვნებას, ძველ ისტორიულ კარებს და ფრანგი მებაღის მიხეილ დ"ალფონსის ძელგსაც კი, იმ ადამაინის, ვისი დამსახურებაც წარმოუდგენელია ბათუმის ბუნების გამწვანება, განაშენიანებაში.
ბათუმიდან სულ რაღაც 19 კმ-ში მდებარეობს თავგადასვლების მოყვარულებისთვის იდეალური ადგილი - მაჭახელას ხეობა. ისტორიული ადგილი, თამარ მეფის დროს აშენებული ხიდებით, რამდენიმე ულამაზესი ჩანჩქერით, ეროვნული პარკითა და ეთნოგრაფიული მუზეუმით. ტურისტებს კი ასევე შეუძლიათ დააგემოვნონ ადგილობრივი თაფლი და გაეცნონ საქართველოს ისტორიიდან არსებულ ,,ოქროს ხანად“ წოდებულ ეპოქას.
გობრონეთი - კიდევ ერთი ადგილი, ლაშქრობების და ისტორიული ადგილების მოყვარულებისთვის. თუ გადაწყვეტთ ესტუმროთ ამ ადგილს, წინ ნამდვილად ერთი დიდი დაუვიწყარი გამოცდილება გელოდებათ. ულამაზესი ხედებით, გზად არსებული მახუნცეთის ჩანჩქერით, თამარის ხიდითა და რამდენიმე მუზეუმით. სოფელში მოგზაურობისას თან გავივლით ველურ ბუნებას და ფლორითა და ფაუნით მდიდარ ტერიტორიას გავიცნობთ, სწორედ ამიტომ გიდის ან ადგილობრივის თანხლებით მოგზაურობა უფრო მოსახერხებელი იქნება. სოფლამდე მისვლა ბათუმიდან სამარშუტო ტაქსით შეიძლება და ღირებულება 4 ლარს შეადგენს.
საბოლოოდ კი ზღვისპირა რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი და ოჯახური დასვენებისთის შესანიშნავი კურორტი - გონიო - პატარა სანაპირო ზოლით და სუფთა წყლით,აერთიანებს მთიან რეგიონს და ამავდროულად ზღვისპირს. კურორტზე უამრავი კოტეჯი და ყველანაირი ტიპის სასტუმროა. დროის გატარება კი სანაპირო ზოლზე არსებული განსხვავებული აქტივობით შეიძლება. ასევე შეგვიძლია გონიოს ციხის დათვალიერება და ადგილი ძალიან ახლოს არის სარფთან, სადაც ტაქსით ან მანქანით რამდენიმე წუთში მივალთ და კლდიდან წყალში ხტომისთვის უამრავ ადგილს ვიპოვით.
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დაწერეთ კომენტარი