სხეულის გაახლების ერთგვარი რიტუალი თბილისში უკვე საუკუნეებია არსებობს. გოგირდის აბანოები არამარტო რეკრეაციისთვის, არამედ დროის გასატარებლადაც ხშირად გამოიყენებოდა. აქ სადედამთილოები საპატარძლოების სილამაზესაც კი ამოწმებდნენ და შეუღლებისას აბანოს ნივთებს მზითევშიც აქტიურად იყენებდნენ. გოგირდოვანი აუზები იყო ძველი თბილისის მთავარი საკურორტო ზონა.
დასვენებისა და გართობის გარდა, გოგირდის აბანოებს უამრავი სამკურნალო თვისება გააჩნია. ის ერთ-ერთი საუკეთესო დამცავია ვირუსების წინააღმდეგ. ცხელი ორთქლი ხელს უწყობს ფორების გახსნას და მათგან პათოგენების გარეცხვას. მაღალი ტემპერატურა აძლერებს სისხლის მიმოქცევას, რაც საშუალებას იძლევა, ორგანიზმი გაჯანსაღდეს. ასევე, სველი ორთქლი ბრონქებისა და ფილტვების ინჰალატორია.
ამ სტატიაში გაეცნობი თბილისის იმ გოგირდის აბანოებს, რომლებიც დღემდე ინარჩუნებენ უძველეს ქალაქურ ტრადიციულ იერსახეს და ადამიანის ორგანიზმს სასარგებლო მინერალების მიღების გარდა, გამოცოცხლებაში ეხმარება.
აბანო №5
გოგირდის აბანოების ხსენებისას თითქმის ყველა აბანოთუბანს წარმოიდგენს. სწორედ ეს ადგილი იყო ქალაქური განტვირთვის ეპიცენტრი. “ნარიყალა”, იგივე “აბანო N5” ერთ-ერთი გამორჩეული და მაღალი ხარისხის მქონე დაწესებულებაა. აქ ნამდვილად შეიგრძნობთ ძველი თბილისის მუხტს. ფერადი მოზაიკური მოხატულობა და განუმეორებელი ინტერიერი დაგარწმუნებთ, რომ ნამდვილად სწორ ადგილას აღმოჩნდით. უნიკალური გოგირდოვანი აბანოების არხი ფაქტობრივად აქიდან იწყება და ვრცელდება მთელი უბნის გარშემო.
აბანო №5 ვახტანგ გორგასლის #3 ნომერში მდებარეობს და ყოველთვის მზად არის სტუმრების მისაღებად. ფასები 60 ლარადან იწყება და მისი ზრდა დამოკიდებულია აბანოს ზომასა და დამატებით სერვისებზე.
ჭრელი აბანო
ჭრელი აბანოს ისტორია მრავალ საუკუნეს ითვლის. XVII საუკუნის თბილისში, სადაც ცნობილი იყო ერეკლეს, ბებუთას, მელიქის და კიდევ უამრავი სხვა გოგირდის აუზი, ჭრელი აბანო ამაყად ამშვენებდა ქალაქს თავისი უნიკალურობით. შენობა ირანული არქიტექტურის გავლენითაა შექმნილი და მერმინდელ სეიდაბადშია თავმოყრილი.
აქ ტრადიციული გოგირდის აბანოების გარდა, უამრავი სხვა მომსახურებაც დაგხვდებათ. ტრადიციული ქისიდან დაწყებული, სხვადასხვა ტიპის მასაჟით დამთავრებული. აბანოების ფასი 70 ლარიდან იწყება და ფასის ზრდა აქაც აბანოს ზომასა და ტიპზეა დამოკიდებული. აქაურობას ძალიან მარტივად მიაგნებთ. ის ბოტანიკური ბაღის აღმართის დასაწყისში, აბანოს ქუჩის #2 ნომერში მდებარეობს.
კიევის აბანო
აბანოთუბანი სავსეა გოგირდის აბანოებით, თუმცა თბილისში კიდევ უამრავ ადგილას ვხვდებით სამკურნალო ბუნებრივ წყლებს. კიევის აბანო გამოირჩევა მრავალფეროვანი ინტერიერით. აქ შეხვდებით როგორც ძველი დეკორატიული ფერადი ქვით ნაშენ აბანოებს, ასევე თანამედროვე სტილით ოთახებს.
კიევის აბანო მარჯანიშვილის მეტროდან დაახლოებით 400 მეტრში, კიევის ქუჩის #4 ნომერში მდებარეობს. სხვა დაწესებულებებისგან განსხვავებით აქ შედარებით ბიუჯეტური ფასებია. მომსახურება 40 ლარიდან იწყება.
ლისი აბანო
იცოდით, რომ ადრე ლისის ტბის მახლობლად ბუნებრივი თერმული წყლები და აბანო არსებობდა? 2014 წლიდან ამ ადგილას ლისი აბანო ჩამოყალიბდა და ის დღესაც წარმატებით ფუნქციონირებს. აქ თავს იყრის რამდენიმე სახის გოგირდოვანი აუზი. სასიამოვნო განტვირთვის ბოლოს შეგიძლიათ დატკბეთ ლისის ტბის არაჩვეულებრივი პეიზაჟით აბანოს ტერასაზე.
ლისი აბანოში ფასები ყოველი გატარებული საათისთვის 8 ლარიდან იწყება. მიგნება ძალიან მარტივია. ის ფაქტობრივად ტბის გვერდით არის აშენებული, ლისის მწვანე სივრცის მახლობლად.
სამეფო აბანო
სამეფო აბანო ნამდვილად ამართლებს თავის სახელს და სხვადასხვა სახის გოგირდის აუზის გარდა, უნიკალური ინტერიერით იპყრობს დამსვენებელთა ყურადღებას. აქაურ კედლებს ჯერ კიდევ ასდის ძველი ტიფლისის სურნელი. სპეციფიკური ქვებით მორთულ კედლებს მრავლად ეტყობა ირანული გავლენა, რაც ორგანიზმის გაჯანსაღების რიტუალს მეტ ხიბლს სძენს. ალექსანდრე პუშკინი წერდა - “დაბადებიდან არ შევხვდრივარ თბილისის აბანოებზე დიდებულ რამეს”. ის უწინ სამეფო აბანოს ხშირი სტუმარი იყო.
აბანო ორთაჭალაში, აბანოთუბანში მდებარებს, აბანოს ქუჩის #2 ნომერში. ფასები 70 ლარიდან იწყება. ადგილზე შესაძლებელია როგორც ინდივიდუალური, ასევე საერთო აუზით სარგებლობა.
მეფე ერეკლეს გოგირდის აბანო
აბანოთუბანის დასახლებაში ერთ-ერთი გამორჩეული აუზით სარგებლობა მეფე ერეკლეში შეგიძლიათ. აქ დაგხვდებათ არაჩვეულებრივი გარემო. თავად შენობა იმ მასალისგანაა აშენებული, რითიც საქვეყნოდ ცნობილი აბანოს ნახევრადგუმბათოვანი გადახურვები. ინტერიერი საკმაოდ მომხიბვლელი და განსხვავებულია. სტანდარტული პროცედურის გარდა, შეგიძლიათ ისარგებლოთ ორგანიზმის უძველესი გამაჯანსაღებლის სერვისით - ქისით.
გოგირდის აბანოს ფასი 50 ლარიდან იწყება და ყველა სახის ბიუჯეტის მქონე ადამიანზეა გათვლილი. შენობას ძალიან მარტივად მიაგნებთ. ის აბანოს I ჩიხის ბოლოში მდებარეობს.
გულოს აბანო
გულოს აბანო ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული და გამორჩეული აბანოა თბილისში. მაქსიმალურ კომფორტზე გათვლილი ადგილი დამსვენებლებს საფირმო მურაბასა და ჩაის სთავაზობს. აბანოს სახელი ქვეყნის ფარგლებს საკმაოდ დიდი ხანია გასცდა და სიხარულით მასპინძლობს უცხოელ სტუმრებს. 2019 წელს ინგლისელი მომღერალი, სტინგი, სპეციალურად გოგირდის აბაზანის მისაღებად ესტუმრა გულოს აბანოს.
საუცხოო მოხატულობებით დახუნძლული ინტერიერი საუკეთესო დასვენების გარანტია. აქ ჯერ კიდევ მუშაობს უკანასკნელი მექისე, რომლის შთამომავლები მუდამ ამ საქმიანობას ეწეოდნენ. ფასები 80 ლარიდან იწყება. თავად აბანო კი იოსებ გრიშაშვილის #11 ნომერში მდებარეობს.
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დაწერეთ კომენტარი