ბოლო რამოდენიმე წელია მდინარე არაგვის მიდამოებში ზაფხულში პიკნიკი ჩემი ოჯახის ტრადიციად დამკვიდრდა. ყოველ ზაფხულს მივემართებით თბილისიდან ფასანაურისკენ. ცენტრალური გზა არაგვის მარჯვენა სანაპიროზეა. ანანურს რომ გაცდებით, ხშირ შემთხვევაში გზიდანვე დაინახავთ მდინარეს და ისღა რჩება ადგილი შეარჩიოთ პიკნიკისთვის. არაგვის გარშემო ულამაზესი ბუნება და მდინარის ხმაური განსაკუთრებული ემოციებით ავსებს ადამიანს. თუმცა, ასევე აღსანიშნავია, რომ ეს ტერიტორია ისტორიული და კულტურული მიშვნელობითაც გამორჩეულია და გზად არაერთი ისტორიული ძეგლი გვხვდება. უკანასკნელ ჯერზე არა მხოლოდ ბუნების სილამაზით, არამედ ამ მიდამოების ისტორიითაც დავინტერესდი. სტატიაში ყურადღებას ამ მიდამოში არსებულ რამოდენიმე სოფელზე გავამახვილებ.
ბოდორნა
როდესაც ფასანაურისკენ მიმავალ სამხედრო გზას დავადგებით, უნდა ვიცოდეთ რომ მას შემდეგ რაც სოფელ მისაქციელს გავცდებით ვიმყოფებით ისტორიულ არაგვის საერისთავოში, რომელიც ფეოდალურ საქართველოში სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეული იყო. არაგვის საერისთავო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იყო და მისი ერისთავები აქტიურად იყვნენ ჩართულნი მაშინდელი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. არაგვის პირველი ერისთავები შაბურისძენი იყვნენ. სავარაუდოა, რომ მათი რეზიდენცია მდებარეობდა დუშეთი-ბაზალეთი-საშაბუროს ტერიტორიაზე. მათი საგვარეულო მონასტერი და საძვალე კი ბოდორნაში იყო. დღეს ბოდორნაში ვნახავთ ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას, რომლის შესახებაც ინფორმაციას ფასადზევე არსებული წარწერა იძლევა. ეკლესია ძველ ნატაძრალზე XV საუკუნეში არაგვის ერისთავის შვილს, მიტროფანეს აუგია. ტაძარი ჯვარგუმბათოვანია. ტაძართან ახლოს, 150-200 მეტრში მდებარეობს ბუნებრივი კლდის სვეტი, რომლის ქვედა ნაწილშიც გამოქვაბულია გამოჭრილი. სავარაუდოა, რომ მსგავს გამოქვაბულებს თავშესაფრის ფუნქცია უნდა ჰქონოდათ.
სავარაუდოა, რომ უკვე XVI საუკუნეში შაბურისძეთა სახლი დინასტიურ ცვლილებებს განიცდის სხვა ქართული პოლიტიკური ერთეულებიდან დაპყრობების შედეგად, თუმცა კონკრეტულად რომელი საგვარეულო შეერწყა ან ჩაანაცვლა არაგვის ერისთავთა ეს ძველი სახლი, დანამდვილებით ცნობილი არ არის. თუმცა, თავად საერისთავოს პოლიტიკურ მნიშვნელობაზე და სიძლიერეზე ამას გავლენა არ მოუხდენია, რადგან არაგვის საერისთავო XVI-XVII საუკუნეებშიც საკმაოდ ძლიერი იყო და მეფის ხელისუფლებისგან სრული დამოუკიდებლობისთვისაც იბრძოდა.
ანანური
ცხადია, ამ მიდამოში ყველაზე ცნობილი სოფელი ანანურია, სადაც მუდმივად შეხვდებით ტურისტებს. ანანურში მდებარე ციხე გვიან ფეოდალურ ხანას განეკუთვნება და ის არაგვის საერისთავოს მთავარი ციხესიმაგრე უნდა ყოფილიყო. ანანური ერთგვარი საკვანძო პუნქტი იყო არაგვის საერისთავოში, რადგან აქ რამოდენიმე მთავარი გზა იყრიდა თავს როგორც ჩრდილოეთიდან და დუშეთიდან მიმავალი, ასევე ქართლიდან. სხვადასხვა შეხედულება არსებობს იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა ანანური ის ადგილი, საიდანაც არაგვის საერისთავო იმართებოდა XVI-XVII საუკუნეებში, ანუ ერისთავთა მუდმივი რეზიდენცია, თუმცა სავარაუდოა, რომ ერისთავები საჭიროების მიხედვით ანანურს რეზიდენციად პერიოდულად იყენებდნენ. ანანურის ციხე ბევრი დაპირისპირების და სისხლისღვრის მომსწრეა, მათ შორის არაგვის და ქსნის ერისთავების დაპირისპირების და შურისძიების, როდესაც 1739 წელს შანშე ქსნის ერისთავმა არაგვის ერისთავებზე მისი ოჯახის მიმართ სასტიკი შეურაცხყოფის გამო შური იძია და ლეკების დაქირავებულ ჯართან ერთად ანანურის ციხე აიღო, კოშკი „შეუპოვარი“ კი გადაწვა და იქ მყოფებიც იმსხვერპლა. კოშკი ციხის გალავნის დასავლეთ კედელში მდებარეობს, ორი ცილინდრული ფორმის კოშკს შორის. ის ყველაზე მაღალი კოშკია. მის ყოველ სართულზე სათოფურებია. „შეუპოვარი“ მნიშვნელოვან თავდაცვით ნაგებობას წარმოადგენდა.
ანანურის კომპლექსი დღემდე კარგად არის შემონახული და უამრავ მნახველს იზიდავს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სოფელი ანანური ჟინვალის წყალსაცავთან მდებარეოს. უკანასკნელი ვიზიტის დროს ანანურის ციხის ქვემოთ წყალსაცავის პირას უამრავი ადამიანი ისვენებდა და იყენებდა წყალსაცავის ნაპირს, როგორც რეკრეაციულ სივრცეს.
ჭართალი
თუ გზას კიდევ გავაგრძელებთ, მივადგებით სოფელ ჭართალს. ქართლის ცხოვრების მიხედვით, წმინდა ნინოს მიერ მთიელთა გაქრისტიანებისას ჩამოთვლილ მოსახლეობაში ჭართალელებიც არიან დასახელებულნი. როგორც ქართლის ცხოვრებიდან ვიგებთ, წმინდა ნინოს ქრისტიანობა უქადაგებია ჭართალელთათვის, ფხოელთათვის, წილკანელთათვის და გუდამაყრელთათვის. მათ კი არ მიუღიათ ახალი სარწმუნოება, რასაც მეფის მიერ ნინოსთან ერთად გაგზავნილი ერისთავის მიერ ძალისმიერი გზით მათ ახალ რჯულზე მოქცევის მცდელობა მოჰყოლია.
ჭართალი საინტერესო იქნება მათთვის ვინც მოსახლეობის შიდა მიგრაციით ან გვარების ისტორიებითაა დაინტერესებული. ჭართალი XV-XVI საუკუნეებში ადგილობრივი მოსახლეობისგან თითქმის დაცლილი ადგილი ყოფილა. ეს სავარაუდოდ უკავშირდება თემურლენგის ლაშქრობას მდინარე არაგვის ხეობაში, რასაც მძიმე შედეგები ჰქონდა. XVII საუკუნის დასაწყისში, არაგვის ერისთავს, ზურაბს, ხევსურეთის დამორჩილების მცდელობა ჰქონდა რაზეც არაერთი თქმულება არსებობს. ზურაბს ხევსურეთზე რამოდენიმეჯერ გაულაშქრია, თუმცა საბოლოო წარმატებისთვის ვერ მიუღწევია. მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს მისი ლაშრობები მაინც იწვევდა ხევსურთა გადასახლებას. სავარაუდოა, რომ სწორედ ეს გახდა მიზეზი ჭართალში ხევსური გიგაურების გადმოსახლების, რომლებიც შემდგომ აქ ერთ-ერთ დომინანტ გვარად იქცნენ. მას ჭართალში შემდგომ კიდევ რამოდენიმე გვარი გამოეყო. ჭართლის თემის გიგაურთა მთავარი სალოცავი ჭართლის თემის სოფელ ზენუბანში ყოფილა და მას „დედა ღვთისმშობელი“ ეწოდებოდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჭართლის თემის სოფელ ზენუბანთანაა დაკავშირებული VIII-IX საუკუნეების ძეგლი ზენუბანის სამების კომპლექსი. დღეს კომპლექსის მხოლოდ ნანგრევებიღაა შემორჩენილი. ის სოფელ ზენუბნიდან 3 კილომეტრში, მთის წვერზე მდებარეობს და გადაჰყურებს ხეობას.
ფასანაურისკენ მიმავალ გზაზე ეს მცირე მონაკვეთიც კი სავსეა ისტორიული მნიშვნელობით. როდესაც ერთი და იგივე, ბევრჯერ ნანახ ადგილებს ვუყურებთ, ხშირად, უბრალოდ აღარ ვფიქრობთ ამ ადგილების მნიშვნელობაზე. ზაფხული მშვენიერი დროა იმისთვის, რომ თუნდაც ბევრჯერ ნანახი ადგილები ხელახლა მოვინახულოთ და სხვა კუთხით გავიცნოთ ისინი.
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დაწერეთ კომენტარი