ყაზბეგში შაბათ-კვირას სტუმრობა არასდროსაა საკმარისი. აქაურობის იდეალურობა კიდევ მრავალჯერ მოგანდომებთ მაღალმთიანი საქართველოს ულამაზეს ადგილებში გასეირნებას. აქ იმდენად ბევრი რამის გაკეთება და მონახულებაა შესაძლებელი, რომ რთულია რომელიმე გამოვარჩიო, მაგრამ ორ დღეში იმაზე მეტის მოსწრება არის შესაძლებელი, ვიდრე წარმოგიდგენიათ.
ყაზბეგში დაგხვდებათ უამრავი ისტორიული შენობა-ნაგებობა, კამკამა წყლები, ჩანჩქერები, ტბები, ულამაზესი ხედები და რაც მთავარია - მთები, მთები და მთები. აქ თითქმის ყველაფერი მთებშია ჩაფლული. ყაზბეგში შაბათ-კვირას მოგზაურობისას შეიძლება ჯომარდობა, ცხენზე ჯირითი, ველოსიპედით ლაშქრობა და კიდევ უამრავი აქტივობა მოასწროთ. საქმე იმაშია, თუ რა გსურთ ყველაზე მეტად?! ყაზბეგის ორ დღიანი ვოიაჟი პირველივე მაღალმთიანი დასახლების სუსხიანი ჰაერის ჩაყლაპვიდან იწყება.
ზოგადად ყაზბეგზე
ეს რეგიონი საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, მცხეთა-მთიანეთის მხარეში. ყაზბეგის ადმინისტრაციული ცენტრი დაბა სტეფანწმინდაა.
მუნიციპალიტეტს შედგება 5 თემისგან: გუდაური, სნო, კობი, გორისციხე და სიონი.
ყაზბეგში ზამთარი ცივი და მშრალია, ზაფხული კი - გრილი, ამიტომ თბილი ტანსაცმლის მომარაგება ყოველთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა.
ადგილობრივი ბუნება მდიდარია მყინვარებით, მდინარეებით, მთებითა და ტბებით. აღსანიშნავია მდინარე თერგი, რომელიც 85 კილომეტრის მანძილზე გასდევს მუნიციპალიტეტს და ასევე მყინვარწვერის შესანიშნავი ხედი, რომლის დალაშქვრაც თითქმის ყველა მოგზაურის სურვილია.
რა ვნახოთ ყაზბეგში
გათენდა. უკვე მზად ხართ, რომ გაემართოთ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დაეკლილი რეგიონისკენ. ერთი სული გაქვთ, როდის დაიწყებენ უზარმაზარი მთები თქვენს ყურებას, თუ როგორ მიაბიჯებთ მთიანეთის უნიკალურ მიწებზე. მაგრამ, ყველაზე საინტერესო და გასაოცარი ის არის, რომ მოგზაურობა ყაზბეგში ჩასვლამდე იწყება. გზად ჟინვალის წყალსაცავი და ანანურის ციხის კომპლექსია, რომლებიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ. ეს არის ყველაზე სასიამოვნო და საინტერესო სამოგზაურო პრელუდია მოგზაურობის ისტორიათა შორის.
ჟინვალის წყალსაცავი
ეს უზარმაზარი, ლურჯად მოელვარე და შეუდარებელი პეიზაჟი თბილისიდან 70 კილომეტრშია და ყაზბეგის გზაზე პირველ მოსანახულებელ ადგილად გვევლინება. ქედებში მოქცეული უზარმაზარი წყლის მასივი დაგარწმუნებთ, რომ ნამდვილად გასაოცარ ადგილას აღმოჩნდით. გარემო იმდენად საუცხოოა, რომ შეიძლება წამით აქ დარჩენაზეც გაიფიქროთ.
ანანურის ციხე
საქართველოს ერთ-ერთი კარგად შემონახული ისტორიულ ძეგლთა რიგებში ანანურის კომპლექსი ამაყად იკავებს საპატიო ადგილს. ეს მიდამო არამარტო მისი სილამაზით, ხედებითა და ისტორიითაა განსაკუთრებული, არამედ ბევრი ხელოვანისთვის ინსპირაციის წყაროსაც წარმოადგენს. ქედები უზარმაზარ პანორამულ ხედებს ქმნიან, რაც მოგონებების აღბეჭდვისთვის იდეალურია. თავად კომპლექსის ტერიტორიაზე უამრავ საინტერესო ნაგებობას შევხვდებით: სამთო კოშკი, აბანო, სამრეკლო, დიდი და პატარა ტაძრები.
გერგეტის სამების ეკლესია
ყაზბეგიდან 1 კილომეტრით დაშორებული გერგეტის სამება ყოველთვის ახერხებს მნახველების გაოცებას მისი ადგილმდებარეობით, შენების სახელოვნებო ოსტატობითა და შესაშური გარემოთი. ულამაზეს ბუნებაში ჩაკარგული, მთის წვერზე მდებარე ეკლესია დაუვიწყარ შეგრძნებებს დაგიტოვებთ. გერგეტი მისი არამიწიერი სილამაზით აუცილებლად აგავსებთ უნიკალური ემოციებითა და შეგრძნებებით. აქაურობა ზამთარში ქათქათა თეთრია, ხოლო ზაფხულში - ჭეშმარიტად მწვანე. ეკლესია ახლაც ფუნქციონირებს და შესაძლებელია საეკლესიო რიტუალებზე დასწრება. ადგილზე ვხვდებით XVI საუკუნით დათარიღებულ მოხატულობებს, რომელზეც წმინდა ნინოს გამოსახულებაც შეიმჩნევა.
გველეთის ჩანჩქერი
ეს საოცარი ადგილი, თავისი ყველა ნაწილით ჯადოსნურია. ერთი შეხედვით შთაბეჭდილება შეგექმნებათ, რომ ეს ნამდვილად სამყაროს საჩუქარია. ამაში დასარწმუნებლად კი ძალიან ცოტა დრო დაგჭირდებათ. გველეთის ჩანჩქერამდე მისვლა ძალიან ადვილია. ყაზბეგიდან მხოლოდ 7 კილომეტრია და შემდეგ 1 კილომეტრამდე ფეხით სასიარულო ბილიკი. აქ გამოყოფილია სპეციალური საკემპინგე ზონა, სადაც შესაძლებელია დაბანაკდეთ, განიტვირთოთ და დატკბეთ ულამაზესი ხედებით. ეს ადგილი ზღაპრულ სამყაროში გაგრძნობინებთ თავს. სადღაც შორს, ცაში, ორბების ლივლივსაც შენიშნავთ.
ჯუთა
ზოგისთვის მაღალმთიანი თავგადასავალი, ხოლო ზოგისთვის მოსასვენებელი და გასართობი სივრცე. ჯუთა უამრავ საშუალებას გვთავაზობს ყაზბეგის უკეთ გასაცნობად. ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მყოფი სოფელი კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე მდებარეობს და ამაყად იწონებს თავს მისი სანუკვარი სილამაზით. აქ ჭაუხების ულამაზესი ხედების ფონზე ცხენზე ჯირითი შეგიძლიათ. ჯუთა სტეფანწმინდიდან 20 კილომეტრშია და მოსანახულებლად ნამდვილად ღირს. ზაფხულში და შემოდგომის პირველ ნახევარში, ჯუთაში ჯომარდობა შესაძლებელია.
თინას ტბა
თინას ტბას ჯუთას ტბასაც უწოდებენ და ის ყაზბეგის ბუნების კიდევ ერთი სანუკვარი ქმნილებაა. ჭაუხების ძირში მყოფი ტბა სნოს თემს მიეკუთვნება და საკმაოდ მარტივად მიგნებადია. როგორც სხვა ყაზბეგის ღირსშესანიშნაობანი, ესეც ჩაფლულია მთებში და ქმნის საოცარ პანორამულ ხედს. თინას ტბასთან ძალიან ახლოს ჯუთას ჩანჩქერის მონახულებაც შეიძლება.
თრუსოს ხეობა
უსასრულოდ დიდი და ხასხასა მდელოები, ცამდე აზიდული კოშკები, საინტერესო ამბების მოჩურჩულე ნასახლარები და საყდრები. ეს თრუსოს ხეობის ღისშესანიშნავი ადგილების ნაწილია, რაც აუცილებლად უნდა მოინახულოთ მთიან საქართველოში ყოფნისას. ხეობა ყაზბეგის ერთ-ერთ უმაღლეს ნაწილს წარმოადგენს. აქაურობა მდიდარია მინერალური წყლებით, რომელთა სამკურნალო თვისებების შესახებ უამრავ ამბავს მოისმენთ. უძირო ტბის ნახვა ყველაზე გავრცელებულ მიზეზად გვევლინება მოგზაურთა შორის. ის საინტერესოა მისი გარემოთი, სილამაზითა და ისტორიით. ხეობას თრუსოს დედათა მონასტრის დედები იცავენ. აქ შეგიძლიათ მოინახულოთ ისტორიული ნაგებობები და მოისმინოთ მრავლად და საუცხოოდ მოთხრობილი ლეგენდები ამ ადგილის შესახებ. ამ ყველაფრის დათვარიელება თრუსოს ხეობაში ველოტურითაც შეგიძლიათ.
ფასანაური
შავი და თეთრი არაგვის შესართავთან მდებარე საკურორტო ზონა დამსვენებლებისთვის ულამაზესი ხედებით ტკბობისა და დადებითი ემოციებით შევსების ადგილს წარმოადგენს. აქ ნამდვილი მთის ჰავაა და სწორედ ეს სძენს უნიკალურ ხიბლს. ფასანაურში ფუნქციონირებს სხვადასხვა კულტურულ - საგანმანათლებლო დაწესებულება, ბიბლიოთეკა, ჰოსპიტალი, სასტუმრო. ხედებითა და ჰაერით მიღებული სიამოვნების შემდეგ შეგიძლიათ იჯომარდოთ არაგვზე და აღმოაჩინოთ ახალი შეგრძნებები.
გუდაური
საქართველოში მთის გაგონებაზე უმეტესობას თოვლიანი გუდაური ახსენდება. საინტერესოა, რომ თხილამურებითა და სნოუბორდით სრიალის გარდა, არსებობს არანაკლებ ექსტრემალური და ემოციებით დახუნძლული გართობის სხვა საშუალებაც. თუ ოდესმე გიოცნებიათ ფრენაზე და ჰაერში ჩითივით ლივლივზე, მაშინ პარაპლანით ფრენა იდეალური გადაწყვეტილებაა. თქვენ გარკვეული ხნით იმ მფრინველთა რიგებში იგრძნობთ თავს, რომლებიც თავისუფლად ნავარდობენ ყაზბეგის მთებში.
რა ვჭამოთ ყაზბეგში
საქართველო გამორჩეულია სამზარეულოს მრავალფეროვნებით. ამ დიდ და გემრიელ სიას ამაყად ამკობს ყაზბეგის მხარე თავისი ადგილობრივი უნიკალური კერძებით. აქაური გემოები და მომზადების კულტურა სპეციფიკურ კულინარულ ნამუშევრებს იძლევა. დამღლელი, მაგრამ სასიამოვნო ვოიაჟის შემდგომ, იდეალური კერძებით გამასპინძლება ყაზბეგში წესად არის ქცეული.
ხინკალი
ხინკალი, როგორც საქართველოს კულინარიის სახე, ფართოდაა გავრცელებული და შეიძლება ითქვას, ყაზბეგი ამ შემოქმედების აკვანიცაა. აქ ხინკალი დაკეპილი ხორცით იციან. მადისაღმძვრელი ინგრედიენტებით გაჯერებული სამზარეულოს წვნიანი ქმნილება იცდის, როდის დააგემოვნებთ. გადმოცემის თანახმად, ყაზბეგური ხინკალი ყველაზე გემრიელია.
ყაზბეგში მრავლად შეხვდებით რესტორნებსა და შედარებით მცირე ზომის კვებით პუნქტებს, სადაც შეძლებთ გაიგოთ ნამდვილი ხინკლის გემო. ფასები სტანდარტულია და ყველა ტიპის დამსვენებელზე გათვლილი.
ფხლოვანა
რა არის ყაზბეგის სავიზიტო ბარათი თუ არა ფხლოვანა. ყველისა და ისპანახის იდეალურმა ნაზავმა დროს გაუძლო და დღეს საქართველოს მთიან მიდამოში, გამომცხვარ საჭმელზე პირველი ფხლოვანა გვახსენდება. ამ კერძს სპეციფიკური ცომი სჭირდება. ის ხაჭაპურის დიდი ოჯახის ერთ-ერთი ღირსეული, განსხვავებული და რაც მთავარია - გემრიელი წარმომადგენელია. ფხლოვანა ცხლად იჭმევა, რათა მაქსიმალურად შეინარჩუნოს მისი უნიკალური ხიბლი.
ფხლოვანას დაგემოვნება თითქმის ყველა ადგილობრივ რესტორანში შეიძლება. ყაზბეგში ამ კერძს დიდ პატივს სცემენ და ოჯახებიდან თითქმის ყოველდღე გამოდის ჭარხლის, ისპანახისა და ყველის კომბინირებული საოცარი სურნელი, რომელიც საბოლოოდ ყაზბეგურ შედევრში გადაიქცევა.
ქადა-გასატეხელი
მთიანი ყაზბეგის სამზარეულოს ტკბილ წევრს, ქადა-გასატეხელს ძირითადად სარიტუალო დანიშნულება აქვს, თუმცა ჩვეულებრივ დროს მისართმევადაც უგემრიელესია. ადგილობრივები ქადას დღესასწაულ “ხატობას” აცხობენ. ინგრედიენტები დიდად არ განსხვავდება სტანდარტული ქადისგან, მაგრამ აქ მთავარი საიდუმლო ინგრედიენტი მომზადების ხელოვნებაშია.ქადას მრგვალი ფორმა აქვს. დღესასწაულზე ამ ტკბილეულს 4 ნაჭრად ჭრიან, რომელთაგან ერთი ეკლესიაში რჩება, ერთი სახლში მიაქვთ, ხოლო დანარჩენით სტუმრებს უმასპინძლდებიან. ქადის ზომიდან გამომდინარე ორი ნაჭერი სულაც არ არის პატარა. ასე რომ, ისღა დაგრჩენიათ დაელოდოთ, როდის გამოცხვება ქადა, რომელიც თავისებურად ჯადოსნური აურის მატარებელია.
ქონდრის წვენი
ამჯერად მთიანი ყაზბეგის ტრადიციული კულინარიული პორტფოლიოს კიდევ ერთ უგემრიელეს წევრს, ცხვრის ხორცისგან დამზადებული კერძის ნაირსახეობას - ქონდრის წვენს მივადექით. კარტოფილისა და მოხარშული ცხვრის ხორცის გარდა, მოსამზადებლად გამოიყენება ბეგქონდარა, რომელიც მხოლოდ ალპურ ზონებში იშოვება და მისი არომატი სძენს სწორედ იმ დამახასიათებელ გემოს, რატომაც გახდა ქონდრის წვენი გამორჩეული მთიან რეგიონში. დამზადების შემდგომ ქონდრის წვენს ცხლად მიირთმევენ.
მახოხი
ამ კერძის დაგემოვნება დროებით შორეულ წარსულში გადაგისვრით. ბევრისთვის მახოხი, ზოგისთვის კი უბრალოდ გლეხური შეჭამანდი, ნელნელა დავიწყებისკენ მიექანება კულინარიულ სამყაროში. ამ კერძით ძირითადად ღარიბი გლეხები იკვებებოდნენ, მაგრამ მისი სპეციფიკური მომზადების მანერა და ინგრედინტები გახდა მახოხის დიდი ხნის მანძილზე შემანარჩუნებელი.
ამ კერძს იშვიათად თუ გადააწყდებით ადგილობრივ კვებით პუნქტებში. ძირითადად ოჯახები ამზადებენ, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, რესტორნებმა შემოგთავაზონ გადაშენების პირას მყოფი წვნიანი კერძი. ინგრედიენტების კომბინაციიდან და მომზადების სიმარტივიდან გამომდინარე მახოხი დაბალბიუჯეტური კერძების რიგს განეკუთვნება.
როგორ წავიდეთ ყაზბეგში
ყაზბეგში მოსახვედრად უამრავი გზა არსებობს. როგორც დაბალ, ასევე მაღალბიუჯეტური. ტრანპორტის არჩევა დამოკიდებულია ასევე იმაზე, თუ რისი ნახვა გსურთ შაბათ-კვირას და როგორი ტიპის მგზავრობა არის თქვენთვის სასურველი.
მსუბუქი ავტომობილი
რა თქმა უნდა, ერთ-ერთ ყველაზე კომფორტულ სამგზავრო ხერხს პირადი მანქანით ტრანსპორტირება წარმოადგენს. ამ დროს შეგიძლია შენი სურვილები გააერთიანო, მოაგროვო ყველაფერი, რაც კი შეიძლება დაგჭირდეს ყაზბეგში და ამ ყველაფერზე ფიქრი აღარ მოგიწიოს. თბილისიდან მანქანით დაახლოებით 3 საათი დაგჭირდებათ, მაგრამ გზადაგზა შეძლებთ მოინახულოთ ყველა საინტერესო ადგილი და გარწმუნებთ, ასეთი ბევრი იქნება.
ასევე შეგიძლიათ დაიქირაოთ მძღოლი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მოგემსახურებათ და წაგიყვანთ იქ, სადაც ისურვებთ. ის თავადაც შემოგთავაზებთ კარგ და აუცილებლად სანახავ ადგილებს. მგზავრობის ეს სახე სხვა მიმართულებებთან შედარებით ძვირი დაგიჯდებათ, მაგრამ თქვენი კომფორტი მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწევს.
სამარშრუტო ტაქსი
სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა ერთ-ერთი ყველაზე დაბალბიუჯეტური ხერხია ყაზბეგში გასამგზავრებრად. ტრანპორტირება დიდუბიდან და სადგურის მოედნიდან არის შესაძლებელი, რაც 10 ლარი დაგიჯდებათ. გასათვალისწინებელია, რომ თუ თქვენ მხოლოდ შაბათ-კვირას გეგმავთ ყაზბეგის მოვლას და უკან წამოსვლასაც სამარშრუტო ტაქსით აპირებთ, აუცილებელია, გაარკვიოთ დაბრუნების დრო.
ტურები
შაბათ-კვირას ყაზბეგის მოსანახულებლად არსებობს უამრავი კომფორტული და მრავალფეროვანი ტური. მისი არჩევა დამოკიდებულია თქვენს მიზანზე. თუ გაინტერესებთ ჯუთას მიდამოები, ლაშქრობის გარდა შეძლებთ ცხენზე ჯირითსა და ჯომარდობას. თუ ისტორიულია ადგილების მონახულება გინდათ, არც ეგაა პრობლემა, გერგეტის სამება და უამრავი სხვა ღირსშესანიშნაობა წინ გელით.ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ თრუსოს ულამაზესი ხეობა ფეხით ან ველოსიპედით. ტურების ღირებულება მერყეობს 20-დან 900 ლარამდე. ეს დამოკიდებულია ტურის ხანგძლივობასა და სირთულეზე. 2 დღიანი ტურები ბიუჯეტურია და მარტივად შეძლებთ მოინახულოთ საქართველოს უმშვენიერესი მთიანი ზონა.
სად დავრჩე ყაზბეგში
თუ ყაზბეგში უიკენდზე დაგეგმეთ მოგზაურობა, პირველი დღის სასიამოვნოდ გატარების შემდგომ აუცილებლად მოგინდებათ კომფორტულ გარემოში დაბინავება. ღამის გასათევად არსებობს უამრავი ლამაზი კოტეჯი, სასტუმრო თუ კემპინგ ზონა, სადაც მუდამ იზრუნებენ თქვენს კომფორტზე. აქ იდეალურად გაგიმასპინძლდებიან და შეძლებთ, მაქსიმალურად დატკბეთ მთიანი გარემოთი და სიმშვიდით.
სხვადასხვა ტიპისა და ბიუჯეტისთვის გათვლილი სასტუმროები და კოტეჯები მრავლადაა და მათი მოძებნა არ გაგიჭირდებათ. მთავარია, მაქსიმალურად ესადაგებოდეს თქვენ წარმოდგენებს, თუ სად უფრო გესიამოვნებათ მოსვენება.
კოტეჯი
პატარა ხის სახლუკები მრავლად შეგხვდებათ ყაზბეგში და მის შემოგარენში. კოტეჯების მიზანია მაქსიამლურად ბიუჯეტურად და მაღალხარისხიანად შეძლოთ დაბინავება ცივ და სუსხიან გარემოში. კოტეჯებში ცხოვრებით თითქოსდა უფრო ახლოს ხართ ბუნებასთან.
აქ შეხვდებით სტანდარტული ტიპის კოტეჯებს, სადაც მიიღებთ ყველა იმ კომფოტს, რაც აუცილებელია მშვიდი და იდეალური დასვენებისთვის. ასევე არსებობს შედარებით მაღალბიუჯეტური კოტეჯები, რომლებიც ინტერიერითა და ექსტერიერით მეტად დგას მოწოდების სიმაღლეზე. მაღალი ფასის გარანტად არაჩვეულებრივი ხედები გვევლინება, რომლებიც გადაჰყურებს გერგეტის სამებას, მყინვარწვერსა და ყუროს კლდეს. კოტეჯების ფასი ყაზბეგში 40 ლარიდან იწყება.
სასტუმრო
თუ გსურთ ნაკლებად ექსტრემალურ გარემოში დაბინავდეთ მშვიდად, კომფორტულად, ყველანაირი ტექნიკითა და საჭირო ინვენტარით სავსე ნომრებში, მაშინ სასტუმროები თქვენთვის ზედგამოჭრილია.
ყაზბეგში სასტუმროების ფასი 50 ლარიდან იწყება და დამოკიდებულია მის ხარისხსა და მდებარეობაზე. დაბალბიუჯეტური სასტუმროები ყველა პირობას ქმნიან კომფორტული დასვენებისთვის მოწესრიგებული ნომრებითა და სანიტარული ზომების მაქსიმალური დაცვით . მაღალბიუჯეტური სასტუმროები კომფორტის მაქსიმალურ ნიშნულს გპირდებათ, რის შემდეგაც რთულია რამე ინატრო. ულამაზესი ხედებითა და მრავალფეროვანი სამზარეულოთი აუცილებლად გაოგნებული დარჩებით.
კემპინგი
თუ მაქსიმალურად გინდათ, რომ მიუახლოვდეთ დედაბუნების სიღრმეებს, მაშინ კარვებით კემპინგი იდეალური გადაწყვეტილებაა. მიუხედავად სუსხიანი ამინდებისა, მრავლადაა დასაბინავებელი ადგილები. შედარებით ნაკლები კომფორტის ხარჯზე შეძლებთ ბევრად მეტი სიამოვნება მიიღოთ და დაბრუნდეთ ზღვა ბედნიერებით.
ჯუთაში შეძლებთ ზუსტად ისე გაატაროთ თქვენი დასვენების პერიოდი, როგორც გსურთ. საკემპინგე ზონა თბილისიდან 200 კილომეტრშია ზღვის დონიდან 2300 მეტრზე მაღლა მდებარეობს. ბანაკები აღჭურვილია ელექტრო ენერგიით, ცხელი და ცივი წყლით, სველი წერტილებითა და ნატურალური პროდუქტებით დამზადებული საკვებით. საკემპინგე ზონაში მოსასვენებელი ფასები 30 ლარიდან იწყება.
ამ სიმაღლეზე ნამდვილად არის რაღაც ჯადოსნური!
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დაწერეთ კომენტარი