ბაღდათის მუნიციპალიტეტი იმერეთის მხარეში მდებარეობს. ისტორიულ წყაროებში იგი პირველად მე-18 საუკუნის დასაწყისში იხსენიება, თუმცა რაიონის ტერიტორიაზე ცივილიზაციის არსებობის კვალი ძვ. წ. IV საუკუნიდან იწყება. წყაროებზე დაყრდნობით ბაღდათში ისტორიულად ყველაზე ძველი ადგილი სოფელი დიმია. აქ საქართველოს პირველ გამაერთიანებელ მეფეს - ფარნავაზს სამეთვალყურეო საფორთიფიკაციო ნაგებობა აუგია და მისთვის დიმნა დაურქმევიათ. სახელწოდება ბაღდათის წარმოშობასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია არსებობს. ერთი ვერსიის მიხედვით იგი ძველი სპარსული სიტყვაა, რაც ღვთისგან ნაბოძებს ნიშნავს და მისი სწორი ფორმა ბაღდადია. მეორე ვერსიით კი სახელი ქალის თავსაბურავს - ბაღდადს უკავშირდება. ეს სიტყვა თურქულ ენაში მშვენიერის, ლამაზის ეპითეტს წარმოადგენდა. არსებობს სხვა მოსაზრებებიც. ბაღდათი ცალკე რაიონი 1930 წელს გახდა. 1940 წლის 14 აპრილს, ვლადიმერ მაიაკოვსკის გარდაცვალებიდან 10 წლის თავზე, ბაღდადში მისი სხლ-მუზეუმი დაარსეს და ბაღდათსაც მაიაკოვსკის რაიონი დაერქვა. ეს სახელი მას 90-იანი წლების შემდგომ კი მან კვლავ ძველი სახელწოდება დაიბრუნა. დღესდღეობით მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს მუზეუმები, ბიბლიოთეკები, თეატრი და პროფესიული სასწავლებელი. მუნიციპალიტეტში განვითარებულია სოფლის მეურნეობა, წამყვანი დარგებია: მევენახეობა, მეხილეობა, მებოსტნეობა, მეცხოველეობა. ბაღდათში განვითარებულია კვების მრეწველობაც, აქ არის ღვინის და კონიაკის ქარხნები. მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საშენი მასალების წარმოებასაც. რაიონში მოიპოვება და იწარმოება მინერალური წყალი - საირმე. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ორი ბალნეოლოგიური კურორტი მდებარეობს: საირმე და ზეკარი. ბაღდათი ულამაზესი ბუნებითა და საინტერესო ძეგლების სიმრავლითაც გამოირჩევა, რაც, კურორტებთან ერთად, მის ტურისტულ პოტენციალს განაპირობებს. რაიონს უამრავი ბუნებისა და მოგზაურობის მოყვარული სტუმრობს.
გეოგრაფია და კლიმატი
ბაღდათის მუნიციპალიტეტი იმერეთის მხარეში, მდინარე ხანისწყლის აუზში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ბაღდათი. მუნიციპალიტეტს დასავლეთით ვანი ესაზღვრება, ჩრდილო-დასავლეთით - წყალტუბო, ჩრდილოეთითა და ჩრდილო - აღმოსავლეთით - თერჯოლა და ზესტაფონი, აღმოსავლეთით - ხარაგაული, სამხრეთით კი - ადიგენისა და ახალციხის მუნიციპალიტეტები. ბაღდათის ტერიტორია უმეტესად მთაგორიანია, მცირე ნაწილი უჭირავს ვაკე-დაბლობს. მუნიციპალიტეტის მთავარი ოროგრაფიული ერთეული მესხეთის ქედია, რომლის ჩრდილო განშტოებები იმერეთის დაბლობისაკენ სწრაფად დაბლდება. რაიონი იმერეთის დაბლობის ნაწილსაც მოიცავს. ბაღდათის მთავარი მდინარეა ხანისწყალი. ხანისწყლის მნიშვნელოვანი შენაკადებია: ლაიშურია, საკრაულა, ქერშავეთი და წაბლარასწყალი. მდინარეები წვიმისა და მიწისქვეშა წყლით საზრდოობენ. რაიონი მდიდარია ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებით. მუნიციპალიტეტის მთიანი ტერიტორია ტყითაა შემოსილი. ტყის ზონის ზედა სარტყელი წიწვოვნებს უჭირავს, რომელიც სუბალპური ტანბრეცილი ტყით სრულდება. ტყის ზონის ზემოთ სუბალპური და ალპური მდელოებია. რაიონში გავრცელებულია წიფელი, ნეკერჩხალი, თელა, რცხილა, წაბლი და სხვა. თერჯოლაში მრავლადაა მთისა და დაბლობის ტყის ცხოველები: ირემი, შველი, არჩვი, გარეული ღორი, ფოცხვერი, მურა დათვი, გარეული კატა და მრავალი სხვა. რაიონში ორნითოფლორაც მრავალფეროვნადაა წარმოდგენილი, აქ ნახავთ: ტყის ქათამი, მიმინო, ჩხიკვი, ქორი, მოლაღური, ოფოფი, მწყერი, გარეული მტრედი და ა.შ.
ბაღდათის მუნიციპალიტეტში ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა, ზომიერად ცივი ზამთრითა და ხანგრძლივი თბილი ზაფხულით. ჰაერის საშუალო წლიური ტემერატურა დაბლობზე 14°C-ა, დაბალმთიან ზონაში - 9°C.
რა ვნახოთ
ბაღდათის მუნიციპალიტეტი ბუნების სილამაზითა და კულტურული ძეგლების სიმრავლით გამოირჩევა. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს კლდეებსა და ხეებში მოქცეული ხანის ჩანჩქერი. ძალიან საინტერესო ადგილია ვულკანური წარმოშობის ქვასვეტები, რომლებსაც ადგილობრივები “ქვასაყდარას” უწოდებენ. რაიონის ტერიტორიაზე მდებარეობს აჯამეთის აღკვეთილი, სადაც იმერული მუხის რელიქტური ტყეები გვხვდება. ძალიან ლამაზ სანახაობას წარმოადგენს ვარციხის წყალსაცავიც. გარდა მშვენიერი ბუნებისა ბაღდათში მრავალი ისტორიულ-კულტურული ძეგლიც გვხვდება. რაიონში მდებარე შუასაუკუნეების ციხე-სიმაგრეები თუ ტაძრები ქართული კულტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ. აღსანიშნავია ადრინდელი შუა საუკუნეების ნაქალაქარი როდოპოლისი, წითელხევის ამაღლების ეკლესია, ქვედა ზეგანის წმ. გიორგის ეკლესია, დევაძეების ეკლესია, დიმნას ციხე და მრავალი სხვა. ცნობილი და პოპულარული ძეგლია მთლიან ლოდში ნაკვეთი დიდი საწნახელი. ბაღდათში ფუნქციონირებს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სადაც მრავალი საინტერესო ექსპონატის დათვალიერებას შეძლებთ. ეს რაიონი შესანიშნავია ბუნებაში დასვენების მსურველთათვისაც. აქ ორი კურორტია, საირმე და ზეკარი, სადაც სიმშვიდეში, ულამაზეს ბუნებაში და სიმშვიდეში კომფორტულ დასვენებას შეძლებთ.
ბუნება
კულტურული ძეგლები
კურორტები
ყველა ადგილის სანახავად დააჭირეთ აქ
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა