წყალტუბო იმერეთის მხარეში მდებარე მუნიციპალიტეტია.
მის ტერიტორიაზე ადამიანი ჯერ კიდევ ქვის ხანაში სახლობდა, რასაც გათხრების შედეგად
აღმოჩენილი მრავალი ნამოსახლარი ადასტურებს. თეთრ მღვიმეში ნაპოვნია კავკასიაში ყველაზე ადრეული იარაღი-სპილენძის ისრის პირი, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის მე-4 მე-5 ათასწლეულით
თარიღდება.
წყალტუბო გამორჩეული რაიონია ბუნების სილამაზითა და ისტორიულ - კულტურული
ძეგლების სიმრავლით. აქ ნახავთ ციხე სიმაგრეებს, შუასაუკუნეების ტაძრებს და მეფეთა
სასახლის ნაშთებს. რაიონის ბუნება დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე მწვანეში ჩაფლული
ლურჯი ტბებითა და ზღაპრული მღვიმეებით, რომელთა მილიონობით წლის სტალაგმიტები და სტალაქტიდები
ისეთ ჯადოსნურ სამყაროს ქმნიან, რომ რთულია ცოტათი მაინც არ დაეჭვდე მათ რეალურობაში.
მსოფლიოში ცნობილია სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი დინოზავრის ნაკვალევით, სადაც რეალურ
იურული პერიოდის პარკში აღმოჩნდებით.
მუნიციპალიტეტის ეკონომიკის წამყვანი დარგი ტურიზმია. განსაკუთრებულ როლს ასრულებს
კურორტი წყალტუბო, რომელიც სამკურნალო თერმული წყლებით განთქმულია. სოფლის მეურნეობაში
ძირითადად მებოსტნეობა, მეხილეობა და მემარცვლეობაა განვითარებული.
გეოგრაფია და კლიმატი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი კოლხეთის დაბლობის აღმოსავლეთით,
მდინარეების რიონისა და გუბისწყლის ხეობაში, იმერეთის მხარეში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული
ცენტრია ქალაქი წყალტუბო. მუნიციპალიტეტი მოიცავს შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებს:
ქალაქი წყალტუბო, გვიშტიბი, გუმბრა, დღნორისა, მაღლაკი, მექვენა, მუხიანი, ოფურჩხეთი,
ოფშკვითი, პატრიკეთი, რიონი, საყულია, ფარცხანაყანები, ქვიტირი, ცხუნკური, სოფელი წყალტუბო
და გეგუთი. აღმოსავლეთით მას ქალაქი ქუთაისი ესაზღვრება, დასავლეთით - სამტრედიისა და ხონის, ჩრდილოეთით - ცაგერისა და ამბროლაურის, ხოლო სამხრეთით - ბაღდათისა და ვანის მუნიციპალიტეტები. წყალტუბოს მთავარი მდინარეა რიონი მისი შენაკადებით, წყალტუბოსწყლითა
და გუბისწყლით. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის თავშავას ტბა და ხელოვნურად შექმნილი
ცივი ტბა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა,
მოკლე
ზამთრითა და ცხელი
ზაფხულით.
ჰაერის
ტემპერატურის
მხრივ
წყალტუბო
ერთ-ერთი თბილი
კუთხეა
საქართველოში.
საშუალო
წლიური
ტემპერატურა
- 15°C. აგვისტოს
საშუალო
ტემპერატურაა - 28-30°C, იანვარ-თებერვლისა კი
- 5°C.
რა ვნახოთ
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი მდიდარია საინტერესო კულტურული
ძეგლებითა და შთამბეჭდავი ბუნებით. აქ ნახავთ ისტორიულ ციხე-სიმაგრეებსა და გამორჩეულ
ტაძრებს უნიკალური მოხატულობით. აღსანიშნავია განვითარებული შუასაუკუნეების დერჩის
ეკლესია, ოფშკვითისა და მაღლაკის ეკლესიები და სხვა. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს
გეგუთის სასახლე. სწორედ აქ გამოაცხადა გიორგი III-მ თანამოსაყდრედ თამარ მეფე. აუცილებლად უნდა ესტუმროთ
წყალტუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმს, სადაც დაცულია წყალტუბოს რაიონში გათხრების შედეგადა ღმოჩენილი მდიდარი არქეოლოგიური მასალა პალეოლითის ხანიდან გვიაფეოდალური ხანის ჩათვლით – ბრინჯაოს ხანის კერამიკის, სპილენძის, რკინის ექსპონატები, ნუმიზმატიკური კოლექცია, შრომისა და საბრძოლო იარაღები, ტანსაცმელი, საოჯახო ინვენტარი: ავეჯი, მუსიკალური საკრავები, ჭურჭელი, საეკლესიო საგანძური – ფერწერული და ჭედური ხატები, ჰიმნოგრაფიული და ლიტურგიკული, ჰომოლეტიკური ხასიათის საეკლესიო წიგნები, სამღვდელმსახურო ჭურჭელი და სხვა. წყალტუბო ულამაზესი ბუნებით გამოირჩევა. ნათელი, გრილი ტყეები შესანიშნავია
ხეტიალისა და პიკნიკისთვის. მოგზაურთა ერთ-ერთი საყვარელი ადგილია კლდეთა ნაპრალში
მოქცეული გაბზარული ტბა. თუმცა ამ რაიონის განსაკუთრებულობას მაინც გასაოცარი კარსტული
მღვიმეები ქმნის. დაუვიწყარ სანახაობას წარმოადგენს სათაფლიის, პრომეთეს, ხომულის და
სხვა მღვიმეები, რომლებიც მილიონობით წლის განმავლობაში წვეთობით შექმნილ ზღაპრულ სამყაროში
მოგზაურობას გვთავაზობენ. რაიონის ერთ-ერთი მთავარი სიმდიდრეა ბუნებითა და სამკურნალო
თვისებებით გამორჩეული კურორტი წყალტუბო, სადაც ფუნქციონირებს მინერალური წყლების პარკი.
ბუნება
კულტურული ძეგლები
- გეგუთის სასახლე
- ხომულის ციხე
- ჭოლევის მონასტერი
- ზარათის წმინდა ივლიტასა და კვირიკეს ეკლესია
- დერჩის ნათლისმცემლის ეკლესია
- ქვილიშორის ციხე
კურორტები
ყველა ადგილის სანახავად დააჭირეთ აქ
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა