ქალაქი ქუთაისი იმერეთის მხარეში, მდინარე რიონის ნაპირებზეა განლაგებული. ქუთაისია იმერეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. იგი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია და მეხუთეა ევროპის უძველეს ქალაქებს შორის. ქალაქის ტერიტორია უძველესი დროიდან იყო დასახლებული. აქ ძვ. წ. XV-XIII საუკუნეებიდან დასტურდება კოლხური კულტურის არსებობა. ქუთაისის დოკუმენტური ისტორია ძვ.წ. III საუკუნიდან იწყება, თუმცა ანტიკური ავტორები მას კოლხეთის სამეფოს (ძვ.წ. VIIIს) დედაქალაქად თვლიდნენ. ქალაქის ძველი სახელებია: აია, ქუთაია და ქუთათისიუმი. მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირზე შემორჩენილია ვრცელი დასახლების კვალი. VI საუკუნეში ქუთაისი ეგრისის სატახტო ქალაქი იყო. VIII საუკუნის ბოლოს კი იგი უკვე ეგრისისა და აფხაზეთის გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი გახლდათ. X საუკუნეში ქუთაისი ახალგაერთიანებული საქართველოს დედაქალაქი გახდა. აქ ეკურთხა მეფედ დავით აღმაშენებელი. სწორედ დავით აღმაშენებელმა ააგო ქუთაისთან ახლოს გელათის ტაძარი, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგანმათლებლო კერა გახდა. ერთიანი საქართველოს დედაქალაქის სტატუსს ქუთაისი 124 წლის მანძილზე ინარჩუნებდა. 1122 წელს დავით აღმაშენებელმა სამეფო ტახტი თბილისში გადაიტანა, თუმცა ქუთაისი კვლავ მნიშვნელოვან ქალაქად დარჩა, როგორც კულტურული, ასევე ისტორიული თვალსაზრისით. დღესდღეობით ქუთაისი საქართველოს მეორე ქალაქია განვითარებული ინფრასტრუქტურითა და კულტურით. აქ ფუნქციონირებს უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები, მუზეუმი, თეატრი, გალერეები და ა.შ. ქალაქში ასევე არის რესტორნები, კაფეები, სასტუმროები, კინო და სხვა მნიშვნელოვანი ობიქტები, სადაც კომფორტულ დასვენებასა და დროის სასიამოვნოდ გატარებას შეძლებთ. ქუთაისი ისტორიულ-კულტურული ძეგლების სიმრავლით უამრავ ტურისტს იზიდავს. უქიმერიონის ციხე, გელათი, ბაგრატის ტაძარი, ასევე სხვა მრავალი კულტურისა თუ ბუნების ძეგლი და თავად ქალაქის სილამაზე აუცილებლად შეგაყვარებთ ქუთაისს.
რა ვნახოთ
ქუთაისი და მისი მიმდებარე ტერიტორიები კულტურული ძეგლების სიმრავლითა და ულამაზესი ბუნებით გამოირჩევა. თუკი ქუთაისს ესტუმრებით აუცილებლად უნდა მოინახულოთ ქუთაისთან ახლოს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდებარე სათაფლიისა და პრომეთეს მღვიმეები. იმერეთში მრავალი ულამაზესი კარსტული მღვიმეა. სათაფლიაში გარდა სტალაქტიდებისა და სტალაგმიტების წყებით შემკული ჯადოსნური დარბაზებისა, დინოზავრის ნაკვალევის ნახვასა და პრეისტორიულ სამყაროში მოგზაურობას შეძლებთ. ულამაზესია აგრეთვე ხონის მუნიციპალიტეტში მდებარე ოკაცეს კანიონი, კიდული ბილიკით, ჩანჩქერებითა და საოცარი ხედებით. ქუთაისთან ახლოს მდებარეობს აგრეთვე კლდეთა სიღრმეში მოქცეული “გაბზარული ტბა” და მუხურას ჩანჩქერი. ქალაქის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს ქუთაისის ბოტანიკური ბაღი, სადაც 700-მდე სახეობის მცენარეა გაშენებული. ქუთაისის ისტორია უძველესი დროიდან იწყება, შესაბამისად აქ მრავალი ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის ძეგლია შემორჩენილი, როგორც წინარექრისტიანული პერიოდის, ასევე შუასაუკუნეების. გრანდიოზული და შთამბეჭდავი ბაგრატის ტაძარი, გელათის მონასტერი, რომელიც ქართველ მეფეთა საძვალე იყო და სადაც დაკრძალულია საქართველოს უდიდესი მეფე - დავით აღმაშენებელი, მოწამეთა, გეგუთის სასახლე და მრავალი სხვა ტაძარი თუ ციხე-სიმაგრე საქართველოს ისტორიისა და კულტურული განვითარების ნათელ სურათს გვიშლიან თვალწინ. ქუთასიში ფუნქციონირებს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, სადაც წარმოდგენილია უნიკალური მასალა ძვ.წ. IX-VII სს.-დან გვიან შუასაუკუნეების ჩათვლით. ქალაქთან ახლოს მდებარეობს სამკურნალო წყლებითა და ულამაზესი ბუნებით გამორჩეული კურორტი წყალტუბო, სადაც კომფორტულ და გამაჯანსაღებელ დასვენებას შეძლებთ.
ბუნება
კულტურული ძეგლები
ყველა ადგილის სანახავად დააჭირეთ აქ
15 საუკეთესო ადგილის სანახავად ქუთაისსა და მის გარშემო დააჭირეთ აქ
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა