დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
24 დეკემბერი, 2021

10 საუკეთესო ადგილი სამცხე-ჯავახეთში

საქართველოს ყველა კუთხეში სხვადასხვა ღირსშესანიშნავ ადგილს შეხვდებით. თითოეული მათგანი განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა და განსხვავებულ ისტორიას გვიამბობს. სადაც არ უნდა მიმოიხედო, გარშემო აუცილებლად ყველგან ისურვებ მოგზაურობას.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ მოგზაურის სიაში სამცხე-ჯავახეთის მონახულება მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. აქაურობა თვალწარმტაცი ბუნებისა და უამრავი ისტორიული შენობა-ნაგებობის გარდა, გამოირჩევა კულტურული მრავალფეროვნებითა და გემრიელი სამზარეულოთი. სამცხე-ჯავახეთი მდებარეობს საქართველოს სამხრეთ ნაწილში, მცირე კავკასიონის ვულკანურ პლატოზე. ეს კი მეტყველებს იმაზე, რომ მისი რელიეფური ფორმა და ზედაპირები საკმაოდ რთულადაა ნაგები. რეგიონი ეთნიკურად და რელიგიურად ჭრელია, რაც ამ კუთხის ცხოვრების ყოველ დეტალს მრავალფეროვანებას სძენს.

აღსანიშნავია სამცხე-ჯავახეთის განსაკუთრებული სამზარეულო, რომლის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილი არის ყველი. რეგიონში უამრავი ტიპის ყველს შეხვდებით, მათ შორის გამორჩეულია მესხური, ანუ ტენილი ყველი, რომელსაც თიხის ქოთანში დებენ გაზაფხულის ბოლო პერიოდში, მაშინ, როცა ბალახი ყველაზე ნოყიერია. ეს აქაური ერთგვარი დელიკატესია. პურის კულტურა კი მნიშვნელოვნად განვითარებულია საქართველოს ამ სამხრეთ კარიბჭეში. ლავაში და შოთი სწორედ სამცხე-ჯავახეთიდან იღებს სათავეს.

ამ სტატიაში მოგიყვები სამცხე-ჯავახეთის საუკეთესო ადგილების შესახებ, რომელთა მონახულება აუცილებლად დაგეხმარება საქართველოს უკეთ გაცნობაში.


Vardzia, Samtskhe-Javakheti

ვარძია

ამ ადგილის დაარსების ლეგენდა ჯერ კიდევ ბავშვობაში გექნებათ გაგონილი. როდესაც გიორგი III სანადიროდ ამოვიდა და თან მცირეწლოვანი მეფე თამარიც თან ახლდა. საქმეში გართულს პატარა გოგონასთვის ყურადღება მოუკლია და ისიც გამოქვაბულებში ეულად დაეხეტებოდა. ძებნის პროცესში თამარმა წამოიძახა - აქა ვარ ძია! სწორედ ასე დაერქვა აქაურობას ვარძია.

ვარძია კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსია, რომელიც XII - XIII საუკუნეებში ჩამოყალიბდა. მრავალსართულიანი მკაფიოდ გამოკვეთილი ქალაქი კლდის უბის სიღრმეში ჩასმული ტაძრის გარშემოა შექმნილი. აქ ჯამში 600-ზე მეტი ნაკვეთი სათავსოა, რომელიც იარუსებადაა დაყოფილი. ადგილზე ვხვდებით გვირაბებს, რომელთა მთავარი მიზანი წყალმომარაგება გახლდათ. აქ ასევე შემორჩენილია 28 მარანი, რომელიც ჯამში 235 ქვევრს მოიცავდა.

ვარძიაში ვხვდებით 15 კლდოვან ეკლესიას. ადგილმდებარეობიდან გამომდინარე ისინი არ გამოირჩევიან მდიდრული მორთულობებითა და სტანდარტული საეკლესიო აღჭურვილობით, აქ მთავარი ფასი აქვს მოხატულობებს. სწორედ აქ ინახება თამარ მეფის უძველესი ფრესკა.

აღსანიშნავია, რომ ვარძიას საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია და ასევე, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაშია შეტანილი.

ეს არის ადგილი, რომელიც ერთზე მეტჯერ უნდა მოინახულო.


თმოგვის ციხე fortress Tmogvi


თმოგვის ციხე

თმოგვის ციხე სამცხე-ჯავახეთის ერთ-ერთი უძველესი ნაგებობაა, რომელსაც მსუყე პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა ჯერ კიდევ X საუკუნეში. აქაურობა აზიიდან შემომავალ გზას აკონტროლებდა მტკვრის ხეობის გავლით.

თავად ციხე მაღალ კლდოვან მთაზეა აგებული, საიდანაც ულამაზესი პეიზაჟები იშლება. დასავლეთ ნაწილი შედარებით უკეთაა შემონახული, რადგან იგი კლდის დამრეც ფერდობზე სამ საფეხურად არის ამოშენებული კედელ-ბურჯებით. ამ ადგილას, უწინ, კლდეებში გვირაბები გადიოდა, რომლებიც ზემოთა ციტადელთან აკავშირებდა ციხეს, ხოლო ქვევით - მდინარე მტკვართან. ციხის კედლებს გარეთ, დასავლეთ ხევში, კლდის მასივში გამოკვეთილია წმ. ეფრემის ეკლესია კლდეშივე გამოკვეთილი კანკელით. გუმბათოვანი ეკლესიის ნანგრევებში შემორჩენილია XIII საუკუნის კედლის მხატვრობის ფრაგმენტები.

თმოგვის ციხეს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.


ხერთვისის ციხე


ხერთვისის ციხე

ხერთვისის ციხე სამხრეთ საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ისტორიული ნაგებობაა. სპეციფიკური ადგილბდებარეობის გამო ფეოდალებს მუდამ უწევდათ ციხის რეკონსტრუქცია და ამიტომ რთულია მისი აგების კონკრეტული პერიოდის განსზაღვრა.

ციხის ძირითადი ნაწილი ციტადელს უკავია, რომელიც მთის კლდოვან ქიმზეა აღმართული. ნებისმიერი მოგზაურისთვის აქაურობა იდეალური მოგონებების დაგროვების წყაროა, რადგან ციხე გადმოჰყურებს ორ მშვენიერ ხეობას და გარშემოც ულამაზესი ხედები იშლება.

დასავლეთ ნაწილში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია-სამლოცველოა. მისი მიუვალი ადგილის გამო მას ერთადერთი შესასვლელი აქვს. თავად ეკლესია სადა სტილში არის აგებული ყველანაირი ზედმეტი მორთულობების გარეშე. ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, აქაურობის აგება ბაგრატ III -ის სახელს უკავშირდება.

ხერთვისის ციხე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაშია შეტანილი


ზარზმის მონასტერი


ზარზმის მონასტერი

ზარზმის მონასტერი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უძვირფასესი ძეგლია. სამცხე-ჯავახეთში მოგზაურობისას ამ მაგიურ ადგილს აუცილებლად უნდა ესტუმროთ. ამ დროისთვის, ადგილზე მხოლოდ გუმბათოვანი ეკლესია, სამრეკლო და რამდენიმე ერთნავიანი სამლოცველოა შემორჩენილი.

მონასტრის საძვალეში სასულიერო პირების ნაწილებს შეხვდებით. აქ ასევე არის უხრწნელი გვამი, რომელიც X საუკუნით თარიღდება. მონასტერში აღმოაჩენთ ზარზმის ფერიცვალების ხატს - ქართული ჭედური ხელოვნების ნიმუშს ფეოდალური ეპოქიდან.

ზარზმის მონასტერს მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.


რაბათის ციხე Rabati fortress


რაბათის ციხე

რაბათის ციხე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დამცველობით ობიექტს წარმოადგენდა. მისმა კედლებმა არაერთ შეტაკებას გაუძლო და დღეს კი საქართველოს ულამაზეს ტურისტულ ობიექტადაა ქცეული. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად უმარავი მტრის მოგერიებისა, საქართველომ მაინც არ დაანგრია წარსული მტრის სალოცავი მეჩეთი და პირიქით, რესტავრაციაც კი ჩაუტარა. დღეს მას უნიკალური ისტორიული და ტურისტული ფასეულობა აქვს.

ამ მდგომარეობით, კომპლექსი სრულად რეაბილიტირებულია და ყოველდღიურად უამრავ დამთვარიელებელს იტევს. განახლდა გალავანი, ციტადელი, IX-X სს-ის მართლმადიდებლური ტაძარი, მედრესე, ჰაჯი ახმედ-ფაშა ჯაყელის სახელობის მეჩეთი, მინარეთი და ჯაყელების სასახლე, სადაც განთავსდა სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმის საგამოფენო დარბაზი.

ძველი და ახალი ნაგებობების სინთეზი ამ ისტორიულ ადგილს მეტ სიდიადეს მატებს, მისი კედლები კი საქართველოს ისტორიის მარადიული მატარებელია.


DJI_0287


ტაბაწყურის ტბა

სამცხე-ჯავახეთის აღმოსავლეთ ნაწილში საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ტბა - ტაბაწყური მდებარეობს. ის ზღვის დონიდან 1991 მეტრზე მდებარეობს და მასში ნახევარკუნძულად შეჭრილია სოფელი ტაბაწყური.

მიუხედავად იმისა, რომ ტბა ზამთრის პერიოდში გაყინულია, ის ყოველთვის ინარჩუნებს განსაკუთრებულ სილამაზეს. ფოტოების გადასაღებად აქაურობა იდეალურ ადგილს წარმოადგენს. ჯადოსნური მთებისა და ლურჯი კამკამა წყლის ფონზე კი ნებისმიერი ნამუშევარი განსაკუთრებული გამოდის. ადგილობრივი კლიმატი ძალიან სწრაფად იცვლება და მზიანი ამინდიდან შეიძლება, უცებ ნისლიანი ბურუსი გადაგეფაროთ.

ულამაზესი პეიზაჟებისა და ლურჯი წყლის გარდა, სოფელ ტაბაწყურში სხვადასხვა საინტერესო ადგილის მონახულებაა შესაძლებელი. აქ შეხვდებით ტაბაწყურის წითელ ეკლესიას, რომელიც ერთი ვერსიით X საუკუნეში უნდა იყოს აგებული. ცოტა მოშორებით XIX საუკუნის სომხური ეკლესიია, გორაკზე კი კიდევ ერთი სალოცავი - ნინოყალა.


აბასთუმნის ობსერვატორია

თუ კოსმოსში გახედვა უფრო ახლოდან გსურთ, ეს საქართველოდანაც შესაძლებელია. აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია მუდამ იღებს დამთვარიელებლებს. აქაური ცა საუკეთესოა და სწორედ ამიტომ სჩანს ვარსკვლავები ყველაზე მკაფიოდ.

ობსერვატორიის დაარსების პირველივე წლიდან დაწესებულება აქტიურადაა ჩართული მზის სრული დაბნელების პროცესების კვლევაში. დღემდე ჩატარებულია 30-ზე მეტი სამეცნიერო ექსპედიცია მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას. ობსერვატორიაში შეგიძლიათ მოინახულოთ პატარა მუზეუმი, სადაც შეხვდებით სხვადასხვა ტიპის ტელესკოპებსა და ისტორიულ ნივთებს. ასევე, შესაძლებელია სხვადასხვა ციურ სხეულებზე დაკვირვება, მათ შორის მთვარისა და მზის სიტემის სხვადასხვა პლანეტის ახლოდან გაცნობასაც შეძლებთ.

ეს არის ფანჯარა, რომლის მიღმაც მთელი სამყაროს დანახვაა შესაძლებელი.


მწვანე მონასტერი green monastery


მწვანე მონასტერი

მწვანე მონასტერი სოფელ ჩითახევის მახლობლად მდებარე ერთ-ერთი უძველესი მამათა მონასტერია. მისი დაარსების ისტორია გრიგოლ ხანძთელის მოწაფეების - თევდორესა და ქრისტეფორეს სახელს უკავშირდება.

ჯავახეთის საუცხოო სიმწვანეში ჩაფლული ქართული წმინდა ადგილი ნამდვილად გამორჩეული ნაგებობაა მთელი რეგიონის მასშტაბით. ადგილზე სამი ბაზილიკის ტიპის ეკლესია და სამრეკლოა, სადაც დღესაც შეხვდებით ქართული ხუროთმოძღვრებისთვის დამახასიათებელ ჩუქურთმებს. ეკლესიის მონახულების გარდა შეგიძლიათ ბუნებაშიც გაისეირნოთ, რომელ ამ ადგილის ჯადოსნურობაში დაგარწმუნებთ.


ფარავნის ტბა

ჯავახეთის ვულკანურ მთიანეთზე გადაწოლილი ფარავნის ტბა საქართველოში ზედაპირის ფართობით უდიდესია. ეს ადგილი ნებისმიერ დროს ულამაზესია. ზაფხულში დამსვენებლებს თავს ლაჟვარდოვანი წყლით აწონებს, ზამთარში კი გაყინული ზედაპირით, რომლის სისქე 80 სანტიმეტრამდეც კი აღწევს, ეს კი მასზე თავისუფლად სიარულის საშუალებას იძლევა.

გარშემო ხედები ძალიან ფართო და უნიკალურია. სადაც არ უნდა გაიხედოთ, ყველგან განსხვავებული ბედნიერების გრძნობა დაგეუფლებათ. მოგონებების აღსაბეჭდად კი ნამდვილად შესაფერი ატმოსფეროა.

ტბის მახლობლად სხვადასხვა ობიექტის მონახულებაც შეგიძლიათ. აქ შეხვდებით ფოკის წმინდა ნინოს სახელობის დედათ მონასტერს, საიდანაც დაიწყო ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს მოგზაურობა. სიახლოვეს კი შაორის ციხისა და ფარვნის ქარვასლის დათვარიელებასაც შეძლებთ.


ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი

დაახლოებით 108,000 ჰექტარზე გადაჭიმული ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი საქართველოს ტერიტორიის 1.5 %-ზე მეტს იკავებს. ის იმდენად დიდია, რომ საქართველოს რამდენიმე რეგიონში ერთდროულად არის მოდებული.

ტერიტორიის უმეტესი ნაწილი ხელუხლებელი ტყეებით არის დაფარული. აღსანიშნავია, რომ ადგილზე წმინდა ნაძვნარის, სოჭნარის და ფიჭვნარის მასივებია თავმოყრილი. პარკში გავრცელებულ მცენარეთა სახეობების რაოდენობა ჯამში 1200-ს აღემატება. პარკში 217 სახეობის გადამფრენი და მობუდარი ფრინველი გვხვდება, მათგან 13 სახეობა საქართველოს „წითელს ნუსხაშია" შეტანილი. ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ვხვდებით იშვიათი ჯიშის ძუძუმწოვრებსაც, მათ შორისაა: კავკასიური კეთილშობილი ირემი, მურა დათვი, ფოცხვერი, კავკასიური არჩვი და სხვა.

ადგილზე გამოყვანილია სპეციალური მარკირებული ბილიკები, რომლებიც ტურისტებისთვის უმნიშვნელოვანეს გზამკვლევს წარმოადგენს. მიმდებარე ადგილებში კი სპეციალურად გამოყოფილი საკემპინგე ადგილებიცაა, სადაც შეძლებთ ცეცხლის დანთებასა და გართობას.

თეგები: #ვარძია #საინტერესო ადგილები #სამცხე-ჯავახეთი #თმოგვვის ციხე #ხერთვისის ციხე #ზარზმის მონასტერი #რაბათის ციხე #ტაბაწყურის ტბა #აბასთუმანი #ფარავნის ტბა
კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დაწერეთ კომენტარი

დაწერეთ კომენტარი