დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
23 იანვარი, 2022

10 საუკეთესო ადგილი იმერეთში

იმერეთი გამორჩეული ისტორიულ-გეოგრაფიული კუთხეა, რომელიც დასავლეთ საქართველოში მდებარეობს. იგი გამოირჩევა როგორც ბუნების მრავალფეროვნებით, ისე კულტურული ძეგლების სიმრავლით, რაც დამსვენებელს ყველა სეზონზე იზიდავს. მოცემულ სტატიაში შემოგთავაზებთ 10 საუკეთესო ადგილს, რომლის მონახულებაც იმერეთში შეგიძლიათ.


იმერეთი, ქუთაისი Кутаиси Kutaisi


1. ქალაქი ქუთაისი

ქუთაისი იმერეთის ადმინისტრაციული ცენტრი და მისი უმთავრესი ქალაქია. იგი დასახლებული ჯერ კიდევ ძვ.წ. მე-2 ათასწლეულიდანაა, აგრეთვე ქუთაისი კოლხური კულტურის მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენდა. მის ძველ სახელად აია ითვლება. დღეს იგი საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი ქალაქია, რომელშიც მრავალი ღირსშესანიშნაობის ხილვა შეგიძლიათ.

დასვენების პოპულარული ადგილია ქუთაისის ბოტანიკური ბაღი, რომელიც მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს და მასში ასეულობით ბუჩქი თუ უნიკალური ხეა წარმოდგენილი. ასევე საინტერესოა ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ხილვა, რომელიც 1912 წელს დაარსდა და ერთ-ერთი უძველესი მუზეუმია საქართველოში.

ქუთაისში ყოფნისას აუცილებლად უნდა გაისეირნოთ ფეხით ქალაქის ქუჩებში და დატკბეთ მისი სილამაზით. ქალაქის ცენტრში მდებარეობს ბულვარი, რომელიც უკვე ორ საუკუნეზე მეტია ქუთაისს ამშვენებს. მთავარ მოედანზე ასევე იხილავთ კოლხურ შადრევანს, რომელიც ქართული კულტურის დამახასიათებელი ნიმუშების ასლებითაა წარმოდგენილი. მაგალითად, იგი გაფორმებულია ცნობილი ოქროს ლომის ფიგურით. მის მოპირდაპირედ მდებარეობს ქუთაისის დრამატული თეატრი, რომელიც ლადო-ალექსი მესხიშვილის სახელს ატარებს და სწორედ აქ დაიდგა პირველი ქართული სპექტაკლი „გაყრა“ 1861 წელს.

ქუთაისი არ უნდა დატოვოთ სახელგანთქმული თეთრი ხიდის მონახულების გარეშე, რომლის სახელი შეეფერება მდინარის თეთრი ქვების შეფერილობას. იგი ითვლებოდა ქუთაისელი ახალგაზრდების შეკრების მთავარ ადგილად.


Gelati monastery kutaisi imereti


2. გელათის ტაძარი

ქუთაისის შემოგარენიც მდიდარია კულტურული ძეგლების მრავალფეროვნებით. გელათის მონასტერი სწორედ ერთ-ერთი მათგანია, რომელიც ქუთაისიდან 11 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. იგი უმნიშვნელოვანესია საქართველოს ისტორიისთვის. გელათი დააარსა დავით აღმაშენებელმა 1106 წელს. გელათის მონასტერი კომპლექსია, რომელიც რამდენიმე ნაგებობას მოიცავს, მათ შორის გელათის აკადემიას, რომელშიც გაცხოველებული სამეცნიერო-მთარგმნელობითი საქმიანობა მიმდინარეობდა. ამ უნიკალურობის გამო გელათის კომპლექსი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი.


იმერეთი, ქუთაისი Кутаиси Kutaisi


3. ბაგრატის ტაძარი

ბაგრატის ტაძარი ქუთაისში, უქიმერიონის გორაზე მდებარეობს. მისი დაარსება მიეწერება გაერთიანებული საქართველოს პირველ მეფეს, ბაგრატ III-ს, რომელმაც იგი 1003 წელს ააგო. ტაძარი მნიშვნელოვნად დაზიანდა XVII საუკუნეში ოსმალების შემოსევის შემდეგ და ნანგრევების სახით იყო შემორჩენილი 2010 წლამდე, 2010 წელს კი მას რესტავრაცია ჩაუტარდა და სრული სახით აღდგა. 1994 წლიდან იგი შეტანილი იყო იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში, თუმცა რესტავრაციის შემდეგ იგი ამ სიიდან ამოიღეს 2017 წელს. იგი მნიშვნელოვანია როგორც რელიგიური, ისე არქიტექტურული მნიშვნელობით და საქართველოს ერთიანობის სიმბოლოდ მიიჩნევა.


Imereti, Motsameta Monastery


4. მოწამეთას ტაძარი

ქუთაისთან ახლოს მდებარე მნიშვნელოვანი ტაძარია მოწამეთაც, რომელიც XI საუკუნეშია აგებული. მისი დაარსების ისტორია არგვეთის მთავრებს - დავით და კონსტანტინე მხეიძეების სახელს უკავშირდება, რომლებიც გმირულად შეეწირნენ არაბი სარდლის, მურვან ყრუს საქართველოში ლაშქრობას. ისინი ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა, ხოლო მათი მოწამებრივი სახელისგან წარმოდგა სახელი „მოწამეთა“. ტაძარი წყალწითელას ხეობაში მდებარეობს და იქიდან იშლება იმერეთის ბუნების შესანიშნავი ხედები.


სათაფლია, სათაფლიის აღკვეთილი - Sataplia


5. სათაფლიის მღვიმე/პრომეთეს მღვიმე

იმერეთი გამოირჩევა კარსტული მღვიმეების სიუხვით. შემთხვევითი არაა, რომ უკვე 2007 წელს შეიქმნა იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიები, რაც მიუთითებს ამ მხარის უნიკალურ გეოგრაფიაზე.

იმერეთში ყველაზე ცნობილი ორი მღვიმე მდებარეობს. სათაფლიის მღვიმე სათაფლიის ბუნებრივი ნაკრძალის ნაწილია, რომელიც წყალტუბოდან 9 კმ-ში მდებარეობს. სათაფლია ცნობილია ამ ტერიტორიაზე აღმოჩენილი დინოზავრის ნაკვალევით. სათაფლიაში შეგიძლიათ მოაწყოთ კემპინგი, ფოტო-ტურები, ფრინველებზე დაკვირვების და ეკოლოგიურ-საგანმანათლებლო ტურები.

არანაკლებ პოპულარულია პრომეთეს მღვიმე, რომელიც ევროპის ერთ-ერთ უმდიდრეს მღვიმეს წარმოადგენს. ტურისტებისთვის ფეხით სასიარულო გზა დაახლოებით 1 კმ-ია. ეს მღვიმე ერთადერთია საქართველოში, სადაც ტურისტებს შეუძლიათ მიწისქვეშა ტბაში ნავებით გაცურონ.


ოკაცეს კანიონი, okace canyon, imereti


6. ოკაცეს კანიონი

ოკაცეს კანიონი ხონის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, სოფელ გორდასთან. იგი ბოლო წლებში ტურისტებისთვის პოპულარული ადგილი გახდა. კანიონის სიგრძე 2 კმ-ია. იგი გამოირჩევა ჩანჩქერების სიუხვით, რომელთა შორის ყველაზე დიდი კინჩხის ჩანჩქერია. ადგილზე გამართულია ტურისტული ინფრასტრუქტურა, მოწყობილია ბილიკები, საიდანაც ხეობის ულამაზესი ხედები იშლება.


კაცხის სვეტი - Katskhi pillar


7. კაცხის სვეტი

კაცხის სვეტი ჭიათურასთან ახლოს მდებარეობს. ის დაახლოებით 40 მეტრი სიმაღლისაა და მასზე შემორჩენილია უძველესი ტაძრის ნანგრევები. ამ სვეტთან მრავალი ლეგენდა თუ თქმულებაა დაკავშირებული. კვლევებმა აჩვენეს, რომ ეს ადგილი შუა საუკუნეებში ბერთა საყუდებელი უნდა ყოფილიყო. დღესდღეობით კაცხის სვეტზე ტაძარი აღდგენილია და მასში განდეგილი ბერი ცხოვრობს. იქ მოხვედრა შესაძლებელია 131 მეტრიანი საფეხურის კიბით, რომლითაც ასვლას ზემოთ დაახლოებით 20 წუთი სჭირდება. კაცხის სვეტზე, სამწუხაროდ, არ უშვებენ ქალებს.


ცხრაჯვარი


8. ცხრაჯვარი

ცხრაჯვარი ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ნაქერალას უღელტეხილთან მდებარეობს. იგი ზღვის დონიდან 1500 მეტრზეა და ტყიბულს გადმოჰყურებს. ეს ადგილი უხმობს ლაშქრობისა და კემპინგის მოყვარულებს, რადგან გამოირჩევა ბუნების სილამაზითა და იმერეთის შესანიშნავი ხედებით. ცხრაჯვარში მისასვლელად მანქანა მიდის ნახევარ გზაზე, გზის დარჩენილი ნაწილი კი ფეხითაა სასიარულო და საშუალო სირთულის გზას წარმოადგენს.

ამ ადგილს რელიგიური მნიშვნელობა გააჩნია. ყოველი წლის მაისის ბოლო შაბათს ცხრაჯვარობას აღნიშნავენ, განსაკუთრებით ტყიბულსა და მიმდებარე სოფლებში.


ვანის არქეოლოგიური მუზეუმი


9. ვანის ანტიკური ნაქალაქევი

ვანის ნაქალაქევი ვანთან ახლოს მდებარეობს და თარიღდება ძვ.წ. VIII საუკუნით. ვანი წარმოადგენდა ძველი კოლხეთის კულტურულ ცენტრს. აქ აღმოჩენილია უძველესი ნივთები და საფლავები. ვანშივე წარმოდგენილია ვანის არქეოლოგიური მუზეუმი, რომლის კოლექციაში შედის ვანის ნაქალაქარზე აღმოჩენილი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა. თუ გიზიდავთ ისტორია და, განსაკუთრებით ანტიკური ეპოქა, მაშინ ვანს აუცილებლად უნდა ეწვიოთ. ამ ადგილს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, რომ გახდეს მნიშვნელოვანი კულტურული და სამეცნიერო ცენტრი რეგიონში.


უბისის მონასტერი Ubisa monastery


10. უბისას მონასტერი

უბისას მონასტერი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და უნიკალური სამლოცველო და სამონასტრო კომპლექსია. იგი IX საუკუნით თარიღდება და თამარ მეფის საყვარელ დასასვენებელ ადგილს წარმოადგენდა. უნიკალურია ტაძრის მოხატულობაც, რომელიც XIV საუკუნით თარიღდება. აქ საუკუნეების განმავლობაში ხდებოდა წიგნების გადაწერა, არსებობდა ჭედურობის და ხატწერის სკოლები.

მონასტერი მთავარ გზატკეცილთან ახლოს მდებარეობს და ავტომანქანით მისასვლელად იოლია.


თეგები: #ქუთაისი #იმერეთი #გელათი #ბაგრატი #მოწამეთა #სათაფლია #ოკაცეს კანიონი #კაცხის სვეტი #ცხრაჯვარი #ვანის ნაქალაქრი #უბისას მონასტერი
კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დაწერეთ კომენტარი

დაწერეთ კომენტარი