თბილისი საქართველოს დედაქალაქი და ერთ-ერთი მუნიციპალიტეტია,
რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში მდებარეობს. ეს ქალაქი გამორჩეულია
როგორც ბუნებით, ასევე მნიშვნელოვანი კულტურული ნიმუშებითა და ისტორიით. აქ ნახავთ
ჩანჩქერებს, ტბებს და ძალიან ლამაზი ხედებითაც დატკბებით. თბილისისთვის სახასიათო ნიშაა
ეკლექტიკა. აქ მრავალი სხვადსხვა ეპოქისა თუ ხასიათის კულტურა იყრის თავს და საინტერესოდ
ერწყმის ერთმანეთს. ასევე აღსანიშნავია, თავად დედაქალაქის გარდა, თბილისის მუნიციპალიტეტში
შემავალი დასახლებები, სადაც განტვირთვისა და ხეტიალისთვის სასიამოვნო გარემოს, ისტორიულ-კულტურული
ღირებულების ტაძრებსა და შთამბეჭდავ ციხე-სიმაგრეებს ვხვდებით.
ისტორია
თბილისის ტერიტორია ჯერ კიდევ ადრინდელი ბრინჯაოს ხანიდან
(ძვ. წ. IV
ათასწლეულში) ყოფილა დასახლებული.
წყაროებში კი იგი პირველად IV საუკუნის II ნახევარში იხსენიება. IV საუკუნის დასასრულს
თბილისი სპარსეთის
მოხელის — პიტიახშის
რეზიდენცია გახდა. V
საუკუნის შუა
წლებიდან კი კვლავ ქართლის
მეფეთა ხელში
გადავიდა. V საუკუნეში ქალაქი ვახტან
გორგასალმა აღადგინა
და გააშენა,
მეცნიერთა ნაწილის აზრით, ამიტომაცაა იგი
მიჩნეული ქალაქის
დამაარსებლად. თბილისის
უძველესი მოსახლეობა გოგირდოვანი წყაროების
უბანში გაჩნდა.
IV
საუკუნეშივე წარმოიშვა
თბილისის მეორე
უბანი, შემდგომ პერიოდში კი იგი თანდათან იზრდებოდა მტკვრის
დინების აღმა.
ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო თბილისი შუა აღმოსავლეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
ცენტრი გახდა. აქ
გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო გზები
აღმოსავლეთ ამიერკავკასიისა და წინა
აზიისკენ. VI საუკუნის ბოლოდან
კი იგი
საუკუნოვანი ბრძოლის, დარბევისა და დაპყრობის
ობიექტი გახდა.
უცხოელთა ბატონობისგან ქალაქი დავით IV
აღმაშენებელმა გაათავისუფლა 1122
წელს. სწორედ ამ დროს
გახდა თბილისი სახელმწიფო დედაქალაქი. XIII საუკუნიდან თბილისისთვის კვლავ ბრძოლისა და აოხრებების პერიოდი
იწყება. 1490 წელს, საქართველოს ცალკეულ
სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ,
თბილისი მხოლოდ ქართლის სამეფოს პოლიტიკური და
ადმინისტრაციული ცენტრი
გახდა. 1633 წლიდან, რაც
ქართლის გამგებლად როსტომი
დაინიშნა, თბილისი
კვლავ აღორძინდა.
1735 წელ ნადირ შაჰის
მიერ დაპყრობილი თბილისი 1748 წელს ერეკლე II-მ გაათავისუფლა. ამის შემდგომ
კი ქალაქმა კვლავ მოიკრიბა ძალა, დაარსდა ფილოსოფიის სემინარია, გაჩნდა თოფხანა, ზარაფხანა,
გამოსახდელი და თიხის ჭურჭლის საწარმოები და ქსოვილის სამღებროები. დღესდღეობით თბილისი
საქართველოს დედაქალაქი და ერთ-ერთი მუნიციპალიტეტია.
გეოგრაფია და კლიმატი
თბილისი აღმოსავლეთ საქართველოში მდებარეობს, თბილისის ქვაბულში, მტკვრის ორივე სანაპიროზე. მას ჩრდილოეთით საგურამოს ქედის მთისწინეთი ესაზღვრება, აღმოსავლეთით - ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი - თრიალეთის ქედის განშტოებები. ადმინისტრაციულად თბილისი დაყოფილია გლდანის, დიდუბის, ვაკის, ისნის, კრწანისის, მთაწმინდის, ნაძალადევის, საბურთალოს, სამგორისა და ჩუღურეთის რაიონებად. ქალაქის წყლის მთავარი არტერია მდინარე მტკვარია. წარსულში თბილისის ქვაბული მუხნარი და მუხნარცხილნარი ტყეებით იყო დაფარული, მაგრამ თბილისის მიდამოებში ტყეები დიდი ხანია გაიჩეხა და ამჟამად როგორც ქალაქის დასახლებული ნაწილი, ისე მოსაზღვრე ვაკეები, გორაკ-ბორცვები და მთის კალთები ძეძვნარმა, სტეპურმა მცენარეულობამ და ხელოვნურად გაშენებული ხემცენარეულობამ დაიკავა. თბილისის ჰავა, ზოგადი ნიშნების მიხედვით, სუბტროპიკულსემიარიდულია. აქ ცხელი ზაფხული და ცივი ზამთარი იცის. ივლისში ჰაერის საშუალო ტემპერატურა +24,4℃-ია, იანვარში კი - იანვარში +0,9℃. თბილისის ძველ უბნებში მრავალ ადგილას გამოდის გოგირდწყალბადიანი თერმული წყალი, ეს ქალაქის მნიშვნელოვანი წიაღისეულია.
რა ვნახოთ
თბილისი ძალიან საინტერესოა თავისი მრავალფეროვანი კულტურით.
აქ ნახავთ ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარებს, შუასაუკუნეების ტაძრებს, მრავალჯერ ბრძოლაგადატანილ
ციხე-სიმაგრეებს, მოჩუქურთმებულ-ვიტრაჟულ იტალიურ ეზოებს, სხვადასხვა ეპოქის არქიტექტურულ
ნიმუშებს და მუზეუმებს, სადაც საქართველოს საგანძურს, ისტორიას, კულტურასა და ხელოვნებას
გაეცნობით. გარდა კულტურულ-იტორიული მნიშვნელობის ადგილებისა, თბილისში ლამაზი ჩანჩქერებით,
ტბებით და ქალაქისა თუ მთების ვრცელი ხედებითაც დატკბებით. აქ შესაძლებელია ხმაურიანი
ქალაქის რიტმიდან უცებ წყნარ, ძველ შენობებს შორის დაკლაკნილ ვიწრო ქუჩაზე აღმოჩნდე
და სულ ცოტა ხანში კი ბუნების სიმშვიდეში ჩაიძირო. თბილისში ასევე საინტერესო ფესტივალებზე
და დღესასწაულებზე დასწრებასაც შეძლებთ (თბილისობა, Tbilisi Open Air, არტ-გენი და სხვა),
სადაც მოისმენთ ხარისხიან მუსიკას, გაეცნობით ქართულ კულტურას და ამ ქალაქისთვის სახასიათო
კოლორიტს.
ტურისტული ადგილები
ბუნება
კულტურული ძეგლები
კურორტები
- თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი
- წყნეთი
ყველა ადგილის სანახავად დააჭირეთ აქ
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვარომელი ადგილი უნდა ნახო საქართველოში პირველი და რატომ???
სალამი. გააჩნია თქვენ რა მიმართულება მოგწონთ. თუ კულტურული ტურიზმით ხართ დაინტერესებული: სვეტიცხოველი და თბილისის მონახულებას გირჩევდით.
რომელი ადგილი უნდა ნახო საქართველოში პირველი და რატომ?