თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
სამეგრელოში მოგზაურობის მრავალი მიზეზი არსებობს. დასავლეთ საქართველოს ეს ნაწილი სტრატეგიული მნიშვნელობის, ზღვისპირა სანაპიროებით, გამორჩეული სამზარეულოთი, უძველესი ნაქალაქევით გამოირჩევა. სამეგრელო დღემდე უძველესი, ისტორიული მხარის სტატუსს ატარებს. ამ რეგიონში მოხვედრისას აუცილებლად შეამჩნევთ ადგილობრივების საგულდაგულოდ მოწესრიგებულ კარ-მიდამოს, შეიგრძნობთ დასავლეთისთვის დამახასიათებელ ნოტიო ჰავას და დატკბებით მისი მდიდარი ბუნებით. არ გაუშვათ შანსი აქაური სტუმარ-მასპინძლობის კულტი საკუთარ თავზე გამოსცადოთ და მეგრული ოჯახების მიერ უძველესი კერძები, თანამედროვე ელემენტებით როგორებიცაა ელარჯი, ღომი, გებჟალია და ხარჩო, განთქმული ცხარე აჯიკა შემწვარ ხორცთან, დააგემოვნოთ. სამეგრელო როგორც კულტურული და, ბუნებრივი ძეგლებით და სხვადასხვა ღირსშესანიშნაობით ასევე მრავალფეროვანი ბუნებითაც დატვირთული მხარეა - კოლხეთის დაბლობი, პალიასტომის ტბა, რომ აღარაფერი ვთქვათ ტობავარჩხილის ტბაზე, რომელსაც პირველი უნდა ეწვიოთ სამეგრელოში მოხვედრისას. ამიტომაც, ვიზიტისთვის კონკრეტული ადგილების შერჩევა არც ისე მარტივია.
თუმცა, შევეცდები ის ამ სტატიაში ის 10 ადგილი გამოვყო, რომელიც სამეგრელოში აუცილებლად უნდა ნახოთ.
1. ტობავარჩხილი იგივე ვერცხლის ტბა
ტობავარჩხილი (ვერცხლის ტბა), იგივე დიდი ტობა მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ეგრისის ქედზე. ზღვის დონიდან 2650 მეტრზე იშლება და იყოფა ორად - დიდი და პატარა ტობავარჩხილი.
ტობავარჩხილი ეგრისის ქედზე ყველაზე დიდი და მტკნარი ტბაა. მის მიმდებარედ დიდღალიშ ტობა, კალალიშ ტობა და წაქაწყარიშ ტობა მოედინება. სანამ, ტობავარჩხილის ტბამდე მიაღწევთ უნდა გაიაროთ მდინარე ხობისწყლის ხეობა, ჩანჩქერები, მღვიმეები, ალპური ტბები და სიმაღლის მატებასთან ერთად გარემო თანდათან უფრო მწვანდება და თვალწარმტაცი ხდება.
ლეგენდის თანახმად, ვინც ტობას ტბის მყუდროებას დაარღვევს და მის წყალში იბანავებს, შავი ღრუბლების რისხვა დაატყდება თავს და კოკისპირულ წვიმასა და შემზარავ ჭექა-ქუხილს ვერ გადაურჩება.
GTG დეტალურად აღწერს გაწერილ მარშრუტს თუ როგორ მოვხვდეთ ტობავარჩხილსა და ვნახოთ მისი შვილობილი, ულამაზესი ტბებიც.
2. რუხის ციხე
საქართველოში საფორტიფიკაციო დანიშნულების ნაგებობებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. სწორედ ამგვარია სამეგრელოში, რუხის ტერიტორიაზე მდ. ენგურის მარცხენა ნაპირას მდებარე რუხის ციხე. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით იგი ლევან II დადიანმა 1647 წელს ააგო. გვიან შუა საუკუნეებში კი სამეგრელოს სამთავროს მნიშვნელოვანი და კარგად გამაგრებული საფორტიფიკაციო ნაგებობა იყო, ამას ხელს უწყობდა მისი ხელსაყრელი მდებარეობაც. რუხის ციხის დაარსების მთავარი მიზანი სამეგრელოში ვაჭრობის განვითარება და ქვეყანაში ოსმალების წინააღმდეგ ძლიერი სიმაგრის არსებობა იყო.
ციხემ თავისი მნიშვნელობა XIX საუკუნის დასაწყისში დაკარგა. რუხის ციხე მასშტაბური ნაგებობაა, მაქსიმალური შიდა სიგრძე 100 მეტრია, სიგანე კი - 80 მეტრი. მისი შიდა ტერიტორია ორ ნაწილად იყოფა - ქვედა მონაკვეთი სამხრეთით და ციტადელი ჩრდილოეთით. შესასვლელი მხოლოდ ქვედა ეზოშია, რომელიც დაახლოებით ათი მეტრის სიმაღლე კოშკშის ქვედა ნაწილშია მოწყობილი. ციხის ქვედა ნაწილს კიდევ ერთი კოშკი იცავს, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში დგას. ციტადელი ჩრდილო ნაწილშია განლაგებული, მისი ფორმა ელიფსს წააგავს და ბოლოები კოშკებითაა გამაგრებული. ციტადელის მთავარი კოშკი ჩრდილოეთითაა, მას ციხის დაცვაში საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ექნებოდა. იგი საკმაოდ დიდ ტერიტორიას აკონტროლებს ჩრდილოეთის მიმართულებით - მდინარე ენგურის გაღმა სანახებსა და თავად მდინარის აუზს. ამჟამად კოშკისგან მხოლოდ ოთხი სართული და მეხუთის ნაწილია შემორჩენილი. ყოველი სართულზე ბუხრები და სათოფეები გვხვდება. გალავანი 8-10 მეტრის სიმაღლეზე ყრუა, ზემოთ კი 3-5 მეტრის სიგანის საბრძოლო ბილიკია. სიმაგრე ნაგებია რიყის ქვით. ციხეში ყოფილა წყაროც, რომელიც დასავლეთის კუთხეში უნდა ყოფილიყო, დღედღეობით ამ ადგილას მცირე ჩაღრმავებული ადგილია.
3. ნოქალაქევი
ნოქალაქევი ანტიკური და ადრექრისტიანული ხანის კოლხეთის იგივე ეგრისის პოლიტიკური ცენტრი და ლაზიკის სამეფოს დედაქალაქი (IV- III სს.) იყო. ამ ტერიტორიაზე ცხოვრების კვალი ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისიდან იწყება. ნოქალაქევის ციხეგოჯი სამეგრელოში, სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯიხასთან ახლოს მდებარეობს.
ნოქალაქევი სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქართულ ქალაქს წარმოადგენდა. რომაელი და ბიზანტიელი ისტორიკოსები ქალაქს არქეოპოლისის სახელით იხსენიებენ (ქართ. "ძველი ქალაქი" ანუ ნაქალაქარი, ნოქალაქევი), თუმცა უფრო ადრინდელ ქართულ საისტორიო წყაროებში მას ციხეგოჯს (ქუჯის ციხეს) უწოდებენ, რადგან ეგრისის ერისთავ ქუჯის (ძვ. წ. IV-III სს) აუშენებია და სწორედ მის სახელთანაა დაკავშირებული.
ციხეგოჯი IV-VIII საუკუნეებში ეგრისის სამეფოს დედაქალაქი იყო. აქ მოხდა არქეოპოლისის ბრძოლა. სპარსელებმა ციხეგოჯზე სამჯერ მიიტანეს იერიში და მხოლოდ მესამედ მოახერხეს მისი აღება, თუმცა ქალაქი მალევე ისევ ბიზანტიურ-ლაზურ ძალებს ჩაუვარდა.
737-738 წლებში ქალაქი მურვან ყრუმ გაანადგურა. ამის შმდეგ ციხეგოჯი მცირე სოფლად გადაიქცა. სოფელმა XVI საუკუნეში გაძლიერდა, როდესაც აქ სამეგრელოს მთავარმა სასახლე ააშენა. XVI-XIX სს-ში ნოქალაქევი ოდიშის მთავრების რეზიდენციას იყო. ნოქალაქევი 3 კმ. სიგრძის გალავნითაა შემოსაზღვრული, 19 ჰა ტერიტორიას მოიცავს და 3 ნაწილისგან შედგება: ქვედა ქალაქის, შუა ციხისა და ციტადელისგან. საქალაქო დასახლება მდებარეობდა მდინარის პირზე, გარნიზონი ფერდობზე იყო დაბანაკებული, ხოლო ციხის ციტადელი - მთაზე.
ნოქალაქევში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური მასალაა გამოკვლეული. ციხის ტერიტორიაზე აღმოჩენილია როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტული კერამიკა, ბრინჯაოს ნივთები, სამკაული, სპილენძისა და ოქროს მონეტები. აქვე აღმოჩენილია ასევე ორი აბანო. ერთი მათგანი განკუთვნილი იყო მეფე-დიდებულთათვის, ხოლო მეორე მოქალაქეებისა და გარნიზონისათვის. აბანოები მუშაობდა ცენტრალური გათბობის სისტემაზე.
4. დადიანების სასახლე
დადიანების სასახლე, რომელიც სამეგრელოს მთავრების რეზიდენცია იყო, ერთ-ერთი ცნობილი ადგილია, რომლის შესახებაც აუცილებლად გექნებათ გაგონილი. თუმცა, მისი დაარსების ისტორიას კიდევ ერთხელ მოგიყვებით. ზუგდიდის ცენტრში მდებარე სამუზეუმო კომპლექსი შედგება სამეგრელოს დედოფლის ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანისა და თავად ნიკო დადიანის სასახლეებისაგან, კარის ეკლესიისა და დადიანების მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღისაგან. მუზეუმი 1921 წელს დაარსდა, სამეგრელოს მთავრის დავით ლევანის ძე დადიანის ძველ ნივთთა საცავ-საგანძურისა და სამეგრელოს ეკლესია-მონასტრებიდან გადმოტანილი ქართულ სიძველეთა ბაზაზე. სწორედ დავით დადიანმა ჯერ კიდევ 1839 წელს დააფუძნა პირადი მუზეუმი, არქეოლოგიური, ნუმიზმატური, სამხედრო და ეთნოგრაფიული კაბინეტებით. თუმცა თავდაპირველად რეზიდენცია ოდიშის მთავარმა ლევან II დადიანმა (1611-1657) ააგო.
დადიანების სასახლე , რომელიც დღეისათვის წარმოადგენს სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს წარმოადგენს. მისი ერთ-ერთი ნაწილის - დედოფლისეული სასახლის რეკონსტრუქცია XIX ს-ის 60-იან წწ-ში გერმანელ არქიტექტორ რაისს ეკუთვნის, რომელმაც განახლებისას გოთიკური არქიტექტურის ელემენტები გამოიყენა. ნიკო დადიანის ორსართულიანი სასახლე კი XIX ს-ის 80-იან წწ-ში რუსმა არქიტექტორმა - ვასილევმა ააგო. მუზეუმის ამშვენებს სამეგრელოს მთავარ დადიანთა მიერ გაშენებული ტყე-პარკი 67 ჰექტარზე, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი ხეების უნიკალური და მრავალწლიანი ხეებითა და ბუჩქებითაა დატვირთული.
მთავრისეული ტაძარი დადიანების სასახლის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. მისი მშენებლობა 1825-1830 წლებში მიმდინარეობდა. ტაძარი ეკუთვნოდა სამეგრელოსმთავარსა და მის ოჯახს და XIX საუკუნის 50-იან წლებში მოიხატა. მაცხოვრის სახელობის კარის ეკლესია კი ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მაღალ ბორცვზეა აშენებული. აქ ადრე ქალაქში შემოსასვლელი კარი ყოფილა და სახელიც სწორედ მას უკავშირდება. ტაძარი აგებულია XVII საუკუნის პირველ ნახევარში, ლევან დადიანის მითითებით. XVII საუკუნის 60-70-იან წლებში მოხატეს და შემორჩენილია წმ. დიმიტრისა და თევდორეს ფრესკები, წმინდა გიორგის ქანდაკება. ფრესკები ცაიშელ-ბედიელ მიტროპოლიტს კუირილე (კირილე) ჟუანიძეს ეკუთვნის. 1855 წელს ტაძარი თურქების შემოსევებმა დააზიანეს, თუმცა შემდეგ იგი ეკატერინე ჭავჭავაძის მითითებით კვლავ განაახლეს.
ამჟამად, დადიანების სასახლე-მუზეუმში 40000-ზე მეტი ექსპონატი ინახება. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ღვთისმშობლის კვართი, ნაპოლეონ ბონაპარტის ნიღაბი, შამილის ხმალი, XVIII-XX სს-ის ევროპელ და ქართველ მხატვართა კოლექციები. მუზეუმის ოქროს ფონდში დაცულია ანტიკური და შუა საუკუნეების ოქრომჭედლობის ნამუშევრები: ეროვნული (ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული XIX საუკუნის დასასრულის დადიანების მემორიალური ნივთებით ჩათვლით) და ევროპული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები.
5. ბოტანიკური ბაღი
დადიანების მუზეუმის მონახულების შემდეგ, მის ახლომდებარედ, შეგიძლიათ ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს ეწვიოთ, თანაც სრულიაც უფასოდ. როგორც დადიანების სასახლის დეკორატიული ბაღი, XIX საუკუნეში, დავით დადიანისა და მისი მეუღლის, ეკატერინე ჭაჭავაძე-დადიანის ინიციატივით გაშენდა. დღეს ბაღი ხუთასზე მეტი სახეობის მცენარეს ითვლის. ზოგიერთი მათგანი უკვე ორასი წლისაა. მათ შორის მაგნოლიის ექვსი სახეობა, სხვადასხვა სახეობის მუხა, ატლასისა და ჰიმალაის კედარი, კანარის ვერხვი, აზიის, მათ შორის ინდოეთის, იაპონიის, ხმელთაშუაზღვისპირეთის, ამერიკის და სხვა ადგილებიდან შემოტანილი რელიქტური და ენდემური მცენარეები. ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანმა ბაღისთვის სელექციუირ ნერგები სპეციალურად ვერსალის სასახლიდან შეუკვეთა. სამწუხაროდ,1853–1856 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს. ოსმალი ისკანდერ-ფაშას ბარბაროსობამ და გარემოებებმა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღს თითქმის მთლიაანდ განადგურდა. თუმცა, ოსმალეთთან ზავის დადების შემდეგ, ეკატერინეს ენერგიული მოქმედების შედეგად, ბაღში აღდგენითი სამუშაოები შედგა, ხოლო მისი სრული აღდგენა შესაძლებელი 1869 წლიდან გახდა. ამჟამად დასრულდა ბოტანიკური ბაღის სრული რეაბილიტაცია და უწინდებურად მისი უნიკალური მოწყობით მნახველს აღაფრთოვანებს. ზუგდიდში ვიზიტისას და განტვირთვისთვის უკვე შეგიძლიათ რეაბილიტირებული ბაღით დატკბეთ, ნავით გაისეირნოთ, ნახოთ ძველი და 300 ძირი ახალი ხე-მცენარე, ბილიკები, გარეგანათებები, განახლებული ადმინისტრაციის შენობა და ორანჟერეა.
ბაღის სარეკონსტრუქციო სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.
6. კოლხეთის ეროვნული პარკი
კოლხეთის დაბლობი შეიძლება ითქვას მთელი დასავლეთ საქართველოს სიმდიდრეა, უმეტესად კი - სამეგრელოსი. იგი ეკოტურიზმის განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია. ნაკრძალი შავი ზღვის სანაპიროზე, პალიასტომის ტბის მოდამოებში მდებარეობს, აღმოსავლეთით და ესაზღვრება მდინარე ეწერი, სამხრეთით მდინარე ფიჩორი. ეროვნული პარკი 5 ადმინისტრაციული რაიონის - ზუგდიდის, ხობის, სენაკის, აბაშისა და ლანჩხუთის ტერიტორიაზეა გაშლილი.
44308,5 ჰა ფართობის კოლხეთის ეროვნული პარკი კოლხეთის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ეკოსისტემების დაცვისა და შენარჩუნების მიზნითაა შექმნილი. მიეკუთვნება დაცული ტერიტორიების IUSN მეორე კატეგორიას. 1997 წლიდან მას იცავს რამსარის კონვენცია, რომელიც წარმოადგენს მთავრობათაშორის შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს მიგრირებად, მიმომფრენ და წყალმცურავ ფრინველთა საბინადროდ ვარგისი არეალების დაცვას. სწორედ აქ ნახავთ კოლხურ ხოხობს, ყვითელი ყაყაჩურისა და ზღვის შროშანის- წითელ წიგნში შესულ, გადაშენების პირას მყოფ ენდემურ სახეობებს.კოლხეთის ეროვნულ პარკში ბინადრობს ფრინველთა 194 სახეობა
2007 წლიდან კოლხეთის ეკოსისტემა შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.
7. პალიასტომის ტბა
თუკი კოლხეთის ეროვნულ პარკს სტუმრობთ, ვიზიტი აუცილებლად პალიასტომიტ ტბით უნდა დაიწყოთ. ტბა შავი ზღვის სანაპირო ზოლში, კოლხეთის დაბლობზე მდებარეობს და ფართობით (18.2 კმ2) საქართველოს ტბებს შორის სიდიდით მესამე ადგილი უჭირავს.
პალიასტომის ტბა იკვებება წვიმის წყლითა და შენაკადებით. მას ერთვის მდინარე ფიჩორი და აქედან გამოედინება მდინარე კაპარჭინა. გაზაფხულზე ზაფხულსა და შემოდგომაზე წყლის დონე მატულობს, ზამთარში კი - მცირდება. წყალი თბილია ივლის-აგვისტოში (25,1°C), იანვარში (5,2 °C) - ცივი. ძლიერი ქარების გამო ტბაზე ხშირად ჰომოთერმიაა და ცივ ზამთარში ყინულნაპირისი ჩნდება.
პალიასტომის ტბის სახელი ბერძნული წარმოშობისაა და ‘’ძველ ნაპირს’’ ნიშნავს.
მისი ნაპირებიდან დიდი სანახაობა გელით ლელქაშის მაღალი გაუვალი რაყების, მეორადი ნოტიო მდელოებისა და სამეფო გვიმრების ხშირი საფარის სახით. ტბის უკეთ აღსაქმელად კოლხეთის ეროვნულ პარკში ვიზიტისას შეგიძლიათ სანაოსნო ტურით ისარგებლოთ.
შეიძლება არც იცოდეთ, მაგრამ ოდესღაც პალიასტომის ტბა შავ ზღვას ეკუთვნოდა. შემდეგ გამოეყო მას და ტბად იქცა. დროთა განმავლობაში კი იგი როგორც ზღვის უბე ამოივსო და ზღვასთან კავშირი გაწყდა. 1924 წელს ტბის სამხრეთ-დასავლეთი ნაპირიდან გაიყვანეს არხი და პირდაპირ შეუერთეს ზღვას, ხოლო 1933 წლის დეკემბერში ძლიერი ზვირთცემის შედეგად არხი გაფართოვდა და სრუტე გაჩნდა. წყალი მლაშეა და თევზების ნაირსახეობითაა მდიდარი.
ტბის შესახებ ლეგენდაც არსებობს, რომლის შესახებ მოხსენებული აქვს ეგნატე ნინოშვილს 1891 წლის მოთხრობაში „პალიასტომის ტბა“:
„ახლა რომ ტბაა, იმ ადგილას თურმე ხმელეთი იყო. ზედ ხალხი იდგა და იმ ხალხს პავლიას ტომს ეძახდნენ. ერთ დღეს ხმელეთმა ძირს დაიწია, ერთ ადგილას მიწა გაირღვა, უცბად წყალი ამოვარდა დედამიწიდან და მთელი სოფელი დაფარა. აქაური ხალხი და ყოველი სულდგმული დაიღრჩო. გადარჩენილა მხოლოდ ერთი დიაკვანი, რომელმაც გაიტაცა მთავარანგელოზის ხატი, აიტანა ჯუმათის მთაზე და იქ შემდეგ ამ ხატს ეკლესია აუშენეს. ეს დიაკონიც, გვარად დარჩია, დეკანოზად დააყენეს“
8. ლუგელა-მუხურის ხეობა
ეს ლუგელას ხეობა გახლავთ, რომლის სათავედანაც მდინარე ხობისწყალი მოედინება და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ლუგელას გამორჩეული მისი მინერალური წყლითაა, რომელიც სამეგრელოს ქედის ქვემო წელში, ზღვის დონიდან 560 მეტრზე, მდინარე ხობისწყლის ხეობაში მოდის. იგი 10%-იან კალციუმის ქლორის თანაფარდობისაა, გამჭვირვალეა, უნალექო და უგაზო.
ლუგელას წყლის საბადოს ტერიტორიიდან 3 კმ-ით დაშორებულია ცნობილი კურორტი მუხური, რომელსაც შუაზე ყოფს მდინარე ხობისწყალი. ჰაერის აბსოლუტური ტენიანობა 65-70%-ია. იგი გამოიყენება ალერგიის, ოსტეოპოროსის, რაქიტის, სისხლდენის, ჰეპატიტის, ტუბერკულოზის, სტომატიტის, კონიუქტივიტის და სხვა დაავადებათა დროს.
მუხურიდან 5 კმ-ის მანძილზე მდებარეობს კარბონატული წყლებით ცნობილი კურორტი “სქური”, რომელიც კუღ-ნაწლავით დაავადებულთა სამკურნალოდ იდეალური ადგილია.
ლუგელას წყალს მრავალგვარი დანიშნულება აქვს. უმეტესად კი - სამკურნალო: სისხლის დენისას, რაქიტის, პარათიეიდოური ჯირკვლების უკმარისობისას, ორგანიზმიდან კალციუმის დაკარგვისას, ანტიალურგიულია, კანის პარენქიმული ჰეპატიტის, ნეფრიტის, სტომატიტის, კონიუქტივიტის დროს.
9. მარტვილის კანიონი
მარტვილის კანიონიმარტვილის მუნიციპალიტეტში ზღვის დონიდან 210 მეტრზე მდებარეობს. გადმოცემის თანახმად, ეს ადგილი დადიანების საზაფხულო რეზიდენციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მონაკვეთს წარმოადგენდა.
კანიონის საერთო სიგრძე 2400 მ-ია, ჩაჭრის სიღრმე 20-30 და მასზე ქვით აშენებული 700 მ-ის სიგრძის წრიული საფეხმავლო ბილიკი გაუყვება.
ერთი შეხედვით, ბილიკზე გათანამედროვებული გადასახედი პლატფორმა შესაძლოა თვალწარმტაც ადგილად არც მოგეჩვენოთ, თუმცა ნამდვილი სანახაობა შუა წელში წარმოშობილი 12-15 მ-ანი ჩანჩქერებით იწყება, რომელიც აღგაფრთოვანებთ და თქვენი ყურადღების ცენტრში ოფუცხოლე, “დადიანების საბანაოს” სახელით ცნობილი მონაკვეთი აუცილებლად მოექცევა.
მარტვილის კანიონზე ვიზიტისას ასევე შესაძლებლობა გაქვთ გაისეირნოთ ნავით მდინარე აბაშის 300 მეტრიან (ერთი გზა) მონაკვეთზე და დატკბეთ მთის მდინარის კანიონის ულამაზესი ხედებით.
10. ანაკლიისა და განმუხურის სანაპიროები
ზუგდიდიდან გამგზავრებამდე ანაკლია-განმუხურის შავი ზღვის სანაპიროზეც შეგიძლიათ გაისეირნოთ. შავი ზღვის ეს კურორტები, რომელთაც ერთმანეთთან აკავშირებს 552მ-იანი საფეხმავლო ხიდი გამოირჩევა ერთი მხრივ ანაკლიის ქვიშიანი პლაჟით, მეორე მხრივ კი - ხიდის გავლის შემდეგ, განმუხურის ქვებიანი სანაპიროთი. სანაპიროები წყლის სისუფთავითა და დაცულობითაც გამოირჩევა.
ბოლო წლებში ანაკლია-განმუხურის კურორტები ადგილობრივებისა და ტურისტების სიმრავლითაც გამოირჩეოდა. შავი ზღვის სანაპირო ზოლზე დასვენებისა და გართობის მსურველთათვის ეს ადგილი ნამდვილად გამორჩეულია. აქ ფუნქციონირებს სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი, ექვსი ქვიშისა და ფრენბურთის მოედანი, სხვადასხვა სასტუმროები და ადგილობრივი გესთჰაუსები. უნდა აღვიშნოთ, რომ ანაკლიაში დამსვენებელთა სიმრავლის მაჩვენებელი ელექტრონული მუსიკალური ფესტივალითაც - Echowaves იყო განპირობებული, რომელიც შეზღუდვების მოხსნისთანავე კვლავ დაუბრუნდება დამსწრე სტუმრებს.
ძველ დროში ანაკლია მეთევზეთა სოფელი და ნავსადგური იყო. ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისში ამ ტერიტორიაზე ბერძნები დასახლებულან და მისთვის ბერძენი მითური გმირის სახელი – ჰერაკლია დაურქმევიათ. საუკუნეთა განმავლობაში ჰერაკლია ანაკლიად გადაკეთდა.
შეგიძლიათ ამ სიაზე არ შეჩერდეთ და საიტზე დაათვალიეროთ სხვა უმშვენიერესი ადგილებიც, რომლის ნუსხასაც წასვლამდე თვალი გადაავლეთ.
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დაწერეთ კომენტარიაუცილებლად დასამატებელია:
1. წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების უნიკალური 1000 წლის ტაძარი,700 წლის საოცრად ლამაზი ფრესკებით…