თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
თუ ცივი ამინდი, სიმშვიდე და გათეთრებული მთები ძალიან მოგწონს, მაშინ შენ ნამდვილად ზამთრის ადამიანი ყოფილხარ. ამ სეზონის დადგომისას ყველა სულმოუთქმელად ელის თოვლის მოსვლას, მაგრამ ხანდახან ეს მოლოდინი არ მართლდება. საბედნიეროდ, საქართველოში გვაქვს უამრავი კარგი საკურორტო ადგილი, სადაც ყოველ ზამთარს თოვლიცაა, სუფთა ჰაერიც და უამრავი გასართობი საშუალება ყველა კატეგორიის ადამიანისთვის.
ამ სტატიაში გიამბობ იმ 10 საუკეთესო დასასვენებელი ადგილის შეახებ, სადაც შენს ზამთრის არდადეგებს ჰარმონიულად გაატარებ.
ბაკურიანი
ბაკურიანი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ზამთრის კურორტია საქართველოში. აქაური ჰაერი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა და დამსვენებლების დიდი ნაწილი სწორედ ამ მიზეზით სტუმრობს მას. ხალხის ძირითადი მასა აქ სასრიალოდ ჩამოდის, თუმცა, არიან ადამიანები, რომელთათვის სრიალი არ არის მთავარი ჩამოსვლის მიზეზი. ბაკურიანის უნიკალურობაც სწორედ ესაა, იგი ყველა ტიპის ადამიანს ასიამოვნებს ათასგვარი თავშესაქცევი ადგილითა თუ აქტივობით.
დასვენებისთვის საუკეთესო პერიოდი იანვარი და თებერვალია. ამ დროს ყველაზე სუფთა და უხვი თოვლი გვხვდება, რაც სასრიალოდ, საგუნდაოდ ან უბრალოდ პეიზაჟებით ტკობიბსთვის იდეალურია.
რითი გავერთოთ ბაკურიანში?
პირველი, რაც ბაკურიანი ხსენებაზე გვახსენდება, არის სრიალი. აქ შეგიძლია ისრიალო თხილამურებით, სნოუბორდით, ციგით და კიდევ სხვა თოვლზე მავალი სხვადასხვა ტრანსპორტით. ბაკურიანში ძირითადად 23 განსხვავებული სახის სასრიალო გზაა, რომლებიც დამწყებთათვის და საშუალუალო დონის მოსრიალეთათვისაა განკუთვნილი. სასრიალო ტრასებს კი სულ 5 ცალს შეხვდებით. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სათხილამურო კურორტია კოხტა, რომელიც ბაკურიანიდან სულ რაღაც 1.3 კილომეტრშია და მას საბაგიროთი უკავშირდება. თუკი ღამე სრიალი გიზიდავთ, მაშინ დიდველის ტრასა თქვენთვისაა შესაფერისი. მთელი გზის მანძილზე ულამაზესადა ჩამწკრივებული განათებები, რაც ღამის სრიალს მაგიურ ელფერს სძენს.
რაც შეეხება მათ, ვინც ბაკურიანისკენ სასრიალოდ არ მიიწევს. უამრავი ტრასის გარდა დაბას არაერთი გასართობი აქვს შემონახული. საუკეთესო ვარიანტი იმისთვის, რომ თან დაისვენოთ და ბაკურიანიც ახლოდან გაიცნოთ, არის ლაშქრობა. აქაურობა გამოირჩევა სალაშქრო ბილიკების სილამაზით. ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და სილამაზეებით სავსე მარშრუტია ბურნაშეთი-ბაკურიანის ბილიკი. გზა იმდენად სუფთაა, რომ ჩვეულებრივი ზამთრის ფეხსაცმელებითაც შეძლებთ სიარულს. ლაშქრობისას თვალწინ თოვლში დამალულ მთებს უფრო ახლოდან შეხედავთ და მომენტალურად გათავისუფლდებით ქალაქური ქაოსისგან. გზად ტაბაწყურის ტბასაც გაივლით, რომელიც წელიწადის ნებისმიერ დროს ახერხებს დამსვენებლების გაოცებას თავისი სილამაზით.
ბაკურიანში შეგიძლიათ მოინახულოთ ბოტანიკური ბაღი, სადაც წიწვნარი ყველაზე მეტად ჭარბობს. აქ უხვად შეხვდებით ალპურ მცენარეთა უნიკალურ კოლექციებსა და შორეულ აღმოსავლეთში გავრცელებულ ჯიშებს: კენკეშა, ფურისულა, ჰიმალაური ასტრა და სხვა.
როგორ მივიდეთ ბაკურიანში?
ბაკურიანი თბილისიდან 2 საათის სავალზე მდებარეობს. კურორტზე ჩასვლა შეგიძლიათ როგორც საკუთარი მანქანით, ასევე მიკრო ავტობუსებით. თუკი მანქანით გადაწყვეტთ მგზავრობას, აუცილებლად დაგჭირდებათ ზამთრის საბურავები, რადგან ბაკურიანის გზა ზოგჯერ თოვლით ან ყინულითაა დაფარული. საზოგადოებრივი ტრანსპორტები დიდუბიდან და სადგურის მოედნიდან გადიან. ასევე, შეგიძლიათ ბორჯომამდე მატარებლით იმგზავროთ, შემდეგ კი ბაკურიანამდე მეორე, მცირე მარშრუტზე მავალ მატარებელს, იგივე "კუკუშკას" გაჰყვეთ.
სად დავრჩეთ ბაკურიანში?
სრიალი, ლაშქრობა, ბოტანიკურ ბაღში გასეირნება და უბრალოდ საყვარელ ადამიანებთან დროის გასატარებლად, ხშირად 1 დღე არასაკმარისია, ამიტომ კარგ გართობას კარგ ადგილას მოსვენებაც უნდა მოსდევდეს.
ბაკურიანი ერთ-ერთი ყველაზე ბიუჯეტური კურორტია საქართველოში და ღამის გათევის მიზნით ადგილზე უამრავ სასტუმროსა და კოტეჯებს შეხვდებით. სასტუმროები არის როგორც იაფიანი, ასევე უმაღლესი კლასის. კოტეჯები კი უფრო სალაშქრო განწყობის შენობაა, სადაც უფრო იგრძნობა ზამთარი და მეგობრებთან ერთად გატარებული დროც მეტად სასიამოვნოა. ერთ-ერთი ასეთი კოტეჯია Four House Bakuriani, რომელიც 8 ადამიანზეა გათვლილი და მისი ინტერიერი იდეალურადაა მოწყობილი.
გუდაური
საქართველოს მთა-გორიანი ლანდშაპტებიდან გუდაური ნამდვილად გამორჩეულია მისი სიმაღლითა და სილამაზით. აქაურობას სეზონურად უამრავი დამსვენებელი სტუმრობს. ბაკურიანისგან განსხვავებით, აქ მეტად ცივა და უფრო დიდი სასრიალო ტრასებია. თუმცა, თოვლით სიამოვნების მიღების გარდა, გუდაური სავსეა უამრავი ღირსშესანიშნაობით, რომელთა ნაწილის მონახულება ზამთარში შესაძლებელია, ნაწილის კი თოვლიანობის გამო ჭირს.
რითი გავერთოთ გუდაურში?
ყველაზე სტანდარტული, მაგრამ არაჩვეულებრივი გასართობი გუდაურში სრიალია. მნიშვნელობა არ აქვს პროფესიონალი მოსრიალე ხარ თუ ახლა იწყებ თხილამურებზე დგომას, აქ აუცილებლად გამოიძებნება ყველასთვის სასრიალო ადგილი. აღსანიშნავია ისიც, რომ აქ უამრავი ტიპის სასრიალო ტრანსპორტს გადააწყდებით, იქნება ეს სნოუბორდი, ციგა, კამერა თუ სხვა.
თუ ექსტრიმი გიყვარს და მაღალმთიან ადგილას უამრავი ადრენალინის მისაღებად მიდიხარ, მაშინ გუდაურში სრიალის ნამდვილ სამოთხეს მიაგნებ. შეგიძლია ჰელისკით ისარგებლო და დიდი სიმაღლიდან დაეშვა, ან იფრინო პარაპლანით და ხელისგულზე დაიტიო მთელი გუდაური.
ასევე, გუდაურში დაგხვდებათ 14 საბაგირო გზა. მათგან ყველაზე მატად გამორჩეულია 7 კილომეტრის სიგრძის საბაგირო, რომელიც სრული დატვირთვის პირობებში 3000-მდე ადამიანს იტევს. მაღლა ასვლისას უამრავი დრო გექნებათ ლამაზი ხედების დასაფიქსირებლად.
თუ შედარებით დინჯი რიტმი მოგწონთ, მაშინ ლაშქრობა თქვენთვის იდეალური გამოსავალია დროის ნაყოფიერად გასატარებლად. გუდაურში არის 1 დღიანი ტური, სადაც მოივლი ყველა მნიშვნელოვან ადგილს, რისი მოსწრებაც შეიძლება და ისიამოვნებ ყველა შესაძლო აქტივობით: ისრიალებ, იგუნდავებ, მოაწყობ ფოტოსესიას თოვლში ჩაფლული მთების და სახლების ფონზე.
როგორ მივიდეთ გუდაურში?
თბილისიდან გუდაურში ჩასაასვლელად 2 საათი დაგჭირდებათ. გზა ძირითიდად მუდამ გაწმენდილია და ნებისმიერი ტრანსპორტით შეძლებთ ასვლას. დიდთოვლობის დროს კი სპეციალური საბურავის ჯაჭვები დაგჭირდებათ. თუ მიკრო ავტობუსით მგზავრობას გადაწყვეტთ, ჩასხდომა დიდუბის ავტოსადგურიდან იწყება.
სად დავრჩეთ გუდაურში?
გუდაური შედარებით მაღალბიუჯეტური საკურორტო ზონაა და შესაბამისად, უამრავ მაღალი კლასის სასტუმროსა და კოტეჯს შეხვდებით. 1 ღამის ფასი საშუალოდ 100 ლარიდან იწყება და კომფორტის დონის შესაბამისად იზრდება. გუდაურში აუცილებლად მიაგნებთ სასურველ ნომერს, რადგან აქაურობა სასტუმროების სიმრავლით გამოირჩევა და თანაც, ყველანაირი ტიპის დამსვენებელზეა მორგებული.
ბორჯომი
ბორჯომი არის საქართველოს ერთ-ერთი უნიკალური და გამორჩეულად ლამაზი საკურორტო ზონა, რომელიც წელიწადის ნებისმიერ დროს უამრავ დამსვენებელს იტევს, ავსებს ათასგვარი ახალი ემოციით და არდადეგების შემდგომ, უკან ბედნიერს უშვებს. აქ ბევრი ღირსშესანიშნავი კულტურული და ისტორიული ძეგლი გვხვდება. ყველაფრის მონახულებას კი სწორი დრო და კარგი განწყობა სჭირდება.
რითი გავერთოთ ბორჯომში?
ბორჯომის დიდძალი საგანძურიდან ერთ-ერთი ყველაზე მეტად ფასეული მინერალური წყლებია, რომელიც გამოირჩევა უნიკალური სამკურნალო თვისებებით. თუმცა, ზამთრის პერიოდში გაცილებით საინტერესო ადგილებსაც შეხვდებით. მაგალითად, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი წელიწადის ნებისმიერ დროს ულამაზესია, განსაკუთრებით კი ზამთარში, როდესაც ყველაფერს დიდი თეთრი საბანი აქვს გადაკრული და გარშემო იდეალური სიწყნარე სუფევს. ოჯახური სეირნობისთვის აქაურობა საუკეთესო არჩევანია.
ზამთრის პერიოდში არაჩვეულებრივი სილამაზით გამოირჩევა მწვანე მონასტერი და ფოთოლეთის ეკლესია, რომელთა გარშემო მხოლოდ ტყეა. თოვლიანობისას კი მთელი მიდამო თოვლში ეხვევა და ნაგებობები პატარა სამოთხეს ემსგავსებიან. გარდა საოცარი ბუნებისა, ორივე მათგანს მნიშვნელოვანი ისტორიული ღირებულება გააჩნია და მათი ამ კუთხით დათვარიელება ყოველთვის საინტერესოა.
ბორჯომის ცენტრალური პარკი ძირითადად მცირეხნიანი სეირნობისთვისაა განკუთვნილი, თუმცა მასთან მდებარე საბაგიროთი ულამაზესი ხედების თვარიელებაა შესაძლებელი.
აქ მრავლადაა სალაშქრო მარშრუტები. მათგან ყველაზე მეტად პოპულარული და გამორჩეულია თოვლის ფეხსაცმელების ბილიკი. ეს ორდღიანი თავგადასავალი ლიკანის მცველთა საგუშაგოდან იწყება და მთელ ხეობას მიუყვება. გზად უამრავი საინტერესო ადგილის აღმოჩენაა შესაძლებელი. ამას გარდა, ლომისმთის ლაშქრობაც არანაკლებ საინტერესოა. 34 კილომეტრიანი გზის დასალაშქრად 2 დღეა საჭირო და გზად წმინდა გიორგის ეკლესიასაც შეხვდებით.
როგორ მივიდეთ ბორჯომში?
თბილისიდან 155 კილომეტრით დაშორებულ ბორჯომში ჩასასვლელად 2 საათიც საკმარისია. ადგილზე ყველანარი ტრანსპორტით მისვლაა შესაძლებელი, რადგან გზა მუდამ მოწესრიგებულია. თუ ავტოსატრანსპორტო საშუალებით არ გსურთ მოგზაურობა, მაშინ მატარებლითაც შეძლებთ დანიშნულების ადგილას მისვლას.
სად დავრჩეთ ბორჯომში?
ბორჯომი შედარებით წყნარი საკურორტო ადგილია. აქ ძირითადად ოჯახები და მეგობრები ამოდიან მშვიდი და საინტერესო თავგადასავლებისთვის. აქ უამრავ საოჯახო ტიპის სასტუმროს შეხვდებით. მათი ფასი საშუალოდ 50 ლარიდან იწყება.
სტეფანწმინდა (ყაზბეგი)
სტეფანწმინდას ყოველწლიურად უამრავი დამსვენებელი ჰყავს როგორც ზამთარში, ასევე ზაფხულში. კურორტი აერთიანებს უამრავ ისტორიულ ღირსშესანიშნაობასა და არაჩვეულებრივ დასასვენებელ ადგილს. თოვლიანობის პერიოდში გარემო სრულად იცვლება და განსაკუთრებულად ლამაზდება. სტეფანწმინდაში მრავალი დღესასწაული აღინიშნება (სპათანგელოზობა, ყაზბეგობა, გერგეტობა და სხვა.). ამ პერიოდში სტუმრობისას უფრო ახლოდან გაიცნობთ ადგილობრივ წეს-ჩვეულებებსა და სამზარეულოს.
რითი გავერთოთ სტეფანწმინდაში?
საინტერესო ადგილების სიჭარბე სტეფანწმინდის მთავარი კოზირია. აქ თავს იყრიან როგორც სამთო სპორტის მოყვარულები, ასევე მკვლევარები, მოლაშქრეები და კიდევ სხვა ინტერესის მქონე ხალხი.
კურორტის შესწავლის პირველი ეტაპად კულტურული ძეგლების მონახულება შეიძლება მივიჩნიოთ. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილი გერგეტის სამებაა, რომელიც გარშემო უამრავი მთის ცენტრშია მოქცეული. ეს ადგილი აქაურობის სიმბოლოა და ყოველთვის განიცდის ხალხმრავლობას. მყინვარწვერი გერგეტიდან გადაშლილ პეიზაჟებს აგვირგვინებს თავისი განსაკუთრებულ სილამაზითა და სიდიადით. მისი დალაშქვრა ზამთრის პერიოდში არ შეიძლება, თუმცა, გაზაფხულზე სეზონი იხსნება და შეგიძლიათ კვლავ ეწვიოთ ყაზბეგს. არანაკლები ხედებითა და ბუნებით გამოირჩევა დარიალის ხეობაში გაშენებული სამონასტრო კომპლექსი. ზამთარში ეს ადგილი საოცრად იცვლება და მშვენიერდება.
მშვიდი ოჯახური სეირნობისთვის ყაზბეგის ეროვნული პარკი შესანიშნავია. აქ უამრავი სახეობის მცენარეს შეხვდებით. აქა-იქ ჩანჩერებსა და ულამაზეს ხედებს გადააწყდებით, სადაც მოგონებების საუკეთესოდ აღბეჭვდას შეძლებთ.
როგორ მივიდეთ სტეფანწმინდაში?
სტეფანწმინდაში ჩასასვლელად თბილისიდან დაახლოებით 3 საათია საჭირო. ძირითადად, გზა კარგ და სანდო მდგომარეობაშია, ამიტომ ნებისმიერი მანქანით შეძლებთ გამგზავრებას. დიდთოვლობისას კობი-გუდაურის გზის მონაკვეთი იკეტება, ამიტომ წინასწარ გაარკვიეთ სატრანსპორტო სიტუაცია. პირადი ავტომობილის გარდა შეგიძლიათ მიკრო ავტობუსითაც ისარგებლოთ, რომელიც დიდუბის ავტოსადგურიდან გადის.
სად დავრჩეთ სტეფანწმინდაში?
კურორტზე უამრავი საოჯახო ტიპის სასტუმროა, რომლებიც დამსვენებლებს ღამის გათევას საკმაოდ შეღავათიან ფასებში ჰპირდება. საშუალოდ 1 ღამის ფასი 40 ლარიდან იწყება. მიუხედავად ამისა, შეგიძლიათ კარვებითაც იმოგზაუროთ, ან მაღალი დონის სასტუმროში განთავსდეთ.
მესტია
სვანეთის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი მესტია საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კურორტია. ზამთარი აქაურობას განსაკუთრებით უხდება და სწორედ ამ პერიოდში განიცდის ქალაქი უხვსტუმრიანობას. თუკი შვებულების გატარებას მთაში აპირებთ, მესტია გაგაოცებთ არაჩვეულებრივი ხედებით, სპეციფიკური არქიტექტურითა და განუმეორებელი სამზარეულოთი. აქ იხილავთ 200-მდე მყინვარს, მათ შორის მწვერვალ უშბასა და საქართველოს უმაღლეს მწვერვალ შხარას.
რითი გავერთოთ მესტიაში?
მთებით დაფარულ ქალაქში უამრავი გასართობისა და შემეცნებითი აქტივობების საშუალებაა. პირველი, რაც ყველა სტუმარტმა უნდა მოინახულოს, არის სვანური კოშკები. სწორედ ეს ნაგებობები ინახავს სვანეთის მრავალწლიან ისტორიას. მათი ნაწილი განცალკევებით დგას, ნაწილი კი საცხოვრებელ სახლთან არის მიკრული. თავად სოფლები საოცარი სილამაზის მატარებელია. აქ შეგიძლიათ აღბეჭდოთ ეს ყველაფერი და სამუდამოდ შეინახოთ მოგონებათა საცავში.
მესტია გამორჩეულია განსაკუთრებლი ბუნებით. აქ შეხვდებით სამკურნალო თვისებების მქონე მჟავე წყლებს, რომლებიც ძალიან ძნელად მისაგნებ ადგილებში იმალება. ფლორა და ფაუნა კი იმდენად უნიკალურია, შეიძლება სადმე მთაზე მონავარდე ჯიხვსაც გადააწყდეთ.
მრავალფეროვანი ბუნება და ისტორია შესაბამის მოკვლევასაც საჭიროებს. სწორედ ამიტომ აქ უამრავ სალაშქრო ტურს შეხვდებით. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩელი მესტია-უშგულის ტურია, რომელიც 4 დღე გრძელდება. ამ დროის მანძილზე კი სხვადასხვა სვანურ სოფელს ეწვევით და მოინახულებთ თეთნულდს.
როგორ მივიდეთ მესტიაში?
მესტია თბილისიდან 7 საათის სავალზე მდებარეობს. კურორტზე გამგზავრება შეგიძლიათ როგორც პირადი ავტომობილით, ასევე მიკროავტობუსითა და თვითმფრინავითაც კი. სამარშრუტო ტაქსები ძირითადად ზუგდიდიან გადიან, მაგრამ შეგიძლიად ტაქსთაც ისარგებლოთ.
სად დავრჩეთ მესტიაში?
იმის მიუხედავად რომ მესტიაში უამრავი ღირსშესანიშნავი ადგილია, აქაურობა გამოირჩევა დაბალი ფასებით, თუმცა, არის უმაღლესი დონის სასტუმროები და კოტეჯებიც. საშუალო ფასი 60 ლარიდან მერყეობს და დამსვენებლის კომფორტის სურვილის მიხედვით იცვლება.
შოვი
კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი შოვი მდებარეობს ზემო რაჭაში. ფართობის მნიშვნელოვანი ნაწილი წიწვოვან ხეებს უკავია. გამწვანებული გარემო და სიმაღლით გაფილტრული ჰავა აქაურობას სამკურნალო უნარებს სძენს და დამსვენებლებისთვის აქ ჩამოსვლა ძირითადად სწორედ ამ მიზეზითაა განპირობებული.
რითი გავერთოთ შოვში?
შეიძლება ითქვას, რომ შოვი მყუდრო დასასვენებელი კურორტია. აქ ვერ შეხვდებით ბევრს გასართობ საშუალებას, თუმცა შეგიძლიათ თვალწარმტაცი ბუნებით ისიამოვნოთ. ინფრასტრუქტურა შეძლებისდაგვარად მოწესრიგებულია.
მიუხედავად მცირე გასართობი პორტფოლიოსი, შესაძლებელია სალაშქრო მარშრუტის შედგენა და აქაურობის შესწავლა. შოვი-მყინვარი ბუბა მიმართულება ერთ-ერთი საუკეთესო სალაშქრო მიმართულებაა. სულაც არ არის ძლიერი ფიზიკური მომზადება და სპეციალური ეკიპირება ამ მარშრუტის დასალაშქრად საჭირო. თამამად შეგიძლიათ დატკბეთ არაჩვეულებრივი ხედებითა და სამკურნალო წყლებით.
როგორ მივიდეთ შოვში?
თბილისიდან შოვამდე 4.5 საათია საჭირო. მიმავალი გზა მუდამ გასუფთავებულია, ამიტომ გადაადგილებისას არანაირ პრობლემას არ შეხვდებით.
სად დავრჩეთ შოვში?
შოვი საშუალო ბიჯეტურ კურორტთა სიას განეკუთვნება. აქ შეგიძლიათ იქირაოთ სახლი ან მოთავსდეთ სასტუმროში. ფასები სასუალოდ 70 ლარიდან იწყება.
ბახმარო
ბახმარო მდებარეობს გურიაში, ზღვის დონიდან დაახლოებით 2000 მეტრზე. აქ ცხოვრება სხვა კურორტებთან შედარებით რთულია, რადგან არ არის წყალგაყვანილობა და ელექტროენერგიაც შიგადაშიგ ითიშება. მიუხედავად ყველაფრისა ბახმაროს ჰაერს ჯადოსნური თვისებები აქვს. მას უამრავი დაავადების განკურნება შეუძლია.
რითი გავერთოთ ბახმაროში?
კურორტის პოპულარობას მაგირური ჰავა განაპირობებს, ამიტომ დიდი გასართობი მრავალფეროვნებით ბახმარო არ გამოირჩევა. აქ არის მთა გადრეკილი, საიდანაც მზის ამოსვლა უალამაზესად მოჩანს. დამსვენებლები კარვებით მიდიან ამ სანახობისთვის. ასევე, შეხვდებით გასართობ პარკებს ბავშვებისთვის.
სალაშქროდ ეს ადგილი ნამდვილად საინტერესოა. 2 დღიანი ტური სავსებით საკმარისია გურული თავგადასავლებისთვის. აქ მოინახულებთ ულამაზეს ბუნებას და მოისმენთ ადგილობრივ ისტორიებს. რაც მთავარია, ტური მარტვი სირთულისაა
როგორ მივიდეთ ბახმაროში?
ბახმაროში მოხვედრა არც ისე ადვილია, განსაკუთრებით უამინდობისას. მისასვლელად შეგიძლიათ საკუთარი ავტომობილი გამოიყენოთ ან სამარშრუტო ტაქსი.
სად დავრჩეთ ბახმაროში?
კურორტზე ძირითადად ხის კოტეჯებს შეხვდებით განსხვავებული ფასებით, თუმცა შეგიძლიათ სასტუმროთიც ისარგებლოთ. ფასები დაახლოებით 60 ლარიდან იწყება.
ჰაწვალი
სათხილამურო კურორტი ჰაწვალი გამოირჩევა სასრიალო ტრასების მრავალფეროვნებით. აქაური ჰავაც სასარგებლო და სასიამოვნოა. დამსვენებლებისთვის ეს ადგილი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია.
რითი გავერთოთ ჰაწვალში?
კურორტზე არის 5 სასრიალო ტრასა, რომელიც განკუთვნილია როგორც დამწყებთათვის, ასევე პროფესიონალი მოსრიალეთათვის. ტრასებზე შეხვდებით ხელოვნურ ტრამპლინებს და სხვადასხვა სათავგადასავლო სიახლეებს. აქვე დამონტაჟებულია განათებები, რაც ღამე სრიალის საშუალებას იძლევა.
როგორ მივიდეთ ჰაწვალში?
ჰაწვალი მესტიიდან8 კილომეტრში მდებარეობს და იქ მისვლას საბაგიროთი შეძლებთ. ასევე შეგიძლიათ მიხვიდეთ მანქანით ან ტაქსით, რომელსაც მესტიის ცენტრში დაიქირავებთ.
სად დავრჩეთ ჰაწვალში?
ჰაწვალი არ გამოირჩევა ბევრი დასარჩენი ადგილით, თუმცა ფუნქციონირებს სასტუმრო ჰაწვალი, რომელიც ყველა საჭირო ინვენტარითაა აღჭურვილი და იშლება ულამაზესი ხედები.
თეთნულდი
თეთნულდი მესტიასთან ახლომდებარე კურორტია, რომელიც 2014 წელს ჩამოყალიბდა. აქ არის ყველაზე დიდი სასრიალო ტრასა, რომელზე დასაშვებადაც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ჩამოდიან დამსვენებლები. აქ მუდმივად ახალი და დიდი თოვლია, გაუკვალავ ადგილებში სრიალის მოყვარულთათვის.
რითი გავერთოთ თეთნულდზე?
თეთნულდი დამსვენებლებს სთავაზობს სხვადასხვა აქტივობებს: თხილამურებით სრიალი, სნოუბორდი, თავისუფალი სრიალი (Freeride), სკიტური, ჰელისკი, პარაპლანით ფრენა, საცხენოსნო ტურები და სხვა.
აღსანიშნავია, რომ კურორტზე შეგიძლიათ ისრიალოთ ტყეებსა და კალთებზე. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ზვავსაშიშ მიდამოში სრიალისას ეკიპირებულები უნდა იყოთ სპეციალური სამოსით.
კურორტზე შეგიძლიათ თავი 3 დღიანი ლაშქრობით შეიქციოთ. მარშრუტი იწყება თეთნულდის სათხილამურო კურორტის გზიდან და მთავრდება უშგულში. გზად გაივლის სოფელ ადიშს, ადიშის ხეობას, ხალდეჭალას ხეობას, მყინვარ ხალდეს, ჩხუნდერის უღელტეხილს და მდინარე ენგურთან ერთად ეშვება უშგულში.
როგორ მივიდეთ თეთნულდზე?
კურორტზე მოსახვედრად პირველ რიგში საჭიროა მესტიაში ჩასვლა, რომელიც თბილისიდან საკმაოდ შორს, 475 კილომეტრშია. მესტიაში ჩასვლა შესაძლებელია, როგორც საკუთარი ავტომობილით, ასევე სამარშრუტო ტაქსით, ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ ავიარეისებით. მესტიიდან კურორტ თეთნულდამდე, ზამთრის სეზონზე საჭიროა მაღალი გამავლობის ავტომობილი ან შეგიძლიათ მარტივად დაიქირაოთ ტაქსი მესტიის ცენტრში. თბილისიდან მესტიამდე 8 საათი დაგჭირდებათ, ხოლო მესტიიდან კურორტ თეთნულდამდე დაახლოებით 1 საათია საჭირო.
სად დავრჩეთ თეთნულდზე?
კურორტზე მხოლოდ ერთი სასტუმროა. თუ გაგიმართლათ და დაჯავშნეთ, საუცხოო სიამოვნება და კომფორტი გელოდებათ თეთნულდზე, თუ არა და არც ეგაა პრობლემა, მესტია ძალიან ახლოსაა და სავსეა კოტეჯებით.
გოდერძი
გოდერძი ერთ-ერთი ყველაზე უხვ ნალექიანი სამთო კურორტია საქართველოში. ეს განპირობებულია ადგილის ზღვასთან სიახლოვის გამო. ზამთრის სეზონი კურორტ გოდერძიზე დეკემბრიდან აპრილამდე გრძელდება. თუმცა სრიალისთვის საუკეთესო დრო იანვარი - თებერვალია, რადგან ამ დროს ყველაზე მაღალი ხარისხის თოვლია.
რითი გავერთოთ გოდერძიზე?
გოდერძი განკუთვნილია ძირითადად სრიალისთვის. აქ სხვადასხვა ტიპის ტრასებს შეხვდებით ყველა კატეგორიის ადამიანისთვის. თუმცა, შესაძლებელია ულამაზესი ხედებით ტკბობა და ამ ყველაფრის აღბეჭდვა.
კურორტზე ამ ეტაპზე წარმოდგენილია ორი მცირე ზომის საბაგირო - (ბორანო და მოძრავი ხალიჩა). ასევე 6 ადგილიანი ბაბლის ტიპის და 8 ადგილიანი გონდოლას ტიპის საბაგიროები.
აქ შეგიძლიათ მოინახულოთ გოდერძის ალპური ბაღი, სადაც თავს იყრის ალპური ეკოსისტემის უიშვიათესი და ულამაზესი ეგზემპლარები. ბაღში ასევე შეხვდებით ქვის ბაღს, რომელიც უიშვიათეს რამეს წარმოადგენს სამყაროში.
როგორ მივიდეთ გოდერძიზე?
კურორტ გოდერძიზე მოსახვედრად საკუთარი მანქანით ან ტაქსით შეგიძლიათ წახვიდეთ. ზამთარში აუცილებელია მაღალი გამავლობის ავტომობილი უსაფრთხო მოძრაობისთვის. თბილისდან გოდერძიმდე 245 კილომეტრია მისასვლელად დაახლოებით 10 საათია საჭირო, რადგან ბატუმიდან გოდერძიმდე გზის ბოლო მონაკვეთი ცუდ მდგომარეობაშია.
სად დავრჩეთ გოდერძიზე?
გოდერძიზე ფუნქციონირებს 35 კაციანი სასტუმრო და ჯამში 70 კაცზე გათვლილი კოტეჯები. თუ აქ ადგილები აღარ იყო, კურორტიდან 3 კილომეტრში, სოფელ დანისპარაულში საოჯახო ტიპის სასტუმროებია, სადაც მარტივად შეძლებთ განთავსებას.
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დაწერეთ კომენტარი